"პირდაპირ მივედი, ჩავეხუტე და შენზე ვგიჟდები-მეთქი, ვუთხარი... ღმერთმა ყველანაირად დაგვაკავშირა" - რა ტანდემი შეკრეს და დაგეგმეს ნატომ და მაკამ

ნატო გელაშვილი თავისი ლექსების პოეზიის საღამოზე ფიქრობს. მაკა შალიკაშვილი მის ერთ-ერთ ლამაზ ლექსს - "მე ასეთი სიყვარული მიყვარს" კითხულობს. 

როგორც ნატო გვეუბნება, სექტემბერში კამერულ გარემოში ჩაატარებს საღამოს. საკუთარ ლექსებს თვითონაც წაიკითხავს.

"შეიძლება გავაჟღერო ხუთი ან ათი რომანსიც. ყველას რომ მოგვენატრა, ასეთი საღამო მინდა, რომ დაჯდები და მოისმენ. შეიძლება მაგ დღეს ჩემი ლექსების კრებულის პრეზენტაციაც გავაკეთო, რომელშიც 70-მდე ლექსი შევა" - ამბობს "პრაიმტაიმთან" გელაშვილი.

ჯერ არ იცის, მაკას გარდა, კიდევ ვინ წაიკითხავს მის ლექსებს. სამაგიეროდ, დარწმუნებულია იმაში, რომ მისიანი მაკა, ამ თბილ საღამოზე, მის ლექსებს გაახმოვანებს...

ნატო გელაშვილი: ეს ლექსი რომ დავწერე, მაკას ხმით ჩამესმა. პირდაპირ "დავავალე" მისი ჩაწერა და ფაქტის წინაშე დავაყენე. დიდი ხნის წინ მაკამ "ამტეხა", მოდი, რამე დაწერე და ერთად წავიკითხოთო. ეს ლექსი რაღაც მისია...

ჩემმა გულიანმაც ასეთი სიყვარული იცის. თუ უყვარს უყვარს, თუ არადა, აფერისტობა არ შეუძლია. 

"გიჟუაა". მიყვარს ემოციური ადამიანი, რომელიც ყველგან გადმოსცემს ემოციას - სიარულში, სიყვარულში, თმაში, საუბარში, ცხოვრებაში... ეს ერთგვარი თავისუფლებაა, ხარ ისეთი, როგორიც ხარ. მიყვარს ნიჭიერი, ხალასი და ბუნებრივი ადამიანი. ძალიან დალაგებული და ყველანაირად დავარცხნილი ქალები არ მომწონს. 

თეატრალურ სარდაფში დავდიოდი. მაკა საოცრად თამაშობდა სპექტაკლებს. ჩემი გიჟუა გოგო თამაშობს-მეთქი, ვამბობდი. 

ერთ საღამოზე პირდაპირ მივედი, ჩავეხუტე და შენზე ვგიჟდები-მეთქი, ვუთხარი.

ყველას, ვინც ლექსს კითხულობს ვაკვირდები და ვუსმენ. პოეზია გამორჩეულად მიყვარს. თუ დაისმება კითხვა, მუსიკა თუ პოეზია - მე პოეზიას ავირჩევ, ძალიან ჩემია. 

რასაც განვიცდი, ვგრძნობ, რაც ჩემი თვალით არის დანახული, პოეზიაში გადმოვცემ. ლექსების ამღერებაზე არც მიფიქრია. ფურცელზე რჩება. ლილიკო ნემსაძე კომენტარებში შემოვარდა, ჭოხოებისთვის ამ ლექსზე სიმღერა უნდა დავწეროო. მე ჩემს ლექსზე ვერაფრით ვწერ მუსიკას. არასდროს ვუბრუნდები, ის ჩემთვის ლექსია და მორჩა. სხვა რომ წერს, მე მაინც ლექსად მესმის. როცა სიმღერას ვწერ, იმ დროს ერთდროულად მოდის ტექსტიც და მელოდიაც.

მაკა შალიკაშვილი: - როდესაც ნატომ ფეისბუქზე საჯაროდ "დამავალა", მაკა, შენ ეს ლექსი ძალიან მოგიხდებაო, იმ დღის შემდეგ დავიწყე ამ ლექსზე ფიქრი, როგორ ჩავწერდი, ან ჩავწერდი თუ არა. როდესაც ლექსს მიგზავნიან, არ ვიცი, ჩავწერ თუ არა. თუ ლექსი ჩემი სათქმელი არ არის, ვერ ვამბობ, ვერ ვწერ. როდესაც ლექსი ჩემი სათქმელიც არის, პოეტთან ერთად თანაავტორის განცდა მაქვს. 

გაცნობის დღიდან ნატო ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ძალიან ნამდვილი და საყვარელია. დიდი ხნის წინ, ლილიკო ნემსაძის საღამოზე გავიცანი, სადაც მსახიობები ლილიკოს სიმღერებს ვმღეროდით... ნატო სტუმრებში, სუფრასთან იჯდა, დამიძახა და მითხრა, შენზე ვგიჟდები, მაკაო.  შემდეგ გადაცემა "მზესუმზირების" წამყვანი რომ ვიყავი, მოვიდა და იქ მითხრა, ყვავილს მაკა იმიტომ დავარქვი, რომ ადის ზევით, აწეწილიაო...

ორივეს სპონტანურად გვიყვარს თმის აწევა, ჰოპ! უცებ, სახელდახელოდ. თავზე "შემოქმედებითი არეულობის" მოწყობა გვიყვარს. ესეც გვაერთიანებს. ამას ისიც დაერთო, რომ ორივე ერთსა და იმავე ტაძარში დავდივართ. იქაც შევხვდი ჩემს გოგოს. ამ ადგილმა კიდევ უფრო მეტად განამტკიცა ჩვენი სიყვარული. ტაძარში ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. მოაქვს ყვავილები, დადის დაფუსფუსებს. არის ამ ყვავილების დაწყობაში, ხატებთან დალაგებაში... სულ საქმიანობაშია, იქაც ამბებშია და ძალიან საყვარელია. უდიდესი სიტყვაკაზმული ქართული მწერლობის მოამაგეა ამ ტაძრის წინამძღვარი, მამა ადამ ახალაძე, რომლის ლექსებს ვკითხულობ და პოეზიის მოტრფიალე მე და ნატო რომ ერთ ტაძარში მოვხდით, ესეც განგების ნებაა...

ნატო გელაშვილი: - მე და მაკას ერთი მოძღვარი არ გვყავს, მაგრამ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში, მრევლი ერთ დიდ ოჯახადაა შეკრული.

ტაძარში მაკასთვის არ მცალია, ჩემი "ამბავი" მაქვს. ჩავკოცნი და მერე ვფუსფუსებ. ორიგინალური თაიგულები მიმაქვს ტაქსით. ტაძარში ვაკეთებ სხვადასხვა სახეობის ყვავილების კონებს, პოეზიასავით ლამაზებს და ვრთავ ხატებს. ეს ჩემი ყველაზე ბედნიერი წუთებია.  

ასე აღმოვჩნდით სულიერი დები მე და მაკა... ღმერთმა ყველანაირად დაგვაკავშირა... 

მაკა შალიკაშვილი: - შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერს თავისი პრეისტორია აქვს. ჩემი და ნატოს ურთიერთობა ყოველთვის დადებითი ემოციიის და სიყვარულის ხაზით მოდის. 

ამ პოეზიის საღამოზე აქტიურად ვლაპარაკობთ უკვე. მისი თითოეული სიტყვის ზიარი ვარ. ეს ლექსი მხოლოდ ნატოსია, მე უბრალოდ გამხმოვანებელი ვარ.

მადლობა ყველას, ვისაც მოეწონა და ამ ვიდეოს ქვეშ, ამდენი სიყვარული გამოხატა და დაწერა... 

დღეს, ამ აჩქარებულ დროში, ნახო, მოისმინო, სიყვარულის კომენტარის დასაწერად გაჩერდე და ცხოვრება მერე გააგრძელო, უმნიშვნელო რამ არ არის ჩემთვის. როცა რაღაც ნაღდი და გულწრფელია, ყოველთვის ნაღდ და ნამდვილ კომენტარს იღებს...

ამ ლექსის ქვევით, ნატოსთან ერთად, მეც ბევრი კეთილი სიტყვა მომიძღვნეს.  ჩვენი გულშემატკივრები შეერთდნენ და ნახეთ, რამდენი არიან? პოზიტიური ენერგია დატრიალდა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია...