"ნინის "გამოწერილ" მედიკამენტებს ვსვამ, თან მაკონტროლებს" - ხათუნა ჟორდანია მკურნალობის ახალ კურსზე

xatuna

ხათუნა ჟორდანიამ თურქეთში, სხივური თერაპიის სახით, მკურნალობის კურსი ჩაიტარა. როგორც "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, წარმონაქმნი ისევ ფილტვში, ოღონდ ამჯერად სხვა ადგილას აღმოუჩინეს.

ისევ იმედიანად და მხნედ არის განწყობილი. მკურნალობის კურსს ისევ შეუცვლელი ნინი წარმართავს. ნინი, რომელსაც დედის ავადმყოფობამ ისეთი სამედიცინო გამოცდილება შესძინა, რომ დედას ბალახეულ მედიკამენტებს ასმევს, ჩირებისგან დამზადებულ, იმუნიტეტის ასამაღლებელ უებარ საშუალებას უმზადებს და თავისი ხელით აჭმევს. 

ხათუნა ჟორდანია: მიუხედავად იმისა, რომ პატარა პრობლემა ისევ მაქვს, მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თურქეთში კომპიუტერული ტომოგრაფია გადამიღეს, ფილტვში, ამჯერად სხვა ადგილას, პატარა პრობლემა გამოჩნდა.

როგორც ექიმმა მითხრა, სულ ახალი გაჩენილია. დროულად მივედი. სამი დასხივების შემდეგ წამოვედი. სამ თვეში შემოწმებაზე ისევ ჩავალ და ღმერთის წყალობით, არაფერი აღარ დამხვდება. ამის დიდი იმედი მაქვს.

როგორც მივხვდი, ეს ჩემი ჯვარია... რას ვიზამ. უნდა ვზიდო. ჩემზე უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან ადამიანები. ამიტომ მე ჩემს პრობლემას თავს ვერავის მოვახვევ. პირიქით, მინდა ყველა დავაიმედო და ბევრჯერ ნათქვამი გავიმეორო - სიმსივნე განაჩენი არ არის და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 

- ასეთ მხნეობას რა გაძლევს?

- პირველ რიგში ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, რომელიც მამხნევებენ და სულს მიბერავენ. ბევრი ადამიანია, ვინც ჩემს გამოჯანმრთელებაში მონაწილეობა მიიღო. არავის არ გავაწბილებ და იმედს, ნამდვილად ვერ გავუცრუებ. ძალიან დიდხანს ვიცოცხლებ.

- დღიდან დიაგნოზის დადგენისა, ნინი შენს მკურნალობაში გამწევი ძალაა. ახლაც შენთან ერთად იყო შემოწმებაზე?

- ამჯერად თურქეთში ჩემი ბავშვობის მეგობარი ნუკა რატიანი იყო ჩემთან ერთად. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, რომ გასინჯვის შემდეგ, თუ ყველაფერი რიგში იქნებოდა, კარლოვი-ვარში წავიდოდით, სადაც დასასვენებლად გვეპატიჟებიან. არ გამოვიდა და ამიტომ ვერ წამომყვა ნინიც. მაგრამ სანამ ექიმისგან გამოვედი, ნინიმ საქართველოში უკვე იცოდა ჩემი ანალიზების პასუხი და ყველანაირი დანიშნულება. რაც მთავარია, იქ ექიმმა წამლები არ დამინიშნა და ნინის "გამოწერილ" ოთხი-ხუთი სახეობის ბალახეულ მედიკამენტს ვიღებ. ვემორჩილები. მთავარი მკურნალია. ახლა მისი ლამაზი ხელებით, იმუნიტეტის ასამაღლებლად, მომიმზადა ჩირების, ნიგვზის და თაფლის ნარევი. მარტო კი არ მომიტანა. მოდის და თავისი ხელით მაჭმევს. მამოწმებს წამლებს როგორ ვსვამ, ე მანდ ხომ არ "ვახალტურებ" და მერე მშვიდად მიდის. ვარ ასე, "დესპოტი" ნინის ხელში ჩავარდნილი. მეუბნება, ცოტა ხანი შენს ჭკუაზე მიგიშვი და ამიტომ მოხდა ეს ყველაფერიო.