„ძალიან მოეწონა აქაურობა. საუცხოო ადამიანია...“ - არპი ალტო თბილისში საშობაო სიმღერაზე კლიპს გადაიღებს

arpi alto

სომეხი ჯაზ-მომღერალი და კომპოზიტორი Arpi Alto (არპი პეტროსიანი) მსმენელის ყურადღების ქვეშ სწრაფად მოექცა. თავისი განსაკუთრებული ხმის ტემბრის, შესრულების მანერისა და არაჩვეულებრივი გარეგნობის წყალობით, არპის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

სომეხ ჯაზ-შემსრულებელს ჰოლივუდის ვარსკვლავს - ჯულია რობერტს ამსგავსებენ, ზოგი თაყვანისმცემელი თვლის, რომ Arpi Alto ლეგენდარული კინომსახიობის ქალიშვილია.

არპი ალტოს სიმღერებს მუსიკალური პროდიუსერი, ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს. ის, რომ არპი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულიყო და აქ სიმღერა ჩაეწერა, ესეც ნატოს იდეა იყო.

"ბრავო რექორდსის" დამფუძნებელი, ზაზა შენგელია "პრაიმტაიმის" მკითხველს უმხელს, რომ მალე ის თბილისში ისევ ჩამოვა და საშობაო სიმღერას ჩაწერს.

ზაზა შენგელია: არპი ჯაზის სამყაროში ახალი მოვლენაა თავისი ხმის ტემბრითა და განსაკუთრებული მანერით. ძალიან საინტერესო მომღერალია.

რამდენიმე წელია ვეკონტაქტებოდით. გვინდოდა მისი ჩამოყვანა და აი, ოქტომბერში ჩვენი პირველი თანამშრომლობა შედგა. თავისი ლათინო-ამერიკული ალბომისთვის ჩვენს სტუდიაში ორი სიმღერა ჩაწერა.

ის მალე თავის საშობაო სიმღერასაც აქ ჩაწერს. ეს სიმღერა სპეციალურად მისთვის შექმნა ამერიკელმა კომპოზიტორმა ლენი ზინმა. ამ საშობაო სიმღერას ქართველ მუსიკოსებთან ერთად "ბრავო რექორდსში" ჩაწერს. ამ სიმღერაზე კლიპსაც თბილისში გადაიღებს. ანუ ამ სიმღერის აუდიო-ვიდეო ფროდაქშენი, საქართველოში იქნება გაკეთებული.

 

გვინდა მისი დიდი კონცერტის გაკეთება თბილისში, სიმფონიური ორკესტრით, ბენდით, ქართველი მუსიკოსებით.

არპის ძალიან მოეწონა აქაურობა. საუცხოო ადამიანია. ძალიან თბილი, თავმდაბალი, ენერგიული და მადლიერია, რომ "ბრავო რექორდსის" სტუდია დავუთმეთ. 

Arpi Alto-მ იუთუბის პლატფორმისა და სოციალური ქსელების საშუალებით, ბოსსანოვას სტილში შესრულებული ცნობილი სიმღერებისა და ჯაზ სტანდარტების წყალობით მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. მას ხშირი საკონცერტო ტურნეები აქვს ამერიკის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. თავისი პირველი ალბომი My Soul In The Mountains, მუსიკოსმა 2021 წელს გამოუშვა.