"აგვისტოს ომის დროს, გმირი მეომრების გვამები ხელებ აკაპიწებული გადმოასვენა. ეს იმდენად დიდი განსაცდელი იყო, რომელზედაც არაფერს ჰყვებოდა" - დეკანოზი გიორგი ამბროლაძე გარდაიცვალა

dekanozi

გარდაიცვალა მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ამბროლაძე. 73 წლის მოძღვარი რუსთავის 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. იყო სულთმოფენობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. სასულიერო პირი, ორი დღის წინ, ინფარქტით გადაიყვანეს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. მოგვიანებით კი, რუსთავის სულთმოფენობის სახელობის ტაძრის ფეისბუქ გვერდიდან, წინამძღვრის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

დეკანოზი გიორგი ამბროლაძე, ტრადიციულად თვეში ერთხელ, ჯანმრთელობის პარაკლისს ატარებდა ბავშვებისთვის, მათ შორის, წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის სახალხო სანიმუშო ქორეოგრაფიული ანსამბლის - "გორგასლის" მოცეკვავეებისთვის.

31 წლის იყო, როდესაც აღმსარებლისა და სალოსის, ღირსი მამა გაბრიელის მოღვაწეობის დროს, 1982 წლიდან სტიქაროსნად მსახურობდა მცხეთის სამთავროს მონასტერში. ცხადია, მასთან ურთიერთობა ჰქონდა.

1995 წლიდან 14 წლის მანძილზე ქალაქ სოჭში მოღვაწეობდა, სადაც უძღვებოდა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მშენებლობას და ამავე ეკლესიის მღვდელმსახური გახლდათ. 2008 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის - ილია მეორეს კურთხევით იგი საქართველოში დაბრუნდა და რუსთავის ეპარქიაში განაგრძო მღვდელმსახურება.

ყველას კარგად გვახსოვს, აგვისტოს ომის დროს უწმინდესი რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად რომ შევიდა რუსეთის ჯარის მიერ დარბეულ შიდაქართლში. მღვდლებს შორის იყო მამა გიორგიც, რომელიც დაღუპული გმირი მებრძოლების გაპატიოსნებასა და მათი საფლავისთვის მიბარებას ცდილობდა.

რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელი, გოგიტა მელიქიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ეს იყო ის დიდი განსაცდელი, რომელმაც მთელ საქართველოს გულში გაუარა და გაუარა უშუალოდ პატრიარქსა და მასთან ერთად მყოფ იმ სამღვდელოებას, რომლებიც დაღუპულთა გვამებს ხელებდაკაპიწებული ზიდავდა და მათთვის სათანადო პატივის მიგებას ცდილობდა. მამა გიორგისთვის ეს იმდენად დიდი განსაცდელი იყო, რომ აღნიშნულის შესახებ ლაპარაკიც კი უჭირდა და ამ განსაცდელის შესახებ თითქმის არაფერს ამბობდა.
2009-2010 წლებში მამა გიორგიმ რუსთავის 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში იმსახურა;
2010-2011 წლებში იგი რუსთავის ღვთისმშობლის საფარვლის სახელობის ეკლესიის მოძღვარი იყო.
2011-2015 წლებში კი რუსთავის სიონის ტაძარში მსახურობდა.

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა: ათონის ნახევარკუნძული კი ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ მყოფი ის წმინდა სავანეა, რომლის იღუმენიადაც სწორედ ღვთისმშობელი არის წოდებული და არსებობს ათონის იღუმენიად წოდებული ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ღვთისმშობელს საიღუმენიო კვერთხი უჭირავს და ხელაპყრობით შეჰღაღადებს ღმერთს.

ამ ხატის სულიერი განწყობა ჩემთვის იმდენად ძვირფასია, რომ ერთხანს ამ ხატს ვეძებდი და მისი შეძენა მინდოდა , თუმცა ეს მხოლოდ შინაგანი სურვილი იყო და არავისთვის მითქვამს .
ერთხელ საღამოს ლოცვებზე ვიდექი, საკურთხევლიდან გამოვიდა მამა გიორგი, ამბიონიდან ძირს ჩამოვიდა, გამოიარა ჩემს წინ მდგომი ადამიანები და ჩემთან მოვიდა. მერე გულის ჯიბეში ხელი ჩაიყო და იქიდან პატარა ხატი ამოიღო, რომელიც საჩუქრად გამომიწოდა. დავხედე და ჰოი საოცრება - ეს სწორედ ის ხატი იყო, რომელსაც ვეძებდი და ვნატრობდი.
მას შემდეგ მამა გიორგის მიერ ნაჩუქარმა ამ წმინდა ხატმა ჩემს ოჯახში დაიდო ბინა და ახლა იგი ყოველდღიური ლოცვის ობიექტად არის ქცეული.

მამა გიორგი გარდაიცვალა და ყოველ მის გაფიქრებაზე თვალი ცრემლებით მევსება...ღმერთმა აცხონოს მისი მარად უკვდავი სული!"