1741932481
"მხნედ და დიდხანს გვყავდე, ჩემო ელდარ. დიდხანს დაგვამშვენე!" - ასე ულოცავს მეუღლე დაბადების დღეს მაესტროს

"დღეს ელდარს - 92 წელი შეუსრულდა. ჯანმრთელად, მხნედ და დიდხანს გვყავდე, ჩემო ელდარ. დიდხანს დაგვამშვენე!" - ასე ულოცავს მეუღლე, ნელი შენგელაია ფეისბუქზე კინო რეჟისორს დაბადების დღეს.
დღემდე მუშაობს. შარშან ფილმი გადაიღო და საკუთარ დაბადების დღეზე ცირკში, გადასაღებ მოედანზე იყო.
"აბდაუბდა" ასეთი ფილმის სახელწოდება. მოქმედება სწორედ ცირკის არენაზე ვითარდება. სურეალისტური ჟანრის ფილმის თანარეჟისორად, ლეგენდარულმა არტისტმა, დიტო ცინცაძე მიიწვია. (სხვათა შორის, ძალზე ახალგაზრდა დიტო, "ცისფერ მთებში" ეპიზოდურ როლში ჰყავს დაკავებული.)
ახალ სურათში პროფესიონალი მსახიობების (გოგა პიპინაშვილი, იმედა კახიანი, ლეო ანთაძე, ტრისტან სარალიძე...) გვერდით არაპროფესიონალებსაც ვიხილავთ. მათ შორის, მერაბ სეფაშვილს.
***
ელდარ შენგელაიას კინოკლასიკაში - "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" უამრავი ფრთიანი ფრაზაა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში მუდმივად არის, საუბარში დამკვიდრებულია. "გაიტანეთ", "ქუდიი", "საიდან შეგაქანათ", "არ გვჭირდება, მაგრამ მოიტანეს", "შესვენებაზე გავდივარ, შეიძლება არ დავბრუნდე", "რატომ ბრაზობ, სოსო?" გზაში დამაწიეთ", "დეფიციტში გარღვევაა", "გივი, ჩვენ ვართ". სწორედ ამ უკანასკნელს სულ ელოდები ფილმის მანძილზე, ეგებ გამოჩნდეს, ვინ არის, რას აკეთებს, რატომ აკითხავენ ან ვის ემალება?
ამ გენიალური ფილმის სცენარის ავტორი, მწერალი რეზო ჭეიშვილი თავის ინტერვიუებში ამბობდა, რომ "ცისფერ მთებს" თავისი რეალური პროტოტიპები ჰყავდა, მათ შორის - ამ უჩინარ გივისაც.
რეზო ჭეიშვილი: ვაჟა ზაზაევიჩს თავისი პროტოპი ჰყავდა. ბატონ ვასო ჩორგოლეიშვილის გმირსაც. ერთი ჩემი ახლო მეგობარი იყო გივი ძნელაძე, პოეტი (აწ განსვენებული), რომელსაც სულ ეძებდნენ რედაქციაში. "ცისკრის" და "საუნჯის" პოეზიის განყოფილებებში, ბევრი მასალა იყრიდა თავს; ყველასთვის პასუხის გაცემა ძალიან ძნელი იყო. გივი, ჩვენ ვართ, გივი სად არის, გივი, ამ ჩემს მეგობარს სულ ეძებდნენ. ასე გაჩნდა პერსონაჟი, რომელიც არ ჩანს! საერთოდ არ არის!