დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსუდან მაცაცო სებისკვერაძე 77 წლის გახდა. ჩვენი საყვარელი ჰიტების ავტორი თავს მხნედ გრძნობს, "პრაიმტაიმთან" თავის განწყობაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ბევრი ახალი სიმღერა მზად აქვს და მომღერლებს უნდა გადაულოცოს.
მაცაცო სებისკვერაძე: ასაკი არასდროს დამიმალავს, თავშიც არ გამივლია აზრად. რატომ დავმალო? ღმერთი რაც მეტ წელს შემმატებს, მით უკეთესი ჩემთვის.
პანდემიის სამი წელი სახლში ვიჯექი და იმდენი სიმღერა დავწერე, ახლა სულ უნდა დავურიგო მომღერლებს. ერთი სული მაქვს, ამ საქმეს უნდა მივხედო, სიმღერებს მოვუარო. ღმერთმა ქნას, მშვიდობა იყოს და ჯანმრთელები ვიყოთ. მერე ყველაფერი იქნება.
რა საკვირველია, ვიცი, ვის ვამღერებ ახალ სიმღერებს. დაწერის დროს, მე კონკრეტულ შემსრულებელზე ვფიქრობ, მისი ხმა ჩამესმის, ვიცი, ვის რომელი სიმღერა მოუხდება.
პირველს ყოველთვის ჩემს დათუნას ვაჩვენებ სიმღერებს. ის ჩემთვის ავტორიტეტია. ვასმენინებ, ის აფასებს. ჩვენი გემოვნება ემთხვევა. ორივე ერთმანეთს ვუჯერებთ. ამგვარად შეხმატკბილებული დედაშვილობა გვაქვს.
მინდა მშვიდობა იყოს და ყველას ჰქონდეს სიმღერის ხასიათი.
77 წელი? დაფიქრებული ასაკია, თუმცა იმპულსური და ფუქსავატური არც არასდროს ვყოფილვარ. ყველას ვუფრთხილდები.
ცხოვრებაში მთავარია გატანა, ურთიერთპატივისცემა, გულწრფელობა. უსიყვარულოდ ცხოვრება არ შეიძლება. ეს უმთავრესია; მე ტყუილის თქმა არ შემიძლია. ვერ ვიტან. მინდა ყველას ყველაფერი კარგი ვუსურვო, დადებითი გადავცე.
საფიქრალი ბევრია. ვცდილობ, ყველასთან გახსნილი ვიყო. ყველასთვის სიკეთე მემეტება. თუკი ვინმე ჩემს გარშემოა, ჩემიანია, ყველაფერს ვაკეთებ, რომ მეც გამოვადგე და მისთვის რამე გავაკეთო.
მაცაცოს სიმღერების უბადლო შემსრულებელი დაუვიწყარი გოგი დოლიძე იყო. აი, როგორ იხსენებდა ჩვენთვის მოცემულ ძველ ინტერვიუში კომპოზიტორი საყვარელ მომღერალს.
რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძე: – ერთხელ რომ მოვასმენინებდი, მაშინვე ხვდებოდა, რა მინდოდა, ზუსტად გრძნობდა, როგორ უნდა შეესრულებინა. ძალიან მგრძნობიარე იყო, თითოეულ სიტყვას გრძნობდა. ამას ვერ ისწავლი, თუ ეს ნიჭი შინაგანად არ გაქვს. ნასწავლი მომღერლობა და კომპოზიტორობა არ არსებობს.
სიმღერაში რაინდი იყო. დუეტის შესრულებისას წინ ქალბატონს აყენებდა. და თითქოს ჩუმად ეპარებოდა მეორე ხმით.
ახალს რომ დავწერდი და დავუძახებდი, მოვარდებოდა მაშინვე. მახსოვს, ვაჟა-ფშაველას ლექსზე დავწერე სიმღერა – „მთელი ხმელეთის სწორი ხარ“. იმ წუთში ჩემთან გაჩნდა. ვამღერე და წავიდა. მეორე დღეს შეთანხმების გარეშე მოვიდა - ვაჟას ლექსია მაინც და კიდე მამეცადინე, მამღერეო. საღამოს ისევ კარზე ზარი გაისმებოდა. იცი, რა სულ თავში მიტრიალებდა ეს სიმღერა და მაინტერესებს, ახლა როგორ ვიმღერებო. რატომ ღელავ ასე-მეთქი, ვეკითხებოდი. ვაჟას ლექსია და როგორ არ ვიღელვოო.
ვაიმე, რანაირად საყვარელი ბიჭი იყო… კაცს რეპეტიციის გარეშე შეეძლო სცენაზე ნებისმიერი სიმღერა ემღერა, მაგრამ ასეთი უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა.
ძმაკაცები ვიყავით. შემოვარდებოდა სამზარეულოში, რა გაქვსო? ოჰოჰოჰო, რა კარგია, რა გემრიელიაო. იქაც უნდოდა ესიამოვნებინა და სიყვარულს გამოხატავდა, ჩემს ნახელავს გემრიელად მიირთმევდა.
გოგის ფენომენზე საუბრისას უნდა აღვნიშნო, რომ მისი მშობლები მღეროდნენ არაჩვეულებრივად. დედამისის ნამღერი მომასმენინა, რის შემდეგაც აფხაზეთის ომზე სიმღერა დავწერე. დაც მღეროდა. მე ჩემმა დამ მასწავლა სიმღერაო, გოგი ამბობდა. მთელი ოჯახი ისე მღეროდა, ყველას მოსაწონად.
ახლა ნელ-ნელა მივეჩვიე, რომ გოგის ნამღერი სიმღერა სხვას ვამღერო. აქამდე ვერავისთვის ვიმეტებდი.
გოგი სიმღერისთვის იყო დაბადებული. იმას, რასაც ახლა გეტყვით, ხშირად არ ვამბობ. დღემდე, როცა სიმღერას ვწერ, გოგი როგორ იმღერებდა, იმას წარმოვიდგენ და მის ყაიდაზე ვწერ. რამდენი წელი გავიდა და ისევ მისი ხმის შთაგონებით ვწერ…
ასევე დაგაინტერესებთ: "მამას მორიკონეს მუსიკა გავატანე ..." - ლეგენდარული "ფესვების" მუსიკის შემქმნელს, 80 წელი ემიგრაციაში შეუსრულდა