"ლაო, ქალს და მუსიკას დაბადების დღე არ აქვსო, მეუბნებოდა..." - როგორ "დაინახა" ლაურა რეხვიაშვილი მიშა თუმანიშვილმა

laura

6 თებერვალი მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეა. დიდი მაესტრო 103 წლის გახდებოდა. 75 წელი იცოცხლა, თუმცა მისი სახელის უკვდავსაყოფად, ეს დრო, საკმარისი აღმოჩნდა. 

1941 წელს, დიდ სამამულო ომში მებრძოლი, რამდენიმეჯერ დაჭრილა, ტყვედაც ჩავარდნილა, მაგრამ, ბანაკიდან გაქცევა მოახერხა. მძიმე ჭრილობის გართულების გამო, 1944 წელს თუმანიშვილი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც, თბილისში დაბრუნდა. 

შემდეგ იყო სარეჟისორო ფაკულტეტი, გიორგი ტოვსტონოგოვის ჯგუფი და კარიერა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. შემდეგ იყო სხვადასხვა პერიოდები - რუსთაველის თეატრი, კინოსტუდია "ქართული ფილმი", თეატრალური ინსტიტუტი, სადაც 1978 წელს, მისივე სახელოსნოს მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.

ლაურა რეხვიაშვილი მსახიობთა იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნება, რომელიც მაესტროს თავიდანვე "მოხვდა თვალში" და მისი ტალანტი შენიშნა.

კახეთიდან თეატრალურ ინსტიტუტში საბუთების შესატანად ჩამოვიდა, თუმცა შემოქმედებითი ტურები უკვე ჩატარებული იყო, სასწავლებელში სტუდენტთა მიღება დაესრულებინათ.

როგორც მსახიობი ჰყვება, როდესაც მიხეილ თუმანიშვილმა დაგვიანებით მისული დაინახა, თქვა: " თუ ამ ქალიშვილს თავისი გარეგნობის ტოლფასი ნიჭი აქვს, მე ვარღვევ მიღების ყველა წესს და ამყავს ჩემს ჯგუფში". მართლაც ასე მოხდა, მსახიობი მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში ჩაირიცხა.

ცნობილი ფაქტია, რომ მიხეილ თუმანიშვილის გახმაურებულ სპექტაკლში "დონ ჟუანი", რეჟისორმა მოკარნახის როლი სპეციალურად ლაურა რეხვიაშვილისთვის მოიფიქრა. ლაურა რეხვიაშვილს პირველი ტრიუმფიც მოკარნახის როლმა მოუტანა, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იმოგზაურა თეატრის დასთან ერთად და მისი მისამართით არაერთი რეცენზია დაიწერა მსოფლიო პრესაში. 

ლაურა რეხვიაშვილი: მიშა თუმანიშვილი რომ შემოვიდა, მე ფეხზე წამოვდექი. ვაი, დაჯექიო. მერე უთქვამს, ამ ქალიშვილს თავისი გარეგნობის ტოლფასი ნიჭიერება თუ აღმოაჩნდა, მე ვარღვევ მიღების ყველა წესს და ვსვამ ჩემთან ჯგუფშიო. მომიწყო გამოცდა... 

"ანტიგონეს" რეპეტიციები რომ ვნახე ტელევიზორში, ლამის შევხტი ეკრანში და ეს ადამიანი ჩემს წინ რომ შემოვიდა, ვიცანი და ვიყავი ბედნიერი და ლაღი, ვიცოდი, სად ვარ და ვისთან მქონდა საქმე. 

მერე ვკითხე, ასე რატომ მოიქეცი-მეთქი? მიპასუხა, მე შენისთანა მასალა გამოცდაზე არ შემომსვლიაო. 

***

კინომსახიობთა სახელოსნოს წინ ვდგავარ, მხოლოდ ორი სეზონია ჩავლილი. ვდგავარ და ვიღაცას ძალიან აქტიურად ვუყვები რაღაცას. ჩაიარა მიშა თუმანიშვილმა. არ შემამჩნია, არ მომესალმა. შევედი და მოვახერხე ის, რომ ვაგრძნობინე, ნაწყენი ვარ, რატომ არ შემამჩნიე-მეთქი? "ლაო" უნდა ეთქვა და არ მითხრა...

კიო, გაბრაზებული ვარო. რა დავაშავე, ბატონო მიშა-მეთქი? არ შეიძლება ასე იდგე სახალხოდ და მაყურებელს აყურებინებდე, ხელებს და ფეხებს როგორ იქნევო. იდუმალი უნდა იყო მსახიობი ხალხისთვის, მაყურებლისთვის და მხოლოდ სცენაზე და ეკრანზე უნდა ენატრებოდეს შენი ნახვაო. მაშინ, რა საკვირველია, ეს მე არ მესმოდა და ამევსო თვალები ცრემლით. ვერ გავიგე. დღეს ეს მესმის...

 მეუბნებოდა, თუ შრომა არ დაგეზარება, ხელის გულით მიგაცილებენ სავანეშიო. საუკეთესო მონაცემი გაქვს და დაიხარჯე ამ მონაცემშიო. მაგრამ როგორ უნდა დავხარჯულიყავი? ყველა სიგლახე ჩემი სიცოცხლის მოცემულ დროში მოხდა და რა გავაკეთო? კიდევ რა მაგარი და კარგი ტიპი ვარ. ნეტავ, ღმერთმა რატომ გამომარჩია? არ გავბოროტდი, არ შემშურდა, არ ვჭორავ, ცუდი არავისთვის მისურვებია. თუ ადამიანი არ მიყვარს, არ მძულს.

მიხეილ თუმანიშვილი ასე მილოცავდა დაბადების დღეს – "ლაო, ქალს და მუსიკას დაბადების დღე არ აქვსო..."

მიშამ დატოვა ფორმულა: შეგრძნებები ბადებს აზრს, აზრი ბადებს სურვილებს, სურვილები - ქცევებს, ქცევები - ჩვევებს, ჩვევები - ხასიათს, ხასიათი - ადამიანს და მის ბედს. რა საინტერესოა". ყველა მისი წიგნის, სპექტაკლის, ნამუშევრის, გაკეთებულის და გასაკეთებლის ფორმულაა ეს. 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"ელდარმა ისეთი ცხოვრება განვლო, რომ სავსებით შეიძლებოდა, ახლა სრულიად გათიშული ყოფილიყო, მაგრამ დღემდე გადასაღებ მოედანზეა. თავისი უბედურებით არავინ შეუწუხებია“ - კირა ანდრონიკაშვილი იუბილარ მამიდაშვილზე

"ნატვრის ხის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, თენგიზ აბულაძე ავარიას, სასწაულებრივად გადაურჩა. თურმე, მაესტროს, წინ "მონანიება" ელოდა..." - გენიალური რეჟისორის 100 წლის იუბილ

"ეს ფოტოები რომ დავინახე, ვიკივლე! მივხვდი, რომ იქაც ერთად არიან" – რა საჩუქარი "დაახვედრა" საფლავზე მისულ ქალიშვილს მორის ფოცხიშვილმა