"მამი, შენ არ იცი, მე რომ ამ სიმღერას ვმღერი, ქალები რა დღეში ვარდებიანო, მეუბნებოდა" - უცნობი ფაქტები გოგი დოლიძეზე

gogi

27 წლის წინ მოულოდნელად გულის შეტევით გარდაცვლილმა მომღერალმა გული ატკინა ყველას... 8 მარტი გოგი დოლიძის გარდაცვალების დღეა.

მინდა ერთი სიმღერის ისტორია გიამბოთ.

"რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს" – გოგი დოლიძის სავიზიტო ბარათია. საოცრად მღერის, მისთვის ჩვეული მოწიწებითა და სიყვარულით. გოგის შემდეგ ამ სიმღერის რამდენიმე ვერსია ჩაიწერა. ბოლოს სტეფანემაც შესძინა ახალი სიცოცხლე. თავის სტილში, განწყობა მოიტანა. ვერსია ძალიან მოსწონს სიმღერის ავტორს, მარინა ლეკიშვილს.

სხვათა შორის, გოგის შესრულებით ისე უყვარდათ ეს სიმღერა, რომ საკმაოდ დიდი ხანი, სიმღერის ავტორით არავინ ინტერესდებოდა. ეს ქალბატონი მარინას "ბრალიც" აღმოჩნდა. ხომ არსებობენ ადამიანები, ჩრდილში რომ ეკომფორტულებათ ყოფნა და საერთოდ არ აქვთ შუაგულ მზეზე გამოსვლის ამბიცია. სწორედ ასეთ ადამიანთა რიცხვშია ისიც.

"გამოჩენა არ მინდოდა. მერე რა? მე ეს სიმღერა უბრალოდ დავწერე, ჩემთვის და არა მომღერლისთვის. სულ არ მიფიქრია, რომ რომელიმე სიმღერას სცენაზე შეასრულებდნენ. შემდეგ ჯემალ სეფიაშვილმა რომ გაიგო, რომ ჩემი სიმღერა იყო, უკვე მისი მითითებით, ყველგან იწერებოდა, რომ ავტორი მე ვიყავი", - ამბობს "პრაიმტაიმთან" ქალბატონი მარინა. 

პროფესიით ეკონომ-გეოგრაფს არასდროს გასჩენია ამბიცია, რომ თავი კომპოზიტორად გამოეცხადებინა და საკუთარი ჰიტებით ეამაყა. უხაროდა თავისთვის, როდესაც მის სიმღერებს ცნობილი მომღერლები ასრულებდნენ…

მარინა ლეკიშვილის სულ შვიდი სიმღერა ამღერდა, რომელთა სათავეში უპირობოდ არის "რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს"…

"პრაიმტაიმის" მკითხველს ამ ჰიტსა და გოგი დოლიძეზე მარინა ლეკიშვილი უყვება.

მარინა ლეკიშვილი: – ეს სიმღერა 24 წლისამ დავწერე. აბსოლუტურად არანაირი ინსპირაცია არ მქონია, არც რაიმე ფაქტი უძღოდა წინ. შეყვარებულიც არ ვყოფილვარ. ეს იყო ჩემი ხასიათის და განწყობის სიმღერა. ალბათ, რომანტიკული ადამიანი ვარ.

მასთან ერთად მეორე სიმღერაც დავწერე, რომელიც აღარც კი მახსოვს. საერთოდ, ორი სიმღერა მაქვს მხიარული, დანარჩენი ყველა სევდიანია. თუმცა კარგ ხასიათზე რომ ვიყავი, მაშინ მაქვს დაწერილი.

რატომღაც ეგონათ, რომ “რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს” გარდაცვლილ მეუღლეს მივუძღვენი. მაგრამ ასე არ ყოფილა. მე მას მივუძღვენი სიმღერა "წლები გადის".

ჩემი მეგობარი ზურა ერისთავი, რომელიც ძალიან კარგად მღეროდა, იმ ზაფხულს, როდესაც სიმღერა დავწერე, ჩამაცივდა, რომ მესწავლებინა.

გულწრფელად რომ გითხრათ, ამ სიმღერაზე აქცენტი აღარც გამიკეთებია და არ მიმღერია. რომ არა ზურა, ეს სიმღერა ასეთი პოპულარული არც იქნებოდა.

გოგიმდე ხუთი წლით ადრე, ეს სიმღერა, გადაცემა “ახალგაზრდულ ხმებში” ნანი გელოვანმა და ნუნუკა ფილიამ შეასრულეს.

შემდეგ 1987 წელს, თამრიკო ჭოხონელიძის დამსახურებით, გადაცემა “დუეტში”, გოგიმ ეს სიმღერა შეასრულა, თუმცა იმ დროს არცერთმა არ იცოდა, რომ ეს ჩემი სიმღერა იყო, მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ვმეგობრობდით.

გოგი უცხო ენების ინსტიტუტში სწავლობდა, მე უნივერსიტეტში ვმღეროდი. ერთად გვიმღერია კონცერტებზე. გოგის უნივერსიტეტში ვამღერებდით. შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. იმ წლებიდან ვიცნობდი, სანამ საქვეყნოდ ცნობილი "გოგი დოლიძე" გახდებოდა.

ჩემი გაცინება იოლია, გოგი კონცერტებზე მაცინებდა. ღია სივრცეებში ჩატარებულ კონცერტებზე, ხან რას და ხან რას მოიგონებდა, რომ სიმღერის დროს გავეცინებინე. მეც შუა სიმღერაში, უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებოდი..

მოკლედ, შემდეგ გაიგო გოგიმ რომ ეს ჩემი სიმღერა იყო და ხშირად ასრულებდა. თუმცა არსად არ ჟღერდა ჩემი სახელი და გვარი. არც იყო საჭირო. მე კომპოზიტორი არ გახლავართ. არც პრეტენზია მქონია და არც მიზანი, რომ ჩემი აფიშირება მომხდარიყო. ეკრანზე არ მიყვარს გამოჩენა. ერთადერთი, რადიოში მივდიოდი.

გოგი იმაზე მეტ ემოციას გადმოსცემდა, ვიდრე მე მქონდა სიმღერაში ჩადებული. ორი ვარიანტი ჰქონდა, ერთში ცრემლებით მღეროდა. სულ მეუბნებოდა, მამი, შენ არ იცი, მე რომ ამ სიმღერას ვმღერი, ქალები რა დღეში ვარდებიანო.

გოგის ძალიან უნდოდა ჩემი მეორე სიმღერის ჩაწერა – “აღარ მითხრა, მიყვარხარო”. ბათუმში მიდიოდა და ახლობელს უთხრა, მარინას ეს სიმღერა უნდა ჩავწეროო. მთხოვდა, არსად იმღერო, სანამ მე არ ჩავწერ, ეგ სიმღერა, თავისი ტექსტით და სათქმელით, ჩემი ცხოვრებააო. ისე უნდა "გავარტყა", როგორც შენი იმ პირველი სიმღერითო… მაგრამ მალევე გარდაიცვალა კიდეც. ეს სიმღერა შემდეგ ლაშა ღლონტმა არაჩვეულებრივად შეასრულა.

არც ერთი სიმღერა მომღერლისთვის არ დამიწერია. ეგ კი არა, სიმღერა “აღარ მითხრა, მიყვარხარო” რომ დავწერე, ვერ ვეუბნებოდი გოგის, მოდი, მოგასმენინო-მეთქი.

ბოლო წელიწადი, მე და გოგი, თითქმის ყოველდღე ერთად ვიყავით, მეგობრები ვიკრიბებოდით, დილამდე ვმღეროდით. როგორც შემოქმედი და პიროვნება, ისეთ პატივისცემას იმსახურებდა, ვერც გავუბედე, მოისმინე-მეთქი. მერე ისევ თვითონ გაიგო, რომ ახალი სიმღერა მქონდა. არ უნდა მომასმენინოო? – მკითხა და როგორი კანკალით ავდექი და როგორ ვუმღერე, არ მახსოვს.

სიმღერა რომ დავამთავრე, გოგის ხელზე ჰქონდა თავი ჩამოდებული. მაგ სიმღერას მე ვიმღერებ, არავისთან არ იმღეროო, მითხრა. სამწუხაროდ, არ დასცალდა.

მაღალი დონის შემსრულებელი იყო. მასთან ერთად სიმღერას ვერ ვბედავდი, თუ თვითონ არ მეტყოდა. დიდ პატივისცემას იმსახურებდა. დილამდე რომ ემღერა, ჩვეულებრივად არ იმღერებდა. გულს ბოლომდე ამოიღებდა და ბოლომდე დაიხარჯებოდა. სხვანაირად არ შეეძლო. სიმღერას არ გააუბრალოებდა. ან დუეტში როგორ წარმოაჩენდა მეწყვილეს და თვითონ ჩრდილში რჩებოდა, სასწაული იყო.

გოგი სიმღერისთვის, სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის იყო დაბადებული. და როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა, იმის ენით გადმოცემა არ შემიძლია, თუ რა დამემართა. დეპრესია კარგა ხანს გამყვა. ჩავთვალე, რომ ჩემი შემოქმედება გოგის წასვლასთან ერთად დასრულდა.

ის არ იყო ჩვეულებრივი პიროვნება. და მხოლოდ მე არ ვიყავი ამ დღეში. ყველას ეგონა, რომ გოგი მისი უახლოესი მეგობარი იყო. ყველამ თავისი გოგი დაკარგა.