"რა ლამაზია აქ ლიანა..." - ტრაგედია, რის შემდეგაც ლეგენდარულმა ლიანა ისაკაძემ ყველაფერზე უარი თქვა

isakadze

ლიანა ისაკაძე იუბილარია; მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე 77 წლის გახდა. თავბრუდამხვევი და დიდი კარიერა საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაასრულა; 2017 წლის 26 აგვისტოს, ფესტივალ "ღამის სერენადების" ფარგლებში, ბათუმში მიმდინარე კონცერტის დროს, მისი მეუღლე, ცნობილი პოეტი, ესეისტი და კრიტიკოსი თამაზ ჩაჩავა შეუძლოდ გახდა. გულის შეტევის დიაგნოზით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს; სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფესტივალის მონაწილეების გადაწყვეტილებით, იმ წლის "ღამის სერენადები" თამაზ ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნა.

წყვილის 45 წლიანი თანაცხოვრება იყო მრავალმხრივი და საინტერესო. ერთმანეთს ბოლომდე თვალებში შესციცინებდნენ... 

ლიანა ისაკაძემ ფესტივალი "ღამის სერენადები“ 1982 წელს დააარსა და ის აფხაზეთში, ბიჭვინთაში იმართებოდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მისი აღდგენა 2009 წელს გახდა შესაძლებელი. იმ დროიდან ფესტივალი "ღამის სერენადები" ტრადიციულად ყოველ წელს აჭარაში ტარდება. შარშან კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალმა 40 წლის იუბილე აღნიშნა.

ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა მუსიკის ენციკლოპედიაში შეყვანილია, როგორც საუკუნის საუკეთესო მევიოლინე. 16 წლისა ჩაირიცხა მოსკოვის კონსერვატორიაში; კემბრიჯის საერთაშორისო ბიბლიოგრაფიული ცენტრის ენციკლოპედია მას XX საუკუნის 2000 საუკეთესო მუსიკოსს შორის ასახელებს. მოგეხსენებათ, ის წლების მანძილზე გერმანიაში, ინგოლშტადტში მოღვაწეობდა. მან იქ თავისი ორკესტრი ჩაიყვანა და როგორც დირიჟორი, დიდ მოღვაწეობას ეწეოდა. ის მსოფლიოს ყველა დიდ, ცნობილ დარბაზში დირიჟორობდა და უკრავდა. გერმანიის ერთ-ერთმა წამყვანმა გაზეთმა Suddeutsche Zeitung-მა "საუკუნის დიდებული მევიოლინე" უწოდა.

ამჟამად "ღამის სერენადებს" მისი ძმისშვილი გიორგი ისაკაძე ხემძღვანელობს;

 "იმ ფესტივალის შემდეგ, როდესაც მისი მეუღლე გარდაიცვალა, მან გამოგვიცხადა, რომ ასრულებს თავის  დიდ, მსოფლიო მნიშვნელობის საშემსრულებლო კარიერას და ასეც მოხდა" - ამბობს გიორგი.

მევიოლინე სახლშია და ყოველგვარ სოციალურ აქტივობაზე უარს ამბობს...

დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი კი ფეისბუქზე ამ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"დღეს ჩემი მეგობრის, ფენომენალური ლიანა ისაკაძის დაბადების დღეა. სურათზე ჩემი უსაყვარლესი სამი ადამიანი: მამაჩემი, ჩემი სულიერი ძმა ლექსო თორაძე და ჩემი მუსიკალური თილისმა განუმეორებელი ლიანა ისაკაძე. ლიანას და ჩემი ერთობლივი კონცერტის შემდეგ. რა ლამაზია აქ ლიანა!" - წერს დირიჟორი.

ასევე დაგაინტერესებთ: "მამას მორიკონეს მუსიკა გავატანე ..." - ლეგენდარული "ფესვების" მუსიკის შემქმნელს, 80 წელი ემიგრაციაში შეუსრულდა

"ბოლოს არ ახსოვდა არაფერი, მაგრამ ახსოვდა "სუხიშვილები", ყველა დეტალით..." - ლეგენდარულ ომარ მხეიძის უკანასკნელ დღეებზე შვილიშვილი გვიყვება

"მითხრა, როცა ტელევიზორში გხედავ, მაშინვე სხვა არხზე ვრთავთო..." - რატომ ვერ უყურებს ლადო აფხაზავა მაკა შალიკაშვილს