„ღმერთის დღეებში ყველისა და ერბოს ჭამა არ შეიძლება, ბებო?" - მარხვის განმარტება გოდერძი ჩოხელის მოთხრობაში

art

გოდერძი ჩოხელის "ხუჭუჭულა" ბევრისთვის საყვარელი მოთხრობაა. ახლა, მარხვაში, მოთხრობის ამ მონაკვეთს, სოციალური ქსელით, ბევრგან შეხვდებით გაზიარებულს. 

„- ბებო, ყველი მინდა, ყველი! - ითხოვდა ხუჭუჭულა.

- მარხვაა, ბებო, მარხვა, - გული უდნებოდა მკერდში ბებიას.

- მარხვა რა არის?

- ღმერთის დღეებია, ბებო გენაცვალოს.

- ღმერთის დღეებში ყველისა და ერბოს ჭამა არ შეიძლება, ბებო?

- არა, არ შეიძლება.

- არც კვერცხის? ახლა კვერცხი მოუნდა ხუჭუჭულას.

- არც კვერცხის, ბებო.

- და არც რძის დალევა არ შეიძლება, ბებო?

- არც რძისა.

- ჩიჩია, ბებო?_ არც ჩიჩია, ბებო გენაცვალოს! _ უფრო და უფრო უდნება პატარა ბიჭის საცოდაობით მოხუცს მკერდში ცხოვრებისაგან ისედაც დალეული გული.

- როცა ჭამა შეიძლება, მაშინ ღმერთის დღეები არ არის, ბებო?

- მაშინაც ღმერთის დღეებია, ოღონდ სამხიარულო დღეები._

- ყველა დღე ღმერთის დღეა?

- ხო, ბებო, ყველა დღე ღმერთის დღეა, დაილოცოს იმის სამართალი._ ჩვენც ღმერთმა გაგვაჩინა.

- მაშ!_ ხან ჭამეთ და ხან არ ჭამოთო? _ ისე კითხულობს ხუჭუჭულა, ეტყობა შია. ბებიამ სკივრში გადანახული კაკალი ამოუღო და უბე გაუვსო. სიხარულით ცას ეწია ხუჭუჭულა.

- კაკალი სულმუდამ ჭამეთო ბებო? _ სიხარულჩამდგარი თვალები შეანათა ბებიას.

- ჰო, გენაცვალოს ბებო, ჩემო ხუთკუნჭულა ბიჭო! _ ხმაშიც და გულშიც სითბო ჩაუდგა ბებოს. კაკლით, ჩირით, თხილით და სხვადასხვა სასუსნავით გაასრულა ხუჭუჭულამ თავისი პირველი მარხულობა.“

გოდერძი ჩოხელი - „ხუჭუჭულა“