რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
დღეს ალეკო კვაშალი 62 წლის გახდებოდა. მუსიკოსი გასული წლის 7 აპრილს გერმანიაში ოპერაციის შემდეგ, მოულოდნელად თრომბით გარდაიცვალა.
ალეკოს სამეგობრო საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებითაა დაკომპლექტებული - დათო ევგენიძე, ანრი ბასილაია, გიო ხუციშვილი, ირაკლი ჭანტურია, დათო გომართელი, თემო რცხილაძე... დღეს რამდენიმე მათგანი უკვე "იქით" აგრძელებს მეგობრობას.
ვინც "აქეთ" არის, მეგობრის დაბადების დღეზე შეკრების ტრადიცია არ დაარღვია, ალეკოს ხუმრობები გაიხსენა და როგორც ცოცხალი, ისევ ისე ადღეგრძელა.
"პრაიმტაიმთან" უმცროს ძმას ნუგზარ კვაშალი იხსენებს.
ნუგზარ კვაშალი: მეგობრებით ძალიან ძლიერი იყო. სულ კეთილი შურით მშურდა მისი სამეგობროსი. ძალიან მაგრად მღეროდნენ, მაგრად უყვარდათ ერთმანეთი, სულ ეფერებდნენ და ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ. დღეს ალეკოს გარეშე შეიკრიბნენ და აღნიშნეს ეს დღე. ნახევარი მისი საძმო წავიდა - გიო ხუციშვილი, "თავგასა", ირაკლი ჭანტურია, გია კობახიძე... ბევრნი.
ვინც აქ არის, ღმერთმა კარგად ამყოფოთ, ისე ადღეგრძელეს, როგორც აქამდე ადღეგრძელებდნენ. ერთს არ უთქვამს, ხსოვნა იყოსო. მანამ ჩვენ ვიქნებით, ალეკო ცოცხალი იქნებაო. ნეტა ყველას ასეთი მეგობარი ჰყავდეს. ყველას ასეთი განცდა აქვს, რომ ეს წასული ბიჭები, სამოგზაუროდ არიან დიდი ხნით. ამასობაში ჩვენც შევუერთდებით ამ დიდ მოგზაურობას... ამდენად, ჩემი ძმა კი არ გახდებოდა, გახდა 62 წლის.
შეიკრიბნენ, იმღერეს ის სიმღერები, რაც ჩემს ძმას უყვარდა. ამ უნიკალურმა ხალხმა ალეკოს ხუმრობები გაიხსენა და პირზე ღიმილი არ მოშორებიათ.
მიუხედავად იმისა, რომ მე ათი წლით უფროსი ვიყავი, მე და ჩემ ძმას მეგობრული ურთიერთობა გვქონდა.
პირველი მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ მანდაც დამასწრო. პირველობა უნდოდა და ყოველთვის პირველი იყო. სიმღერაშიც, იუმორშიც, სიყვარულშიც. იქ წასვლაც დამასწრო!
მეც სამოგზაუროდ მგონია სადღაც, სანამ მის ძველ კადრებს არ გადავწყდები, არ მახსოვს, რომ აღარ არის. ეს შეგრძნება პანდემიამაც გაამყარა, იშვიათმა ნახვამ.
***
გერმანიაში რომ გაემგზავრა, არც მე მეგონა, თუ ასე უცებ დასრულდებოდა ეს ყველაფერი. ქიმიის გაკეთება არ უნდოდა. როგორც მისი მეგობრები დაიტანჯნენ, არ სურდა, რომ თვითონაც იგივე გზა გაევლო. გერმანიაში ბიოფსია გაუკეთეს, დავურეკე და როგორ ხარ-მეთქი რომ ვკითხე, ბიოფსიიდან დარუბანდამდეო, მიპასუხა. მის გარდა ამას ასე ვინ იხუმრებდა. ჩემმა ბიჭებმა ფული შემიგროვეს, გერმანიაში გამომიშვესო და ხუმრობდა, იმდენი შემიგროვეს, აქედან სახლში ცოცხალი ჩამოსვლა, ცოტა "გატეხავსო"... გაიკეთა ოპერაცია, ყველაფერი კარგად დასრულდა. დავსხედით, ვიქეიფეთ და მეორე დღეს... ასე მოულოდნელად დადგა აღსასრულის დღე...
მადლობა თქვენ, რომ ჩემი ძმა გახსოვთ!