კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
ჩემი „პოპულარობით“ ისე შეწუხდნენ ჩემი მშობლები, რომ ერთი წლით ხობში, ბებიასა და ბაბუასთან გადამიყვანეს სასწავლებლად. თბილისში „მომღერლად“ დავბრუნდი. რადიოში ჩემს თანატოლ გოგონასთან, ლიანა მელაძესთან ერთად მამღერეს და ყოველ დილით, საქართველოს ჰიმნის შემდეგ ჩვენი სიმღერა – „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი“ ისმოდა. მოგვიანებით მამია ხატელიშვილის კვარტეტ „ფიროსმანთან“ ერთად გამოვდიოდი, ანსამბლ „გორდელაშიც“ ვმღეროდი. ჟურნალისტადაც ვმუშაობდი, მაგრამ მსახიობ ლეილა აბაშიძისა და უამრავი ახლობლისა თუ უბრალოდ მაყურებლისთვის, მაინც „პატარა აკაკი“ ვიყავი“…
მომღერალი, ჟურნალისტი, მსახიობი, საჩხერისა და ჯორჯიის შტატის საპატიო მოქალაქე ომარ ჩიტაია, 2020 წლის 18 აპრილს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
40 წლის განმავლობაში, საქართველოს ტელევიზიაში, საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ჟურნალისტად მუშაობდა. 1962 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და იმავე წელს, კონსერვატორიაში ჩააბარა. კომპოზიტორმა მამია ხატელიშვილმა, თავის კვარტეტში – „გორდელა“ აიყვანა.
იხ. არქივის ფოტო: ანსამბლი „გორდელა“ – მარცხნიდან: გომარ სიხარულიძე, მიხეილ მცურავიშვილი, ომარ ჩიტაია, ნიკოლოზ კაპანაძე, რობერტ გოგოლაშვილი, დავით ტურიაშვილი, თემურ ქევხიშვილი:
კვარტეტმა, 1966 წელს მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა და საზღვარგარეთ გასტროლის უფლება მოიპოვა. სწორედ, ამ ფესტივალიდან დაიწყო ანსამბლის გასტროლები.
კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, ხალხური სიმღერების ანსამბლში მღეროდა. 70-იან წლებში, იმოგზაურა, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანსამბლის კონცერტებს, ამერიკის იმდროინდელი პრეზიდენტი – ჯერალდ ფორდი, მეუღლესთან ერთად დაესწრო, რის შემდეგაც, პრეზიდენტმა, ქართველ არტისტს, ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭა.
ომარ ჩიტაია წლების განმავლობაში, რადიო-ტელევიზიის ვოკალურ კვარტეტში მღეროდა. 2007 წლიდან კი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის ფოლკლორულ ანსამბლ „შავლეგოს” წევრი გახდა.
თავად მსახიობი იხსენებდა, რომ მის ცხოვრებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, როცა ცნობილმა რეჟისორმა კონსტანტინე პიპინაშვილმა, 1948 წელს, მხატვრულ ფილმში – „აკაკის აკვანი” გადაიღო.
მსახიობმა და მომღერალმა 2016 წლის თებერვალში, ჟურნალი „ისტორიანთან” ინტერვიუში, ფილმში მონაწილე ლეგენდარული მსახიობები და კადრს მიღმა დარჩენილი ამბები გაიხსენა:
„ძალიან უყვარდა ხალხს აკაკი, ამიტომაც შეიყვარეს მასზე გადაღებული ფილმის კინოგმირებიც. ჩემი ერთგვარი მოწამებრივი სიცოცხლეც, ამ ერთადერთმა კინოროლმა განაპირობა – ყოველთვის ვცდილობდი, ისე მეცხოვრა, ჩრდილი არ მიმეყენებინა, აკაკის უკვდავი სულისთვის. საზოგადოებამ, გულწრფელად დაიჯერა, რომ აკაკი, აუცილებლად ასეთი უნდა ყოფილიყო ბავშვობაში და სხვა უფლება არც მქონდა. ძალიან უცნაურად, შემთხვევით მოვხვდი ამ ფილმში: მანამდე, ერთი ჩვეულებრივი, ცელქი ბავშვი ვიყავი და სულ მენატრებოდა გეოლოგიურ ექსპედიციებში მყოფი მამა – ტროფიმე ჩიტაია. მღვდელმა დაარქვა, რაც ბერძნულად – „ძლევამოსილს” ნიშნავს. სხვათა შორის, სტალინური პრემიის ლაურეატი გახლდათ და ლოპოტისა და სვანეთის მარმარილოების აღმოჩენისთვის, სტალინისგან, ოქროს საათიც მიიღო საჩუქრად. თუ შინ იყო, სად აღარ დამატარებდა. ერთ დღეს, მუშთაიდის ბაღში წამიყვანა სასეირნოდ. კინოსტუდიის წინ, ვიღაც კაცი, დაჟინებით მოგვაცქერდა. მერე მამას სთხოვა, მცირე ხნით გამომყევითო. ეზოში რომ შევედით, აყვირდა: “ხალხო, გამოიხედეთ, პატარა აკაკი მოვიდა, თავისი ფეხით მოვიდა!”
უამრავი ადამიანი მოაწყდა ფანჯრებს. ატყდა ერთი ამბავი, მეხვევიან, მკოცნიან, – მართლა აკაკიაო, გაიძახიან. მე ვბრაზობდი: – აკაკი კი არა, ომარი მქვია-მეთქი. აბა, რა ვიცოდი, თურმე „აკაკის აკვანს” იღებენ. პატარა აკაკის როლზე, 300-ზე მეტი ბავშვი გასინჯეს… უცნობი მამაკაცი, ფილმის მეორე რეჟისორი – გიორგი ლაფერაშვილი აღმოჩნდა. სთხოვა მამას, ბავშვი ხვალ აუცილებლად მოიყვანეთ, მთავარ რეჟისორს, კონსტანტინე პიპინაშვილს ვაჩვენოთო.
ხანგრძლივი ოჯახური თათბირის შემდეგ, გადაწყდა, წავსულიყავით კინოსტუდიაში. ამხედ-დამხედა რეჟისორმა და – აბა, ერთი, გააბრაზეთო! – ბრძანა. მე მართლა გავბრაზდი – ნეტავ, რა უნდათ ჩემგან-მეთქი? – და წარბები შევიჭმუხნე. ზოგმა ტაში დასცხო, მოწონების ნიშნად, ზოგმა გულიანად გაიცინა, ფოტოაპარატმაც გაიჩხაკუნა და ჩემი ბრაზიანი, განაწყენებული სახეც დაფიქსირდა. – მშვენიერია, – დაასკვნა რეჟისორმა, ოღონდ, მორცხვი ჩანს და უნდა გავათამამოთო და დაიწყო ჩემი გათამამების პროცესი, რომელშიც თვით ნატო ვაჩნაძე, სასახლის მოურავის როლის შემსრულებელი კოტე დაუშვილი და სპარტაკ ბაღაშვილიც ჩააბეს.
ბოლოს, ისე გავთამამდი, ერთი-ორი ეპიზოდის გარდა, დუბლის გადაღებაც არ დაგვჭირვებია. ძალიან გამიმართლა, ერთადერთ ფილმში ვითამაშე, მაგრამ კინოვარსკვლავების გვერდით მომიწია ყოფნამ. წარმოიდგინეთ, სპარტაკ ბაღაშვილი მხრებზე შესმულს დამატარებდა, ჩემთვის ტკბილეული მოჰქონდა; ძიძასთან ურთიერთობა რომ გამადვილებოდა, ნატო ვაჩნაძესთან, წელიწად-ნახევარი ვიცხოვრე, როგორც მისმა საკუთარმა მეოთხე შვილმა. რუსული სკოლის გამო, ამარჩიკას, ამარიკოს მეძახდა. ლეილა აბაშიძე, მედეა ჯაფარიძე, თამარ ციციშვილი – მთელი სამსახიობო ელიტა, გულში მიხუტებდა და მართლა თავადიშვილივით მექცეოდა.
უსაზღვრო პოპულარობის გამო, „აკაკის აკვანი” თვეობით არ ჩამოდიოდა კინოთეატრების ეკრანებიდან. ავტორებს ურჩევდნენ გადაეღოთ მეორე სერიაც – აკაკის პეტერბურგში სწავლისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ. ფილმი, პირადად ნახეს სტალინმა და ბერიამ. გადაწყდა, მისი სტალინურ პრემიაზე წარდგენაც. სამწუხაროდ, სუბიექტურ-ობიექტური მიზეზების გამო, მეორე სერიის გადაღება ვეღარ მოხერხდა.
– ბევრი უხერხული მომენტი შეუქმნა ოჯახს ჩემმა პოპულარობამ. პრობლემად მექცა, ქუჩაში გასვლა – შემომარტყამდა ხალხი წრეს, მეფერებოდნენ, სურათებს მიღებდნენ, მისვამდნენ შეკითხვებს. ზოგჯერ, ტრანსპორტის მოძრაობაც იკეტებოდა.
რამდენიმე დღითაც კი „მოვუტაცებივარ” მოქეიფე ძიებს. დამსვამდნენ სუფრის თავში და ზეპირად ვყვებოდი „გამზრდელს”. წუხდა დედაჩემი, თურმე ძილშიც ხშირად ვყვებოდი აკაკის პოემას.
ისე, არც საჩუქრები მაკლდა. წამიყვანდა რომელიმე თაყვანისმცემელი პლეხანოვზე უნივერმაღში და მიყიდდა, ჩემს საყვარელ სათამაშო კონსტრუქტორებს. ხელფასიც მქონდა, თვეში 5 ათასი მანეთი, ჰონორარები და ობლიგაციებიც გვეძლეოდა.
ფილმის გადაღება რომ მორჩა, უკვე 100 ათასის მფლობელი ვიყავი. ხუმრობა ხომ არ იყო, ამ ფულით, მაშინ, ხუთი მანქანის ყიდვა შეიძლებოდა. ფილმის გადაღებისას, ჯერ კიდევ იყვნენ შემორჩენილნი, აკაკის თანამედროვენი. ბუნებრივია, ისინი მცირედ სიყალბესაც არ გვაპატიებდნენ.
როცა იუბილარი აკაკის როლზე, მიხეილ ყვარელაშვილი შეარჩია, რეჟისორმა გადაწყვიტა, იგი აკაკის მოურავის მეუღლის, აბდუშელიშვილის ქალისთვის ეჩვენებინა.
90 წლამდე მიღწეულმა ქალბატონმა, ყვარელაშვილი რომ დაინახა, გული წაუვიდა. დიდი ძალისხმევა დასჭირდა რეჟისორს, დაერწმუნებინა, რომ ის ნამდვილი აკაკი კი არა, მისი როლის შემსრულებელი მსახიობი იყო.
იხ. ფოტოარქივი ფილმიდან „აკაკის აკვანი” – ომარ ჩიტაია, კონსტანტინე მიქაბერიძე, ლეილა აბაშიძე, ვახტანგ ნინუა, ნატა წერეთელი, ჯუნა წერეთელი, ანნა კაპანაძე.
ჯანსუღ კახიძის მიწვევით, ოპერის დასის ხელმძღვანელიც ვიყავი, ორი წლის განმავლობაში. „ფიროსმანის” პარალელურად, „გორდელაშიც” ვმღეროდი. ამერიკაშიც მათთან ერთად წავედი, პირველად. 80 ქალაქი მოვიარეთ – გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, 1974 წელს კი აშშ-ში ჩავედით. პროგრამის ბოლო ნომრად „ჩაკრულოს” ვასრულებდით. „ნიუ-იორკ ტაიმსი” წერდა: „სად იყავი აქამდე ამერიკა, რომ დღემდე არ მოგისმენია და გინახავს, ეს საოცრება!“. „ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტი კი, ამბობდა: „მე არ ვიცი, სად მდებარეობს საქართველო, მაგრამ დედამიწა ბედნიერია, რომ ასეთი ქვეყანა არსებობს!”. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ 1985 წელს, ატლანტაში, ერთთვიანი საგასტროლო ტურნეს დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა, ვოკალური კვარტეტი „ფიროსმანის” ყველა წევრი, ჯორჯიის შტატის, ანუ ფაქტობრივად, ამერიკის მოქალაქის წოდებით დაგვაჯილდოვა.
იხ. ფოტო: ამერიკის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი მეუღლესთან ერთად, ომარ ჩიტაია, თენგიზ ზაალიშვილი
იხ. ფოტოარქივი – „აკაკის აკვანის“ გადასაღები მოედანი – ელიოტ რუზველტი (აშშ-ის პრეზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის ვაჟი), მისი მეუღლე, ჰოლივუდის ვარსკვლავი ფეი ემერსონი, რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი და მსახიობები: სპარტაკ ბაღაშვილი, ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე და ომარ ჩიტაია – 1945 წელი, თბილისის კინოსტუდია.
მაგრამ, მე ერთი პატარა იმერული ქალაქის, საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება უფრო დიდი სიხარულით მავსებს, როგორც უფრო ლოგიკური და მშობლიური ჯილდო, 2010 წელს „აკაკი წერეთლის ცხოვრება-შემოქმედების პოპულარიზაციაში უდიდესი ღვაწლის გამო” რომ მომანიჭეს და ამით, საჩხერლებმა აკაკისაც უსაზღვროდ დიდი პატივი მიაგეს და მეც. ამიტომ, ნუღარ გაიკვირვებთ, თუ დღემდე სიზმრად ვხედავ „მამას” – მსახიობ ალიოშა აფხაიძეს, ანუ როსტომ წერეთელს, მართლა მამასავით რომ მექცეოდა და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და იმ სახლს, სადაც პატარა აკაკი დაიბადა; მესიზმრება „დედა”, ულამაზესი თამარ ციციშვილი – მედიდური, არისტოკრატი ქალბატონი, რომელთან ურთიერთობაც, ამ თვისებების გამო მიჭირდა. თუმცა, ფილმს ასე სჭირდებოდა; მესიზმრება, ის პატარა ქოხი სავანეში, სადაც პატარა აკაკი გაიზარდა და „მამობილი”- რეჟისორი კოტე მიქაბერიძე, რომელიც ნამდვილი შვილებივით გვექცეოდა მე და ამბაკოს; მესიზმრება, ჩემი უსათნოესი „ძიძა” – ულამაზესი ნატო ვაჩნაძე, რომელიც მომენტალურად, ისე ბუნებრივად გარდაიქმნებოდა სოფლის დედაკაცად, გაოცებას ვერ დამალავდი და უბრალოებით, მარტო სესილია თაყაიშვილს, თუ შევადარებდი. ზოგჯერ, ვეჭვობ – მართლა მესიზმრება, თუ გონება ჩემი ვერ ელევა იმ ბედნიერ დროს, იმ ადგილებს, სადაც ასე პატარას, ამდენი სიხარული მარგუნა ბედმა“.