9 ოქტომბერს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1728414593
პანდემიის დროს, საყოველთაო კარანტინისას, მაშინ, როცა ბევრმა სამზარეულოში აღმოაჩინა თავი, მაკა შალიკაშვილი პოეზიით "დაკავდა". დილიდან საღამომდე იჯდა და ლექსებით იკვებებოდა. ჯერ სწავლობდა, შემდეგ კითხულობდა. დღემდე ფეისბუქზე ლექსების კითხვით გვანებივრებს. ამ ორ წელიწადში ბევრი ლექსი ვისწავლეო, ამბობს. ჯერ სარკეში კითხულობს, შემდეგ სელფ-ვიდეოს იღებს და ქარიშხლიან მინი სპექტაკლებს აწყობს.
მაკა შალიკაშვილი: - ლექსების კითხვა ასე უცებ არ მოსულა. ბავშვობიდან ვკითხულობდი ლექსებს. საერთოდ ასეა, ყველაფერს თავისი საძირკველი უმზადდება.
მე ღვთისმშობელი მარიამი, ადრე, სხვასავით ჩვეულებრივი გოგო მეგონა, რომელსაც ერთ დღესაც, უცებ ანგელოზი გამოეცხადა და შენ ღმერთის დედა გახდებიო, ახარა. მერე როცა ჩავეძიე, გავარკვიე, რომ ის სამი წლიდან იზრდებოდა ტაძარში. დიდი მზაობა და მზადება ჰქონდა უკან...
უცებ არაფერი ხდება. უცებ ვერც მილიონერები ხდებიან. თუ მანამდე ნაშრომი, ნაფიქრი არ გაქვს, ისე არაფერი მოდის. ყველაფერი სისხლით, ოფლით და ღვაწლით გეძლევა. ასე ვარ მეც; ლექსებს სულ ვკითხულობდი, ვკითხულობდი, ვკითხულობდი... ჩემთვის ლექსი არის კითხვებზე პასუხების პოვნა. ცხოვრების მანძილზე უამრავი კითხვა გვიჩნდება. გადავშლი რომელიმე პოეტის ლექსს და პასუხსაც ვპოულობ.
ერთხელ ბევრ პრობლემაში ვარ გახლართული. მოვედი სახლში, ვტირი და ვტირი. არ ვიცი, რა ვქნა. ყველგან ვეძებ ღმერთს... მაქვს კითხვები... და ვიღებ ოთარ ჭილაძის კრებულს და პასუხს ვიგებ მისი არაჩვეულებრივი ლექსით, რომ ღმერთი აქეთ-იქეთ კი არ უნდა ვეძებო, ის ჩვენშია.
"ყელზე მეკიდა ბრჭყვიალა ეშვი, მიკვირდა წვიმა, მიკვირდა თოვლი...
და რაც პირველად ვიგრძენი ჩემში, ეს იყო ლტოლვა და შიში ლტოლვის.
მე ვიგრძენ ლტოლვა და მოვიგონე ჩემი ღმერთი და ჩემი მითები,
და ორაზროვანს ვჭრიდი სტრიქონებს, სამსხვერპლო ცეცხლზე დამწვარ თითებით.
მზეზე ვამბობდი: ეს არის ღმერთი. ზღვაზე ვამბობდი: ეს არის ღმერთი.
ქარზე ვამბობდი: ეს არის ღმერთი. და არ ვიცოდი, ვინ იყო ღმერთი...
მე ვგრძნობდი ლტოლვას და ამის გარდა სხვა არაფერი ყოფილა ჩემში.
მე მივდიოდი საყვარელ ქალთან, როგორც ნადირთა სარბევად ტყეში.
და მაკვირვებდა ჩემი სხეული, უფრო – ხმა, კიდევ უფრო – თვალები.
მე არ ვიყავი ჯერ შეჩვეული ქვეყანას... მთვარეს ვცნობდი წვალებით.
და გაწეწილი ჩემი თმა-წვერი აფრთხობდა ტყეში ჩათვლემილ ჩიტებს,
მაგრამ მე მაინც ღმერთს მივაწერე, რაც ვერ შევძელი, რაც ვეღარ ვზიდე.
და გადიოდნენ დღეები ისე, ჩნდებოდა მტერიც და საფიცარიც...
და ერთხელ, როცა ღმერთს ვჭრიდი ქვაზე, უეცრად ჩემი თავი ვიცანი.
უეცრად თითქოს შეება კარი ჩემს ასე საწყალს და ბნელ გონებას
და ვთქვი: ჩემშია მზეც, ზღვაც და ქარიც, ჩემშია მთელი ქვეყნის ქონება.
მე ვიხეთქავდი კლდეებზე მუხლებს, მე ვაგორებდი ხევებში ლოდებს,
მე ვხარხარებდი, როდესაც უღრან ტყეში მხეცები ჩემს ხმაზე ძრწოდნენ...
მაგრამ მოვიდა გაქრობის ჯერიც, გაცივდა ჩემი მღვიმეს ნაცარიც,
მაგრამ არ ვდარდობ და მაინც მჯერა, რომ ეს ქვეყანა მე გაგაცანით."
პოეზია ღვთიური რამაა... მე პოეზიამ დამაფიქრა. სულ სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს.