„მგონია, რაც დრო გავა და მის ფილმებს მით მეტად ვნახავთ, კიდევ უფრო დაგვენანება ოთარ იოსელიანი“ - ნინო კირთაძე მაესტროზე

nino kirtadze

"ფრანგები ოთარს ეძახდნენ პრინცს, რომელსაც კიდევ სხვა კონტექსტიც აქვს ფრანგულში. ეს არის ღირსეული და მაღალი კლასის ადამიანის განსაზღვრება" - "პრაიმტაიმთან" ამბობს რეჟისორი ნინო კირთაძე და დასძენს, რომ არ დარჩენილა საფრანგეთში მედიაგამოცემა, რომელიც ქართველი მაესტროს გარდაცვალებას, არ გამოხმაურებია. 

ნინო კირთაძე: სრულიად განსაკუთრებული ადამიანი და განსაკუთრებული ხელწერის რეჟისორი გახლდათ. ის იყო არა მხოლოდ ქართველი რეჟისორი, არამედ ევროპული კინოს ძალიან დიდი წარმომადგენელი.

ძალიან ბევრი დავკარგეთ ჩვენმა თაობამაც, რომ ვეღარ ვნახავთ მას. ოთარი იყო ადამიანი-ერუდიტი, არაჩვეულებრივი ხედვით, სრულიად უკომპრომისო, თან იმ დროს, როდესაც კომერციული კინო ყველა ნაპრალიდან და ფანჯრიდან შემოიჭრა. ეს ადამიანი ძალიან დიდ პატივს სცემდა იმ საქმეს, რომელსაც აკეთებდა. სრულიად უკომპრომისო ადამიანი იყო და იშვიათია დღეს ასეთი რამ. კინოს სიღრმისეული გაგება იყო მისი და არა - ცრუ ბრჭყვიალება. 

იყო შრომისმოყვარე. სანამ ფილმს გადაიღებდა, მანამდე მთელ ფილმს ხატავდა. მისი ფილმები თავიდან ბოლომდე, მთელ ამ გზაზე, საოცარი და შთამბეჭდავია. 

საოცარია მისი "იყო შაშვი მგალობელი". ხმაც, გამოსახულებაც. სულ სხვაგვარი ქორეოგრაფიაა. თავის ფრანგულ ფილმებში იქაური პრობლემატიკა ცოტა უფრო ადრე დაინახა, ვიდრე ფრანგებმა და საფრანგეთმა. ძველი სიბრძნეა, ჩამოსული კაცი, უკეთ ხედავს იმ ადგილს. ამას დისტანცია შვრება. "მთვარის ფავორიტები" იქნება, თუ "პეპლებზე ნადირობა" - ღირებულებების თანდათანობითი გაუფასურება აჩვენა. ოთარი დიდ პატივს სცემდა მეგობრობას, ურთიერთობებს, ძველ კავშირებს მეგობრებთან, მიწასთან, საქართველოსთან. ეს არასდროს დაუკარგავს. მის ფილმებში რაღაცნაირად იგრძნობა ის, რომ სხვაგან ცხოვრობდა და ძირი სხვაგან ჰქონდა.

...ჩემთვის რაღაცნაირად ეპოქა დამთავრდა.

ფრანგულ პრესაში ყველა წერს, ოთარის ფილმები სრულიად უნიკალურია. უკვე დაიწყეს ფიქრი მისი ფილმების რეტროსპექტივების გაშვებაზე. არ არის საფრანგეთში ჟურნალი, მედია, რომელიც მის წასვლას არ აშუქებს. ეს დიდი დაფასებაა ოთარის და მისი მეშვეობით, საქართველოსი. ჯერ კიდევ 80-90-იან წლებში, საფრანგეთში ქართული კულტურის მატარებელი გახლდათ. ის პატივისცემა, რაც ოთარს და მის ფილმებს იქ ჰქონდა, რა საკვირველია, საქართველოსაც ეხება.

ცხოვრობდა პარიზში და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ჩვენ იქ ერთმანეთს ვხვდებოდით.

მახსოვს, რომ დამირეკა და ჩემს ფილმზე - "დურაკოვოზე" შემაქო, ლამის გული წამივიდა. იცინოდა, მხარი დამიჭირა. ოთარისგან მხარდაჭერა, ბევრს ნიშნავს და ნიშნავდა.

დაობლების განცდა მაქვს...

ძალიან ლაღი ადამიანი იყო.  მიყვარდა მისი მოსმენა, როდესაც ოპერაზე საუბრობდა. უაღრესად ნაკითხი კაცი იყო. ჯერ მარტო მასთან ყოფნით ძალიან ბევრ რამეს ისწავლიდი. მდიდარი ბუნება ჰქონდა. 

მე მგონია, რაც დრო გავა და მის ფილმებს მით მეტად ვნახავთ, კიდევ უფრო დაგვენანება ოთარ იოსელიანი. ნამდვილად.

წავიდა როგორიც იყო, ისე. ღირსეულად, თავმდაბლურად. ბოლო გზაზე გავაცილეთ იმათმა, ვისაც მართლა ძალიან დაგვწყდა გული. მოკლედ, ღირსეულად წავიდა. ასეთი იყო...

დიდ პატივს ვცემდი, როგორც რეჟისორს, დიდ მეგობარს, ადამიანს. ძალიან გული მტკივა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ლეგენდები, არტისტები და ხელოვანები, რომლებსაც 2023 წელს დავემშვიდობეთ

ანა რომ გავიცანი, უკვე დაოჯახებული ვიყავი, რანაირად შეიძლებოდა, ანასთან რამე დამეწყო, რამე გამებედა?!“ - ანა კალანდაძის უცნობი სიყვარულის ისტორია

"მტკივა შვილო! მტკივა უშენობა... ამას ჩემი ქვეყნის ტკივილიც დაუმატე და წარმოიდგინე - შემიძლია თუ არა ცრემლის გარეშე ვისაუბრო შენზე და მამულზე" - ტარიელ ხარხელაური