დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეს ელდარ შენგელაია 91 წლის გახდა. მაესტრო ამ დღეს გადასაღებ მოედანზე შეხვდა. რეჟისორი ახალ ფილმს იღებს. დღეს ცირკში გადაღების პირველი დღეა. ფილმის სამუშაო სახელია "აბდაუბდა".
გენიალურ რეჟისორს გვერდით უდგას კოლეგა დიტო ცინცაძე. ახალ სურათში კი დაკავებულნი არიან მსახიობები - გოგა პიპინაშვილი, იმედა კახიანი, ლეო ანთაძე...
რეჟისორის შვილიშვილი, ნატა ჯუღელი ბაბუის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც უკვე ასაკოვანი ელდარი, თავისი ბავშვობის ფოტოთია. ერთნაირად იღიმებიან. თითქოს ამდენი წელი არც გასულა, ამდენ ტრაგედიას მისი გულწრფელი ღიმილი და თვალები არ შეუცვლია. ის ბავშვი ისევ ცოცხლობს მასში. თითქმის უცვლელად.
ბატონი ელდარის ბიძაშვილმა, კირა ანდრონიკაშვილმა, გადასაღებ მოედანზე მისვლისგან თავი შეიკავა. როგორც მსახიობი "პრაიმტაიმთან" ამბობს, სამუშაო პროცესში, უფროს ძმას, ხელს არ უშლის და დაბადების დღეს ჩვენი მეშვეობით ულოცავს.
კირა ანდრონიკაშვილი: ელდარმა ისეთი ცხოვრება განვლო, რომ სავსებით შეიძლებოდა, რომ ახლა გათიშული ყოფილიყო როგორც სულიერად, ისე შემოქმედებითად, მაგრამ არა! ის დღემდე გადასაღებ მოედანზეა. მშობლები, ძმა, შვილი დაკარგა... მაგრამ თავისი უბედურებით არავინ შეუწუხებია. ადამიანი ფილოსოფოსიც უნდა იყო და რელიგიურიც. ეს გადარჩენაში გვეხმარება...
დავრეკავდი და როდესაც მეტყოდნენ, ტელეფონთან ახლა ვერ მოვაო, ვფიქრობდი, ალბათ, ავადაა-მეთქი. თურმე ახალი ფილმის სცენარზე მუშაობს!
დღეს არ მივედი გადასაღებ მოედანზე. ადამიანი მუშაობს და ჩემი იქ მისვლით, დისონანსს შევიტანდი. უნდოდა ასე გაეტარებინა დღევანდელი დღე და ეს არაჩვეულებრივია.
ძმებმა - თენგიზ ვაჩნაძემ, ელდარ და გიორგი შენგელაიებმა, პატარა ასაკში, იმხელა ტრავმა გადაიტანეს, ჯერ მამის, შემდეგ დედის ტრაგიკული გარდაცვალებით, რომ პირდაპირ გასაოცარია, ასეთი შემდგარი ადამიანები რომ გახდნენ. გაიზარდნენ ერთმანეთის პატრონებად. გაჭირვებაში, სიმარტოვეში მიიღეს განათლება და ამ დონის ხელოვანები დადგნენ. ადამიანები ხომ ამბობენ ხოლმე, უპატრონოდ გზას ასცდაო. ყოველთვის ასე არ ყოფილა. ძმებმა ერთმანეთს უპატრონეს, მიხედეს, გზაზე დაყენებაში ხელი გაუწვდინეს.
ხშირად ჰყვება ხოლმე, პალტო არ მქონდა და გიორგიმ, თავისი პირველი ხელფასით მიყიდაო. ერთმანეთს უვლიდნენ. ბებიაც გარდაეცვალათ, დეიდა - კირა ანდრონიკაშვილი დაჭერილი იყო. მოკლედ, ერთმანეთის იმედად იყვნენ.
რამდენჯერ მიფიქრია და გამკვირვებია, ასე თავისით როგორ მიაღწიეს ამგვარ დიდებულებას ხელოვნებაში?! მართალია, აქ გენეტიკაც თავის როლს ასრულებს. მაგრამ ნათქვამი რომ არის, უფალი ერთ კარს რომ ხურავს, მეორეს აღებსო, ასეა...
***
მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ჩვენ ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. მოსკოვიდან რომ ჩამოვიდოდა, სულ მატარებდა ხან კალათბურთზე, ხან თეატრში, კინოში. ვსეირნობდით. ახლოს ვიყავით. ახლა, ამ დროებაში, ადამიანები ერთმანეთს, ძველებური სიხშირით, ვეღარ ვხედავთ. ბუნებრივია, ეს გრძნობას არ ანელებს, მაგრამ გულდასაწყვეტია.
ელდარს არაჩვეულებრივი ფილმები აქვს. გენიალურია "თეთრი ქარავანი". მას მსოფლიო აღიარებაც მოჰყვა. "ცისფერი მთებით" ხომ პირდაპირ განჭვრიტა საბჭოთა კავშირის დაშლა. "არაჩვეულებრივი გამოფენით" ხელოვანი ადამიანების ცხოვრება დაგვანახა...
იცით, მისი თაობის კინორეჟისორები დისიდენტები იყვნენ და ამას შემოქმედებით ამტკიცებდნენ.
***
არასდროს მიფიქრია, რომ ელდარის ან გიორგის ფილმებში უნდა მეთამაშა. საკუთარ თავზე ეგოისტური ფიქრები ანგრევს ორგანიზმს. უნდა იშრომო და თავზე წარმოდგენებით არ უნდა დაიზიანო ფსიქიკა.
ერთ-ერთ ბოლო ფილმზე - "ჭა" რომ დამიძახა, ისე გამიკვირდა...
როგორც რეჟისორი საოცარია ამ ასაკშიც. ამ ფილმის გადაღებაზე მე ვნახე, დღემდე როგორ ექცევა თანამშრომლებს, როგორ მიმართავს რუპორით, როგორ მყარად ზის სავარძელზე, რომელიც მოძრაობს...
მე ამ პატარა როლმა და მასთან თანამშრომლობამ რაღაც შემმატა. მთელი დღე ვუყურე და ბედნიერი ვიყავი. სიყვარული რომ მოდის ბავშვობიდან, მერე გენატრება და მასზე ფიქრობ.
ელდარს აქვს სიცოცხლის უზომო სიყვარული, ადამიანებთან ურთიერთობის სიყვარული, ჰუმანურობა.
მინდა ვუსურვო სიკეთე და ჯანმრთელობა. ენერგია კი არ დაკარგოს, არამედ მოემატოს.
იხაროს თავის უსაყვარლეს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად და ასევე, ძვირფას მეუღლესთან, ნელისთან ერთად, რომელიც მას სულს უბერავს და ცხოვრებას უხანგრძლივებს.
ასევე დაგაინტერესებთ: