„ელენე ხოშტარიას პრინციპული გადაწყვეტილება იყო, არ მიეღო მონაწილეობა აღნიშნული საქმის განხილვაში“ - ადვოკატი

ელენე მაღლაკელიძ

 ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში დღის პირველ ნახევარში გამოცხადდა. კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი პროცესს არ დასწრებია.

პროცესზე მოსამართლემ თქვა, რომ ელენე ხოშტარიას მიმართ 16 ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობდა, საქმეში შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობდა, არ გადაიხადა გირაო, არ აქვს ანაზღაურებული ზარალი, არ აღიარებს დანაშაულს.

საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რის გადახდაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ის 15 სექტემბერს დააკავეს.

დაცვის მხარის ადვოკატის ელენე მაღლაკელიძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას პრინციპული გადაწყვეტილება იყო, არ მიეღო მონაწილეობა აღნიშნული საქმის განხილვაში.

"ელენე ხოშტარია თავიდანვე არ აღიარებდა ამ საქმეს სისხლის სამართლის საქმედ. აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. გულწრფელად გეტყვით, არსებული ვითარების მიუხედავად, მაინც არ მეგონა, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო.

ელენე ხოშტარიას პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რომ არ მიეღო მონაწილეობა აღნიშნული საქმის განხილვაში", - განაცხადა ელენე მაღლაკელიძემ.