"იცოდა თქმა, გოგოებო, აბა, წავიდეთო და არაერთხელ მოუწყვია ჩვენთვის დღესასწაული..." - ტრისტან სარალიძე მეგობრებმა ბორჯომში გააცილეს

tristo

ტრისტან სარალიძე თავისი მეორე სახლიდან, რუსთაველის თეატრიდან უკვე მშობლიურ კუთხეში, ბორჯომში (ახალდაბაში) გადაასვენეს. არტისტი მეგობრებმა და კოლეგებმა გააცილეს. 69 წლის მსახიობს, მშობლიურ მიწას ხვალ მიაბარებენ. დანაბარები შეუსრულეს, 30 მაისს დედის გვერდით დაკრძალავენ...

მეგობარს "პრაიმტაიმთან" მარინა კახიანი იხსენებს.

მარინა კახიანი: რამდენიმე ათეული წელია ერთად მოვდივართ. ინსტიტუტში გავიცანი, შემდეგ უკვე თეატრში გავხდით პარტნიორები, ახლო მეგობრები... ფილმებშიც მოგვიხდა ერთად თამაში. ჩემი მეუღლე მეგობრობდა მასთან, ოჯახებით ახლოს ვიყავით. გვქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობა.

პატარა აღარ ვარ, ბევრი ტკივილი განმიცდია, მეგობრები მიდიან და მიდიან და თითქოს, ადამიანები ვეჩვევით საყვარელი პიროვნებების წასვლით გამოწვეულ ტკივილს; მაგრამ არა! ვერ მივეჩვიეთ და ვერც მივეჩვევით.

ჯერ ძალიან ძლიერია ამ ტკივილის განცდა და მიჭირს წარსულში საუბარი. მართლა განსაკუთრებული მეგობრობა გვქონდა როგორც მეგობრებს და კოლეგებს.

ტრისტანი განსაკუთრებული ნიჭის მსახიობი იყო, ინდივიდუალური ნიჭი ჰქონდა, აფრქვევდა იუმორს. იყო მზრუნველი და ამ საოცარ თვისებას მხოლოდ ოჯახის წევრების მიმართ კი არა, მეგობრებისა და კოლეგების მიმართ ავლენდა. არაერთხელ მოუწყვია ჩვენთვის დღესასწაული. იცოდა თქმა, გოგოებო, აბა, წავიდეთო და გვეპატიჟებოდა ხან სახლში, ხან სადმე სხვა ადგილას და უყვარდა პატივს რომ გვცემდა. ვმხიარულობდით და მასთან ერთად დროის გატარება იყო სიამოვნება. უყვარდა "მის გოგოებს" დღესასწაულს რომ უწყობდა. ეს თვისება ბოლომდე გაჰყვა. დღესდღეობით ძალიან დიდი იშვიათობაა მსგავსი რამ. 

ამ ბოლო დროს, როდესაც ბატონი რობიკო "პრომეთეს" დგამდა, ტრისტანს მისცა ოკეანის როლი და მე ვეხუმრებოდი: ოკეანე შენ რატომ უნდა ითამაშო, ტრისტან, მე ვგავარ ზღავს და ოკეანეს-მეთქი. ძალიან იხალისა...

მერე უცებ მოხდა ეს ყველაფერი. თურქეთიდან რომ ჩამოვიდა, დამირეკა, კარგად ვარო. საბრძოლველად შემართული იყო. თეატრშიც იყო მოსული. განწყობილი იყო, რომ უნდა დაეძლია ეს დაავადება. იმედი ჰქონდა, რომ მალე გამოჯანმრთელდებოდა და მალე დაუბრუნდებოდა სცენას. მაგრამ... ამ ვერაგმა დაავადებამ უცებ დაამარცხა. და ძალიან გული დაგვწყვიტა ყველას. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"დედასთან დამასაფლავეთო, დაუბარებია... ამაშიც მაგარი ბიჭობა გამოავლინა" - როდის და სად იკრძალება ტრისტან სარალიძე

"ვერ ხედავს, არ ესმის; ზურას ეს მდგომარეობა - შეუცნობადია..." - მანანა ბერიკაშვილი ძმაზე