"მე ახლა მომეცა ბატონ ნუკრი ქანთარიასთან მუშაობის შესაძლებლობა. მის შეფასებაში გულწრფელი ვარ..." - მაკა შალიკაშვილი

maka

შემოქმედებითმა კავშირმა - საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ, ორი კვირის წინ,  2023-2024 წლების თეატრალური სეზონის, ყოველწლიური კონკურსის (სხვადასხვა ნომინაციაში) გამარჯვებულები გამოავლინა. ჟიური მთელი ქვეყნის მასშტაბით ნახულობს და აფასებს სპექტაკლებს.

2023-2024წ. თეატრალური სეზონის, ყოველწლიური კონკურსის - ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გუბაზ მეგრელიძე (თავმჯდომარე), პროფესორი ზაზა აბზიანიძე, დრამატურგი რეზო კლდიაშვილი, კომპოზიტორი გოგი ჩლაიძე, მსახიობი და რეჟისორი ზურაბ გუგუშვილი.
 
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ კოლეგებს შორის მოხვდა მაკა შალიკაშვილი. ბათუმის თეატრის მსახიობს ჟიურის გადაწყვეტილებით ყოველწლიური პრემია "წლის საუკეთესო ნამუშევარი" გადაეცა. მაკა სპექტაკლში "1902 წელს ბათუმში" შესრულებული ბოშა ქალის როლისთვის ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლის ნომინაციით დააჯილდოვეს. 

სპექტაკლის - "1902 წელს ბათუმში" რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია გახლავთ. სპექტაკლის პრემიერა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გასული წლის შემოდგომას შედგა. 

 

როგორც მაკა "პრაიმტაიმთან" ამბობს, თავისი ისტორიული ჭრილით ძალზე მნიშვნელოვანი სპექტაკლია. 

მაკა შალიკაშვილი: სიუჟეტი რომ მოკლედ გაგაცნოთ მოგიყვებით: სტალინი იწყებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და ჩამოდის ბათუმში. მას ხვდებიან ბათუმელები, შეიფარებენ, ბინას დაუთმობენ. ის კიდევ საკუთარი იდეის გამო გაწირავს ამ ადამიანებს. ჩემი გმირი, ბოშა ქალი თითქოს მისი სინდისის ხმაა, ზმანებასავით ეცხადება. სპექტაკლში მას მხოლოდ სტალინი ხედავს. ბოშა მუდმივად აფრთხილებს თუ ამას გააკეთებ, იქნება მსხვერპლი, დაიღუპება ამდენი ადამიანი და საფლავზე ნაგავს მოგაყრიანო. სტალინი კი პასუხობს, მსხვერპლი არაფერია, როდესაც იდეისთვის იბრძვი! 

სპექტაკლში გმირ ბათუმელებს გაიცნობთ. ძველ ქალაქელებს ახსოვს ეს გმირულად შეწირული ადამიანები.

მოკლედ, შემეცნებითი ხასიათის, დამაფიქრებელი და მნიშვნელოვანი სპექტაკლია. 

როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებდი, ვემზადებოდი პროფესიონალებთან. იმ დროს ჯგუფებს იყვანდნენ შალვა გაწერელია და ნუკრი ქანთარია. მაშინ კომპეტენტურმა ადამიანებმა მითხრეს, არ იდარდო რომელთან მოხვდები. ორივეს შემთხვევაში ხელობას ისწავლი, ისინი პროფესიონალი პედაგოგები არიანო. მე შალვა გაწერელია ჯგუფში მოვხვდი, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ბატონი შალვა არა მხოლოდ კონკრეტულ როლზე, არამედ მთლიანად ცხოვრებაზე გვიქმნიდა წარმოდგენას. ხშირად ვიხსენებ მას და ეს მახარებს.

ბატონ ნუკრი ქანთარიას კი ახლა შევხვდი ბათუმის თეატრში, ახლა მომეცა მასთან მუშაობის შესაძლებლობა და მინდა გითხრათ, რომ გამახსენდა მისაღები გამოცდებიც და ჩემი ძვირფასი პედაგოგიც. გულწრფელი ვარ მის შეფასებაში. მან იცის დადგმა, ხელობა, მსახიობთან მუშაობა, სიღრმეებში ჩასვლა - ეს ჭეშმარიტებაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსახიობი სპექტაკლიდან სპექტაკლამდე იზრდება, როლიდან როლამდე იწრთობა, როგორც პროფესიონალი. ბათუმის თეატრში ანშლაგებია. ყველა მსახიობი დაკავებულია. მაყურებელი დადის და თეატრი მუშაობს.

ჩემი პედაგოგი მეუბნებოდა, თეატრი ტაძარიაო. ბატონი ნუკრის თეატრი ამ პრინციპების და იდეის მატარებელი და  გამგრძელებელია.

მე სიმაღლის შიში მაქვს. ერთ სცენაში რკინის საქანელა ზევით ადის. საშინლად მეშინოდა. სიმაღლის ფობია მაქვს, თუმცა რომ არა ეს შემოქმედებითი ჯგუფი და საერთოდ, ამ თეატრის ნდობა, ამ შიშს ვერ დავძლევდი. მიხარია, რომ თეატრი ჩემთვის ბევრი შიშის დაძლევის ადგილია. 

მადლობა ყველა მსახიობს, ტექნიკურ პერსონალს და ყველას, ვინც ამ სპექტაკლზე იმუშავა. მადლობა თეატრალურ საზოგადოებას ჯილდოსთვის, მადლობა მაყურებელს და ყველას, ვისაც მოვწონვარ. ქართულ თეატრს ბევრ საინტერესო სპექტაკლს ვუსურვებ...