„მწარედ მახსოვს, დღემდე ვერ ვივიწყებ. ეს იყო ჩემთვის უძლიერესი ტრავმა“ - რას ვერ პატიობს დათო ხუჯაძე გია ყანჩელს

dato khujadze

სამი აპრილის "ფარული კონვერტის" სტუმარია დათო ხუჯაძე. ავტორ-შემსრულებლის ცხოვრებიდან ბევრ საინტერესო და უცნობ ფაქტს შეიტყობთ. ასე, რომ შოუ არ გამოტოვოთ. 

ერთ-ერთი ფაქტი, რომელზედაც მომღერალი "ფარულ კონვერტში" პირველად ისაუბრებს, გახლავთ ის, რომ გია ყანჩელმა "ჩიტო-გვრიტოზე" კლიპის გადაღების უფლება არ მისცა.

რუსეთში 2003 წელს ჩასული ხუჯაძე პოპულარული გია ყანჩელის "ჩიტო-გვრიტოთი" გახდა. ქართველი მომღერლის შესრულებულ რემიქსს, ბევრი რუსული რადიოსადგური ატრიალებდა.

დათო ხუჯაძე: რუსულ MTV-ზე რომ მოვხვედრილიყავი, "ჩიტო-გვრიტოზე" კლიპის გადაღება მთხოვეს. ჩემი "ჩიტო-გვრიტო" ძალიან პოპულარული იყო მოსკოვში. რადიოსადგურებში დიდი ხანი ტრიალებდა. თითქმის ყველა რადიოში უსმენდნენ.

მოკლედ, რუსულ MTV-ზე დატრიალების შანსი გამომიჩნდა. ისეთი ბედნიერი გამოვედი ტელევიზიიდან, კლიპს მივიტან და "დამატრიალებენ-მეთქი". ამისთვის კომპოზიტორისგან უფლება უნდა ამეღო და არხზე მიმეტანა. მაგრამ გია ყანჩელმა "ჩიტო-გვრიტოზე" კლიპის გადაღების უფლება არ მომცა. 

უპატრონო ბიჭი ჩავედი რუსეთში, გავაკეთე ახლებური ვერსია, რა დავაშავე? პირიქით, ავტორს, რადიოებისგან შემოსავალი მისდიოდა. მაგრამ არ მოსწონდა ჩემი ვერსია. უარით რომ გამომისტუმრა, ეს იყო ჩემთვის უძლიერესი ტრავმა. ფაქტობრივად, ჩამძირა. 

MTV-ზე მერე მაინც მოვხვდი, "ჯანაიათი" ჰიტებში და პირველ ადგილზე აღმოვჩნდი. მაგრამ ის მაინც დღემდე მწარედ მახსოვს, ვერ დავივიწყებ.