გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
27 აპრილს კახი კავსაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ირგვლივ ძნელად იპოვით ადამიანს, ვისაც ამ დიდი არტისტის წასვლამ გული არ დაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ იავადმყოფა და თითქოს მის მარადისობაში გადასვლას, ნელ-ნელა შევეგუეთ, 2021 წლის 27 აპრილი მაინც მძიმე აღმოჩნდა.
კახის უმცროსი ძმა, ოპერის მომღერალი, იმერი კავსაძე, „პრაიმტაიმთან“, ამ მძიმე ერთ წელს იხსენებს. როგორც ის გვიყვება, დღემდე აქვს განცდა, რომ კახი დაურეკავს ან გამოუვლის და ჩვეული რიხით აახმაურებს.
იმერი კავსაძე: აღდგომას მარტო გავვარდი კახის საფლავზე. არც არავინ მინდოდა გამყოლად. კახისა და ბელას საფლავზე გადავაგორე კვერცხი. მერე დედაჩემისა და პაპაჩემის საფლავზე მივედი.
მძიმედ გავიდა ეს წელი...
ჩემთვის კახი არც არსად წასულა. ისეთი გრძნობა მაქვს, დღეს-ხვალ დამირეკავს და მოვა. რატომღაც სულ მისი ზარის მოლოდინში ვარ. მისი ნომერი ახლა ირაკლის აქვს, თუმცა მე ისევ ძველებურად კახი მიწერია იმ ნომერზე.
ჩვენ ხომ ასე ვიყავით მიჩვეულები: დილიდან დაიწყებოდა ტელეფონზე დარეკვა, ან მე ვრეკავდი, ან - ის... ხშირად ის რეკავდა პირველი, რადგან ჩემზე ადრე დგებოდა. ხშირად ადრე რომ უნდა დაერეკა, ჩემი დეიდაშვილი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა, აჩერებდა: ადრეა, კახი, სძინავს იმ კაცს, ძილი აცალეო.
ჩვენი დეიდაშვილი, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზარდა, ცირა ხოშტარია (გიგოლაშვილი), ბოლო 17 წელია კახისთან ერთად ცხოვრობდა.
კახის რომ გულის პრობლემები შეექმნა, აუცილებელი იყო, რომ მასთან ერთად ვინმეს ეცხოვრა. რადგან ცირა ჩვენი ყველაზე ახლობელი ადამიანია, გადაწყდა, რომ კახის გვერდით ის იქნებოდა. დატოვა ოჯახი, კახისთან ცხოვრობდა და უვლიდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ჩვენი დეიდაშვილები ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ. მამაჩემი და ცირას მამა ომში იყვნენ გაწვეული და დებმა, ანუ დედაჩემმა და დეიდაჩემმა გადაწყვიტეს, რომ ერთად ეცხოვრათ. ამდენად ჩვენი დეიდაშვილები ჩვენი ძალიან ახლობლები არიან.
ცირა ძალიან მზრუნველი ქალია, იცის მოვლა. არქიტექტორია. რა თქმა უნდა, მასაც ძალიან უჭირს კახის წასვლა...
იცით, სადაც არ მიიხედავ და მოიხედავ, ყველაფერი კახის ხსოვნასთან არის დაკავშირებული. აბსოლუტურად ყველაფერი. აი, უბრალოდ ფრაზას რომ ვიტყვი, ისიც ჩემს ძმასთან კავშირშია. კახიმ რომ იცოდა, კახი ასე ამბობდა...
მასთან რომ ვიყავი სახლში და შინ დავბრუნდებოდი, მაშინვე გადავურეკავდი: კახო, მოვედი-მეთქი. ისიც ანალოგიურად. ახლა უკვე ჩვენს შვილებზე გადავიდა ეს ტრადიცია. ჩემი ვაჟიც რომ მიდის ჩემგან თავის სახლში, გადმორეკავს, სახლში ვარო. მეც ვურეკავ, დათკა, სახლში ვარ-მეთქი და მერე უკვე კახის ნომრის აკრეფა მინდა... ეს ჩვევაც აღარაა, ეს მოთხოვნილებაა...
ახალი წასული იყო, ხილვის მსგავსად მომევლინა. ვწევარ, სიბნელიდან გამოვიდა, 15 სანტიმეტრში ჩემ სახესთან ვხედავ. ასე იყო ორჯერ. მას შემდეგ არ დამსიზმრებია.
ახალი წასული იყო, სხვადასხვა არხებზე ნანა ჯანელიძის ფილმი "ნეტავი, იქ თეატრი არის?" რომ გაუშვეს და მირეკავდნენ, ამ არხზეა, გადართე, უყურეო.
ეს ფილმი მე განსაკუთრებულად მიყვარს. დისკებზე გადავწერე და მეგობრებს დავურიგე. ყოველი გადაწერისას, ვამოწმებდი, როგორ გადაიწერა, გადაწერის ხარისხს ვაკვირდებოდი. თავიდან ბოლომდე ვუყურებდი და ამდენად, დეტალებში, ზეპირად ვიცი ეს ფილმი. მაგრამ ყველა ყურების დროს ისე აღვიქვამ, თითქოს პირველად ვუყურებ. მისი სახით დიდი ტილო შეიქმნა.
ფილმში კახი თავის თავს თამაშობს. მის ამ აქტიორულ თამაშს კი, უმაღლეს დონეზე ვაფასებ. კახის ნამუშევრებში საუკეთესო ფილმია. ძალიან მიყვარს "ცხელი ზაფხულის სამი დღე". კახის სამსახიობო ნამუშევარი კარგად ჩანს. მიყვარს მისი დონ კიხოტი...
კახის წასვლის შემდეგ პატრიარქთან ვერ მივედი. მე, კახის და გივი ბერიკაშვილს ტრადიცია გვქონდა, საპატრიარქოში საღამოს ლოცვაზე დავდიოდით. ჩვენთან ერთად იყო ქალბატონი გულიკო ჩაფიძეც. ასეთი ჯგუფი იყო. გივის წასვლის შემდეგ, მე და კახის, ეს ტრადიცია დაგვერღვა. ერთხელ მივედით და ისე გაგვიჭირდა, თითქოს რაღაც გვაკლდა. მას შემდეგ გვინდოდა წასვლა და რაღაც გვაჩერებდა, ვერ მივდიოდით. კახის შემდეგ ვერ მივდივარ. ალბათ, უნდა წავიდე. მერე შეიძლება უკეთესად შევიქმნე.
- პატრიარქმა სასწაული მოუვლინა ბატონ კახის. გერმანიაში საოპერაციოდ მიმავალი დალოცა და... სიმსივნე გაქრა... ეს ისტორია ბევრმა იცის, თუმცა კარგი იქნება, ბრწყინვალე შვიდეულში რომ გაიხსენოთ, ბატონო იმერი.
- ეს ისტორია იმდენად დაუჯერებელს ჰგავს, ვინც ჩვენ კარგად არ გვიცნობს, მისი დაჯერება უჭირთ. ვინც გვიცნობს, იცის, რომ მას ჩვენ არ მოვიგონებდით. ეს მოგონილი ამბავი არ არის. ეს ნამდვილად იყო.
სანამ კახი გერმანიაში გაემგზავრებოდა, მივიდა პატრიარქთან. მან დალოცა, ილოცა მისთვის და იქ მყოფმა სასულიერო პირებმა, ყველამ ერთად ილოცეს კახისთვის. კახი მარტო გაემგზავრა ფრაიბურგში. და როდესაც გერმანელმა პროფესორმა ძველი სურათი ნახა, თავიდან გასინჯა და რენტგენი ხელახლა გადაუღეს, ჰოი, საოცრებავ, იქ კვალიც არ იყო დაავადების. კი მაგრამ რატომ ჩამოხვედი? აქ არაფერი არ არისო, უთხრა.
კახი, საერთოდ, მორწმუნე იყო. მას ღმერთის სწამდა და ალბათ, ამიტომ იყო, რომ უწმინდესის ლოცვამ და დალოცვამ, მასზე ამდენად იმოქმედა. მას სჯეროდა, რომ ასე მოხდებოდა...
გერმანიიდან დარეკა საპატრიარქოში. უწმინდესს კახის თავს მომხდარი სასწაულის შესახებ გადასცეს. ჩამოვიდა თუ არა, მივიდა პატრიარქთან... მეც ვახლდი. მისაღებში ველოდით. უწმინდესი გამოვიდა თავისი ოთახიდან. კახი მიეჭრა, დაეცა მუხლებზე, მოეხვია და ხელზე ეამბორა. უწმინდესმა თავზე დაუთათუნა ხელი... მაშინ მოუყვა კახიმ ყველაფერი.
უწმინდესი ზებუნებრივი, ზეადამიანურია. ისე აღიქვამს ყველაფერს, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს. სხვა სიმაღლიდან იყურება.
შემდეგ მე პოლონეთში, სადაც კარიერა მქონდა, ვუყვებოდი ამ ისტორიას მეგობრებს. ჯერ დაუჯერებლად აღიქვამდნენ, მაგრამ იმდენად დაბეჯითებით ვყვებოდი, რომ უკვე სჯეროდათ. პოლონელები ყველაზე მორწმუნე კათოლიკეები არიან. ივან პავლე მეორე პოლონელი იყო, კრაკოველი. მას რამდენიმე სასწაული აქვს მოხდენილი. ერთი მეც ვიცი: პარკინსონიანი ქალი განკურნა. ამ სასწაულს ბევრი მომსწრე ჰყოლია. ამიტომ პოლონელებს ყოველგვარი სასწაულების სჯერათ.