1790884478
„საქმის შესწავლის შედეგების და შემდგომი ღონისძიებების შესახებ დეტალურად ეცნობება საზოგადოებას“ - გენერალური პროკურორის მოადგილე თემურ ხადურის დედას შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გარდაცვლილის დედას, ნინო გვიშიანს შეხვდა, სადაც მას გამოძიების მიმდინარეობისა და საგამოძიებო დეტალების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა.
"საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი. შეხვედრაზე ნინო გვიშიანს მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ.
თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის, რომლის ფარგლებშიც საბჭოს მჭიდრო კომუნიკაცია ექნება ნინო გვიშიანთან. ასევე, საქმის შესწავლის შედეგების და შემდგომი ღონისძიებების შესახებ დეტალურად ეცნობება საზოგადოებას", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.










