1774295087
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა - სასამართლომ ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის ეპიზოდზე იმსჯელა
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართა. სასამართლომ დღეს ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ეპიზოდზე იმსჯელა. გამოჰკითხეს დაცვის მხარის მოწმე, გიორგი მიქაძის დაცვის წევრი.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულია გელა უძილაური, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. მკვლელობის შემკვეთად კი საგამოძიებო უწყებამ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
ძმები მიქაძეების ადვოკატის, შორენა ნიქაბაძის თქმით, თუ ბრალდების მხარეს 100%-ით აინტერესებდა ამ კამერაზე დავით მიქაძეა თუ ვინ არის გამოსახული, უნდა დაენიშნათ შესაბამისი ექსპერტიზა და მოწმეების თითის გაშვერაზე არ უნდა დარჩენილიყო.
"დავით მიქაძის სასტუმროსი მისვლასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ჰქონდა მტკიცებულებებიც და კამერებიც ბრალდების მხარეს. ამ ნაწილში, დასკვნით სიტყვაში, თავის შეფასებას დაცვის მხარე გააკეთებს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოწმეების თითის გაშვერაზე დარჩა ბრალდების მხარე მტკიცების სტანდარტით და თუ 100%-ით აინტერესებდა ამ კამერაზე დავით მიქაძეა თუ ვინ არის გამოსახული, უნდა დაენიშნათ შესაბამისი ექსპერტიზა", - განაცხადა ადვოკატმა შორენა ნიქაბაძემ.
საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, დაცვის მხარე აპელირებდა, რომ კადრებში დავით მიქაძე არ ჩანდა, მაგრამ მოწმემ დაადასტურა, რომ ჩანაწერებში სწორედ ის არის.
"მთელი ამ ხნის განმავლობაში, დაცვის მხარე აპელირებდა, რომ თაუერის კადრებში დავით მიქაძე არ ჩანს. კობა ვაჭარაძეს დავუსვი შეკითხვა და მან დაადასტურა, რომ ეს იყო დავით მიქაძე. რაც შეეხება ამ მოწმე ჩვენებას, ძალიან საინტერესო მოწმეა. ერთი მხრივ, გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ გიორგი მიქაძე გარდა "ტოიოტა ქემრის" მანქანისა, ასევე მის მფლობელობაში და სარგებლობაში შეინიშნებოდა "ჯიპის" ტიპის ავტომანქანა. დღეს, როდესაც დაესვა კითხვა, აბსოლუტურად შეცვალა მოცემულობა და სხვაგვარად განმარტა. როდესაც აცხადებს, რომ უსაფრთხოების მიზნით გაჰყვა იტალიაში და 21 მარტს წავიდნენ იტალიაში, 23 მარტს ჩამოდის საქართველოში თავად მოწმე და 28 მარტს ჩამოდის გიორგი მიქაძე. აქვე, დავუსვით შეკითხვა, რომ რა უსაფრთხოებას ემსახურებოდა, როდესაც თვითონ არ გაჰყვა და თვითონ არ ჩამოჰყვა", - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.











