1788900039
პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით 114,84 გრ. ნარკოტიკული საშუალება- გამომშრალი „მარიხუანა“, რომლის ნაწილი, 7 შეკვრად დაფასოებული, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სხვადასხვა ადგილას განათავსეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 260 კვარტა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.










