მოგენატრათ ოთარ რამიშვილის სიმღერები? კონცერტზე დასწრება თავისუფალია

otari

ოთარ რამიშვილი 88 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, 29 ოქტომბერს 14:00 საათზე, საბურთალოზე, საირმის ქუჩაზე არსებულ ოთარ რამიშვილის სახელობის სკვერში ჩატარდება პატარა კონცერტი, სადაც შესრულდება მის მიერ შექმნილი ახალი და ძველი სიმღერები. დასწრება თავისუფალია.
ამის შესახებ ინფორმაციას კოლორიტი ავტორ-შემსრულებლის შვილი, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ავრცელებს. როგორ ის "პრაიმტაიმთან" ამბობს, ამ პატარა კონცერტზე მისი ქალიშვილი, ჩელისტი - ლიზა რამიშვილიც შეასრულებს კომპოზიციებს. 

მიხეილ რამიშვილი: ვეპატიჟებით ყველა თაობის ადამიანს.

ბევრმა გამოთქვა კონცერტზე გამოსვლის სურვილი. ხვალ თქვენ მოუსმენთ - დათო არჩვაძეს, ბაჩო რამიშვილს, დუეტს "მანძილი ", ალექსანდრე დეიდაშვილს... 

ჩვენს მეგობრებთან ერთად - მეც და ჩემი ლიზაც ვიქნებით. მე ჩემს სიმღერებსაც შევასრულებ, ბუნებრივია, რადგანაც მამაჩემის ლექსებზე მაქვს დაწერილი.

ალბათ, ოთარი ამით ძალიან ბედნიერი იქნებოდა. სულ იმის მომხრე იყო, რომ რაც შეიძლება მეტ სხვადასხვა თაობის  ადამიანს შორის გაბმულიყო მეგობრობა, გამძაფრებულიყო სიყვარული...

ეს სკვერი ჩემი მოთხოვნით 2018 წელს საკრებულოს მიერ იქნა დამტკიცებული. ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ  მიმდინარეობს გამწვანება-გალამაზება... იქ ვაპირებ ბიუსტის დადგმასაც.

როდესაც მამაზე ვსაუბრობ, სულ მისი ნათქვამი მახსენდება, მეც ვიყავი შენისთანა და შენც გახდები ჩემისთანაო. ვერასდროს ვხვდებოდი, რას გულისხმობდა და მამა რომ გავხდი, მერე მივხვდი, რა აზრსაც დებდა ამ ნათქვამში. საუბრობდა იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მშობელს გააჩნია შვილის მიმართ და - პირიქით.