„მზიანი, კეთილი, სიცოცხლით სავსე გოგონა...“ - ხონში ტრაგიკულად დაღუპულ კიდევ ერთ მოსწავლეს გლოვობენ
1745070288
საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის ჩვენება აკრძალა. აკრძალვის მიზეზად კინოსურათის შინაარსი სახელდება.
"მოთვინიერება" - ამბავი ზღვაში მოცურავე ხეებსა და ადამიანებზე - ეს გახლავთ ფილმი დენდროლოგიურ პარკში გადატანილი ასწლოვანი ხეების შესახებ.
სალომე ჯაში: - როგორც კი, ეს კადრები - მოცურავე ხე დავინახე, როგორც ყველა, მეც გამოვშტერდი! ყველანი გამოვშტერდით, ალბათ. უჩვეულოს, შეუძლებლის შესაძლებლობა იყო. მინდოდა ჩემი თვალით მენახა და გამეგო, თუ შეიძლებოდა ფილმის გადაღება. მინდოდა ამ რეალობის ფილმში ჩვენება, როგორ გარდაიქმნება რაღაც ჩვეულებრივიდან არაჩვეულებრივად. და სამყარო როგორ ხდება არაჩვეულებრივი. ფილმში არ ჩანს ჩვეულებრივი სამყარო, ის უკვე ამ არაჩვეულებრივი სამყაროდან იწყება. ეს არის ახალი სამყარო...
კინოაკადემიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჯაშის ფილმი პოლიტიკურად მოტივირებულია და ეს არის მისი თბილისში ჩვენებების აკრძალვის მიზეზი.
"მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფილმი გახლავთ პოლიტიკურად მოტივირებული, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების გაღიზიანება პოლიტიკური ნიშნით. ააიპ საქართველოს კინოაკადემია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ღონისძიებებს, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს მხოლოდ ორი საპრემიერო ჩვენება და კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზი არ იქნას გამოყენებული პოლიტიკურ ტრიბუნად" - რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა კინოაკადემიის დირექტორმა, კონსტანტინე (მინდია) ესაძემ.
რეჟისორი ნანა ჯანელიძე ფაქტით შეშფოთებულია. ის ფეისბუქზე წერს.
"ის, რაც წარმოადგენდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, შემოქმედების თავისუფლება, ამ გადაწყვეტილებით ერთბაშად ეჭვქვეშ დადგა. მით უმეტეს, რომ კინოაკადემია არის თავისუფალ კინემატოგრაფისტთა კავშირი და ის პირიქით, უნდა იცავდეს შემოქმედების თავისუფლებას და ამის სადარაჯოზე უნდა იდგეს.
იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ყოფილი კინოკავშირის წევრი მექანიკურად გადაიქცა კინოაკადემიკოსად და ალბათ მეც, მათ შორის, ვემიჯნები ამ გადაწყვეტილებას და კითხვას ვსვამ - ეს კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა? თუ ეს ასეა, უარს ვაცხადებ კინოაკედემიის წევრობაზე" - წერს რეჟისორი სოციალურ ქსელში.
შეკითხვით, რომელსაც კინოაკადემიის პრეზიდენტს ნანა ჯანელიძე უსვამს, თავად მივმართეთ. მინდია ესაძემ კი ამ კითხვაზე ასეთი პასუხი გაგვცა.
მინდია ესაძე: - თუ მას აქვს შეკითხვა, მან დამისვას, თქვენ მისი თარჯიმანი ბრძანდებით? მას არ შეუძლია დარეკოს? ნანა ჯანელიძეს გადაეცით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იდეალურად, ისე, რომ არასდროს არც ერთ სფეროში არ ყოფილა. მადლობა.
კინო-ოპერატორმა მინდია ესაძემ აღნიშნული თანამდებობა 25 იანვარს დაიკავა. ის ცნობილი რეჟისორის, რეზო ესაძის ვაჟი გახლავთ.
"სიახლის დრო, არადა არ დგებოდა. ვიფიქრე, იქნებ ჩემი გამოცდილებით, უნარებით წავადგე ამ საქმეს-მეთქი. მთავარი ხალხს უყვარდე და მერე შეიძლება საქმე გაკეთდეს. ყველა ნაბიჯი შესაცვლელია, რაც ქართულ კინოს წაადგება" - განუცხადა "პრაიმტაიმს" იანვარში ახლად გაპრეზიდენტებულმა ესაძემ.