გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში სალოტბარო სკოლების დაარსებიდან ათი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა. ეს იყო საანგარიშო კონცერტი, რომელშიც 32 სალოტბარო სკოლის 500 შემსრულებელი მონაწილეობდა. ლეგენდარული ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის წამოწყებულ საქმეს დღეს გიორგი დონაძე აგრძელებს, ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი. ჩვენმა საამაყო ფოლკლორისტმა, ეთერ თათარაიძემ, ამ ეროვნული პროექტის გალა კონცერტზე კი, ეს ემოციური სიტყვა წარმოთქვა.
ეთერ თათარაიძე: ეს დღეები ყველა ტკივილი დამავიწყდა, სულ ამათზე ვფიქრობ, სულ ამათით ვცხოვრობ.
არ იღლებიან... განა ბალღობით არ იღლებიან ?! დაიქანცებიან, საათობით რეპეტიციაზე არიან, სწავლობენ და შესვენების დროს, ქუჩაში რომ გამოდიან ფოლკლორის ცენტრიდან, სიმღერით მიდიან-ხოლმე.
ღმერთო, სამღერალი არ დაულიო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მიწას!
მე მაგონდება წლების წინ თეთრიწყაროში, სოფელ სამღერეთში გადაღებული საფლავის ქვები - სამი მომღერალი დის. მე და ამირან არაბულმა ჩავატარეთ კვლევები, რატომ ჰქვია სამღერეთი სოფელს და ეს დები ფანდურებით საფლავზე რატომ არიან გამოსახული... ადგილობრივები გვიყვებოდნენ, როცა მტერი შემოგვესიაო (არ ახსოვდათ, ვინ ) დებმა მწყემსისგან გაიგეს, რომ მტერი შემოდის. აიღეს ფანდურები და სოფლიდან მოშორებით, საიდანაც მტერი მოდიოდა, დასხდნენ და დაიწყეს სიმღერა.
ისე მღეროდა სამივეო, ეს ლაშქარი დაატყვევა სიმღერამ და დაავიწყდათ რისთვის მოდიოდნენო. ამასობაში მწყემსი მიასწრებს სოფელში და სოფელს გახიზნავს.
სიმღერა არ უშვებდა აქეთ მტერსო.
მართლაც, როცა შევიდნენ სოფელში, ადამიანი აღარ დაუხვდებათ. მიხვდებიან ამ დებმა რაც გააკეთეს და სამივეს მოკლავენ.
ღმერთმა დაგვიფაროს!
მე ვიცი, რომ ჩვენი სიმღერა მტერსაც ამუნჯებს, აშინებს და მოვიდა თაობა, მოვიდა ისევ იმედიანი თაობა, გული მომეცა, დიდი იმედი გამიჩნდა. აქ არც ერთი თუში ბავშვი არ იქნება, მაგრამ ისე მღერის ის წალენჯიხელი ბიჭი თუშურ სიმღერას, რომ ასე გულიანად, ზოგი თუში ვერ იმღერებს და ბევრიც ვერ იმღერებს. ასე ასრულებენ ყველანი, სხვადასხვა კუთხის ბავშვები ამ თუშურს.
ჩვენ გვაქვს - "ქორბეღელას" ეძახიან თუშები, საფერხულო: ორსართულიანი ფერხული და შუაში უდგას მეცხოვნე - ასე ეძახიან, სიმღერით მიჰყვება, რომ არ დაიშალოს ხატის კარავი.
წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი ფერხულია და მე სულ ვოცნებობდი, რაც ცოცხალი ვარ... დღეს აღარც თუშეთშია ეს მეფანდურე და მეციხოვნე, დღეს უკვე დაიკარგა, მხოლოდ ჩანაწერებშია ეს ყველაფერი შენახული და აი, დღეს გაცოცხლდა ეს "ქორბეღელა"!
ყველას მინდა ვუთხრა დიდი მადლობა ბავშვებს, გიორგის (დონაძეს) დიდი მადლობა...
ამ მეგარმონე ბიჭს დიდი მადლობა, ისეთ თუშურს ასრულებს...
ყველა ლოტბარს, ლიკას, როგორი დიდი სიყვარულით, რამხელა კოშკი ააგეს. ეს არ იყო ადვილი, ასეთ დონეზე მოტანა ამ ამბის, თუ არ დაუჭერდა კულტურის სამინისტრო ამ ყველაფერს მხარს.
ადამიანებს უნდა შეეძლოთ დანახვა, რა არის საეროვნულო!
აი, ეს არის საეროვნულო დიდი საქმე! 500 ბავშვი რომ იმღერებს. ხუთასი თავის შვილს რომ ეტყვის, აი ასე ვიმღერეთ და ვიცეკვეთ!
გარეკანის ფოტო: ზაქარია ჭელიძე
ასევე დაგაინტერესებთ:
"ვერ ხედავს, არ ესმის; ზურას ეს მდგომარეობა - შეუცნობადია..." - მანანა ბერიკაშვილი ძმაზე