პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს კინოაკადემიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. თანამდებობა ხუთი წლით, ხმათა უმრავლესობით, ცნობილმა კინო-ოპერატორმა კონსტანტინე (მინდია) ესაძემ დაიკავა. კინოაკადემიის წინამორბედი პრეზიდენტი ბუბა ხოტივარი გახლდათ, რომელიც გასული წლის მაისში, კოვიდის შემდგომი გართულებით, კლინიკაში, 74 წლისა გარდაიცვალა.
საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი ბიულეტენების შედეგად, კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: კონსტანტინე (მინდია) ესაძე 80 ხმა -53.7%; გიორგი თორაძე 38 ხმა – 25.5%; გიორგი გურგულია 12 ხმა – 8,1%; გენადი ცაავა 9 ხმა – 6%; ქეთევან ჯანელიძე 7 ხმა – 4.7%; ელგუჯა ბურდული 3 ხმა – 2%. ერთი ბიულეტენი გაბათილდა.
რა ხედვები აქვს მინდია ესაძეს და როგორია მისი ამჟამინდელი ემოციები, ამას პირველად "პრაიმტაიმის" მკითხველი ახლად არჩეული პრეზიდენტისგან შეიტყობს.
მინდია ესაძე: - პანდემიის გამო საპრეზიდენტო არჩევნები ხუთი დღე მიმდინარეობდა. ფარულ კენჭისყრაში კინოაკადემიის წევრები მონაწილეობდნენ. შედგა კვორუმი და ხმების უმრავლესობით, 53 პროცენტით გავიმარჯვე.
- რა იყო თქვენი კოზირი და უპირატესობა?
- ვერ გეტყვით. ყველა კონკურსანტის პროგრამა და ხედვა ძალიან საინტერესო იყო. ყველა მათგანის პროგრამაში მნიშვნელოვანი დეტალი იყო. ზოგი პირადი სიმპათიით აძლევს ხმას, ზოგი პროგრამის მიხედვით და ა.შ
- როდესაც კაბინეტში შეხვალთ და პრეზიდენტის ამპლუას მოირგებთ, რა პოლიტიკას გაატარებთ პირველ რიგში?
- პირველად რეალური სიტუაციის შესწავლა ხდება, ვნახოთ, იქ რა დამხვდება. წესდებაა შესაცვლელი, ურთიერთობებია დასალაგებელი... ყველა ნაბიჯი შესაცვლელია, რაც ქართულ კინოს წაადგება.
კინოაკადემია გასაახალგაზრდავებელია. წევრებს ვგულისხმობ. ევროპულ და აზიურ კინოაკადემიებთან ურთიერთობებია დასალაგებელი... უნდა ჩატარდეს მასტერკლასები. ყველაფერი, რაც ქართული კინოს განვითარებას წაადგება, უნდა იყოს შემუშავებული.
- დაახლოებით თუ წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა ამ ახალ გამოწვევაზე, თქვენი მამის, ბატონი რეზო ესაძის ემოცია?
- არ ვიცი. გაუხარდებოდა... თავად იყო ექსპერიმენტატორი. ეს გამოწვევა ჩემთვის ექსპერიმენტია. მე მოქმედი კინოოპერატორი ვარ. ეს პრობლემები კი, რაც კინოს სფეროშია, უშუალოდ მეც მეხებოდა. გარედან ვუყურებდით ყველა იმ პრობლემას, რაც უწყებაში იყო დაგროვილი. სამწუხაროდ, სიახლის დრო, არადა არ დგებოდა. ვიფიქრე, იქნებ ჩემი გამოცდლებით, უნარებით, წავადგე ამ საქმეს-მეთქი. და აი, გამიმართლა... მთავარია, ხალხს უყვარდე და მერე შეიძლება ყველაფერი გაკეთდეს.
- და რაშიც საუკეთესო ხართ - ოპერატორობასაც გააგრძელებთ?
- რა თქმა უნდა. აქამდე ამ საქმით მოვედი, უამრავ ხალხთან მაქვს ურთიერთობა. ამ კავშირებმა და იმ პრობლემებმა მომიყვანა აქამდე, რაც კინოშია. სამწუხაროდ, ქართულ კინოს პრობლემები აქვს და რაღაცნაირად უნდა წავადგეთ.
მინდია ძალიან ბევრი ბოლო პერიოდის ფილმის ოპერატორია. მათ შორის "შინდისი", "კომა", "გაიღიმეთ", "საშიში დედა", "რენე მიდის ჰოლივუდში" და სხვა.