"ნატვრის ხის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, თენგიზ აბულაძე ავარიას, სასწაულებრივად გადაურჩა. თურმე, მაესტროს, წინ "მონანიება" ელოდა..." - გენიალური რეჟისორის 100 წლის იუბილე

natvris xe

დაუვიწყარი ფილმების რეჟისორს, თენგიზ აბულაძეს ინტერვიუების მიცემა არ ჰყვარებია, ტელე გადაღებაზე საუბარიც ზედმეტი იყო. ამიტომ ნაკლებად თუ შემორჩა მაესტროს ინტერვიუ, რაიმე პორტრეტული ფრაგმენტი... ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც მისმა რძალმა, კინო რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ თენგიზ აბულაძეზე წიგნის გაკეთება გადაწყვიტა, ეს იყო. და წიგნი, რომელსაც „თენგიზ აბულაძე - ანარეკლები“ დაარქვა, 2009 წელს დაიბეჭდა. ქალბატონმა ნანამ ეს არაჩვეულებრივი წიგნი მისახსოვრა და შევეცდები, იქიდან საინტერესო პასაჟები გაგიზიაროთ.

მაშ ასე, 31 იანვარს დიდი მაესტრო 100 წლის გახდებოდა...

პირველი ფილმი რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაიღო. „მაგდანას ლურჯას“ დაბრკოლება შეხვდა, ფილმის ჩამორთმევა უნდოდათ. მაგრამ პირველი წარმატება მოულოდნელად მოვიდა. ფილმი კანის ფესტივალზე დილით აჩვენეს, მაგრამ ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ საღამოსაც გაიმეორეს. კონსტანტინე გამსახურდიამ მწარედ იხუმრა: ევროპაში ვირებით გავედითო. კანში გამარჯვების შემდეგ რეზოს და თენგიზს ბევრი მოტრფიალე გაუჩნდა.

“სხვისი შვილების“ გატანაც ბრძოლით მოუხდა. ასეთი შენიშვნები ჰქონდათ: ბავშვებს პიონერის ყელსახვევი რატომ არ უკეთიათ? რატომ არ გაიარეს იმ ქუჩაზე, სადაც ლენინის ძეგლი დგას? საბჭოთა ფილმი არ არის, იგზავნებოდა ამგვარი შინაარსის ანონიმური წერილები.

„მე ბებია ილიკო და ილარიონსაც" გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. რატომ გურიაში არ არის გადაღებულიო? თენგიზი იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდა სახვით გადაწყვეტას, რომ გურიის სიმწვანემ ხელი შეუშალა.

ფილმ „ვედრებაში“ ვაჟას ბევრი ისეთი უცნობი ნაწარმოებები შევიდა, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ ხალხმა ვაჟა-ფშაველას კითხვა დაიწყო. ფილმს ყველაზე დაბალი, მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. გრიგოლ კიკნაძემ თქვა, ფილმს რომ ხელს ფელინი აწერდეს, მაშინ ჩვენი სნობი საზოგადოება სხვანაირად ილაპარაკებდაო. შვიდი წლის შემდეგ კი "ვედრებამ" სან-რემოში გრან-პრი მიიღო.

მზია მახვილაძე, თენგიზ აბულაძის მეუღლე: „მონანიებას“ რომ იღებდა, ორი „კაგებეშნიკი“ მივიდა სტუდიაში, თენგიზი ოთახში შეიყვანეს და დაკითხეს. მერე სცენარი მოსთხოვეს და წაიღეს. ძალიან გვეშინოდა. თენგიზმა სახლში მთელი დისიდენტური ლიტერატურა მოაგროვა და სახლიდან გაიტანა, ახლობლებს მიაბარა.

მოახლოვდა 31 იანვარი, თენგიზი 60 წლის ხდებოდა. ზღვა წერილები და მილოცვები დაიბეჭდა. მე ვამშვიდებდი, ნახე, რა ხდება, ალბათ, ფილმი არ დაუხურავთ, თორემ ასე ხომ არ აღნიშნავდნენ შენს იუბილეს-მეთქი. ამათი ამბავი არ იცი შენ. მიხეილ ჯავახიშვილი მაშინ დაიჭირეს, ზენიტში რომ იყოო, მიპასუხა. დაბადების დღეზე 40 კაცი შეიკრიბა. გიგა ლორთქიფანიძე იყო თამადა. არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა. მოვიდა ედუარდ შევარდნაძის თბილი მოლოცვა.

მეორე დილით რვა საათზე დარეკა ტელეფონმა. თენგიზმა აიღო და მესმის მისი ხმა: დიდი მადლობა, ბატონო ედუარდ. წავიკითხეთ თქვენი მოლოცვა, დიდი მადლობა. ეს ზარი ჩავთვალეთ იმის ნიშნად, რომ  "მონანიების" გადაღების გაგრძელება შეიძლებოდა.

სხვა რეჟისორები რომ მიწვევდნენ გადასაღებად, არ მიშვებდა. მე გადაგიღებო. თვითონაც არ გადამიღო. მე კი არა, მანანა აბაზაძე არ გაუშვა სხვასთან. ეჭვიანი იყო. უნდოდა, რომ თავისი აღმოჩენილი ადამიანი მარტო მისი ყოფილიყო. ორი პატარა ეპიზოდი მერგო - „ნატვრის ხესა“ (ნინოლას როლი, ფუფალას რომ თავის ტკივილის წამალს ასწავლის) და „მონანიებაში“ (მორების ეპიზოდში დედა).

მე მჯერა, რომ თენგიზს მტერი არ ჰყოლია. თვითონ არავის მტერი არ ყოფილა. ყოველთვის ამბობდა, ყველამ თავისი საქმით უნდა იბრძოლოსო.

თენგიზმა იარა თავისი გზით, სწორი გზით, სხვანაირად არც შეეძლო.

თენგიზ აბულაძის გენიალური ფილმი - "მონანიება" საბჭოთა ცენზურას ძლივს გადაურჩა. ამაში ლომის წვლილი ედუარდ შევარდნაძეს, იმ დროინდელი ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს მიუძღვის.

ამდენად, ვინც შევარდნაძეს, როგორც პოლიტიკოსს კიცხავს, იქვე მადლობა უთხრას იმისთვის, რომ დღეს ეს შედევრი გვაქვს. აბა, წარმოიდგინეთ ჩვენი ფილმების პალიტრა "მონანიების" გარეშე.

ფილმის გარშემო შესანიშნავად ჰყვება აბულაძის რძალი, კინო რეჟისორი ნანა ჯანელიძე. 

"ნატვრის ხის" გამოსვლის შემდეგ, თენგიზ აბულაძე მძიმე ავარიაში მოჰყვა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა, რეჟისორი სასწაულებრივად გადარჩენილა. მას გაუჩნდა რწმენა, რომ გადარჩა იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა შექმნას.

ქუჩაში შეხვდა აკაკი ბაქრაძე. მას უთხრა, რომ ახალი ფილმისთვის სცენარს ეძებდა. აკაკიმ გაიხსენა ამბავი, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოხდა: ვიღაცას წარსული ცოდვებისთვის ამოუთხრია მიცვალებული და ჭირისუფალს ჭიშკართან მიუყუდა. ისიც დაუმატა, რომ ამ თემაზე მწერალი ნოდარ წულეისკირი მუშაობდა. 

ნანა ჯანელიძე: 1937 წელს მაღალჩინოსან ჩეკისტს ბუღალტრის ლამაზი ცოლი მოეწონა. ჩეკისტმა ბუღალტერი გულაგში (შრომა გასწორებითი კოლონია ციმბირში) გაგზავნა, ცოლი კი საყვარლად გაიხადა. ქალმა თავი ჩამოიხრჩო. გავიდა წლები, ჩეკისტი გარდაიცვალა და შურისძიება შეუძლებელი გახდა. მაშინ მსხვერპლის ვაჟმა საზარელი სასჯელი მოიფიქრა - მიცვალებული ამოთხარა და პატრონს სახლთან მიუგდო.

ეს ზუსტად ის იყო, რასაც აბულაძე ეძებდა. ეს ფაბულა იქცა მისი მომავალი ფილმის კვანძად. სცენარს "აფთარი" დაარქვა.

იმ დროს სტალინური რეპრესიები ჯერ კიდევ აკრძალული თემა იყო, მით უფრო მასზე ფილმის გადაღება. სცენარსა და ფილმს მკაცრი ცენზურა უნდა გაევლო, საქართველოსა და მოსკოვში, ამიტომ ეს ჩანაფიქრი განუხორციელებელი ჩანდა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მთავარია კარგი სცენარი დაიწეროს, შემდეგ კი განგება თავად განკარგავს ფილმის ბედს.

რასაკვირველია, თენგიზ აბულაძე ასე მარტივად არ უყურებდა ამ ყველაფერს. მან გადაწყვიტა, რომ ათგვერდიანი სინოფსისი ეჩვენებინა ედუარდ შევარდნაძისთვის. სინოფსისის ავტორი ნოდარ წულეისკირი იყო. შემდეგ სცენარზე მუშაობისას ის ჯგუფს გამოეთიშა. მუშაობის პროცესში კი სცენარი სრულიად გადასხვაფერდა. ("მონანიების" სრული ისტორია ნახეთ ამ ბმულზე.)

გიგა ლორთქიფანიძე: "მონანიება" იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. მისი გაბედვა მხოლოდ თენგიზ აბულაძეს შეეძლო. მახსოვს, სცენარი ედუარდ შევადრნაძეს მისცა წასაკითხად. გავიდა ორი თვე და პასუხი არ ისმის. თენგიზმა რეზო ჩხეიძეს უთხრა, მგონი, ედუარდს უჭირს გადაწყვეტა. შეუძლებელია ამ ფილმის გადაღება და უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩავაყენებთო. დაურეკა რეზომ შევარდნაძეს და მან მეორე დღეს დაიბარა ორივე. ეს არის გენიალური სცენარი, მაგრამ უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. მოსკოვი ამას არ მიიღებს. არც ტელევიზია. ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრე, აქაურ ტელევიზიას გადავაღებინოთ. მაგრამ სცენარი არავის წააკითხოთო. „მონანიების“ ბედი შევარდნაძემ გადაწყვიტა. ამიტომ თენგიზს თავი მოვალედ მიაჩნდა, მხარში ამოსდგომოდა ედუარდს. უკვე ავადმყოფი, გამხდარი და შეცვლილი მიდიოდა პარლამენტის სხდომებზე, ბოლომდე იჯდა და ასე გამოხატავდა მადლიერებას შევარდნაძის მიმართ.

სოფიკო ჭიაურელი: ფუფალა ნათელი ფერია ჩემს შემოქმედებით ბიოგრაფიაში. ვფიქრობ, სხვა რომ აღარაფერი გავაკეთო, ფუფალა ხომ მაინც დარჩება-მეთქი. ქართული კინოს კი ის პერიოდი დარჩება როგორც კლასიკა.

მაგიჟებდა თენგიზის ინტელექტი. მსახიობისადმი საოცარ ნდობას იჩენდა. იცით, როგორ გიგდებდა ყურს? თითქოს პირველად მოვიდა კინოში. ის არ იყო ის პიროვნება. რომელსაც რაღაც ჩაფიქრებული აქვს და არ გადაუხვევს. ისეთ გენიოსსაც კი, როგორიც ჩაპლინია მოჰყავდა მუშები, გამნათებლელი და აჩვენებდა მასალას, თვითონ უკან ჯდებოდა და აკვირდებოდა, ვის როგორი რეაქცია ჰქონდა.

მარიტას ვირის ტარების ეპიზოდი რომ ეკრანზე პირველად ვნახე, ვეჩხუბე თენგიზს. იცით რატომ? ფუფალას სირბილის ეპიზოდი გრძლად გვქონდა გადაღებული. მორბის ეტაკება ვიღაც, ისევ მირბის, მერე დაეცემა. ეს დაცემა ძალიან კარგად მქონდა მომზადებული. მონტაჟის დროს ამოჭრა. რა ვქნა, სოფიკო, განა ჩემთვის ადვილი იყო? ყოველ კადრს, როგორც შვილს ისე ვემშვიდობებოდიო, მითხრა.

ჩიკაგოს ფესტივალზე ჟურნალისტები ვერ მიხვდნენ, მე ვის ვთამაშობ ფილმში. მარიტა არ ვიყავი, მაგრამ ვინ? როცა ვეუბნებოდი, ფუფალა ვარ-მეთქი, გაოცებულები მიყურებდნენ. "მონანიებას" რომ იღებდა, თენგიზმა დამირეკა და მითხრა, ერთი პატარა როლია, მინდა ფუფალას ხასიათის გაგრძელება იყოს. ცოტა დაგაბერებთ და იქნები ქალი, რომელიც ტაძრისკენ მიდის, ტოვებს ამ ქვეყანასო. რად გინდა ჩემი დაბერება, დედაჩემი აქ არის-მეთქი. გაჩუმდა და მკითხა, დაგვთანხმდებაო? დედაჩემი გადაირია, არსად არ წავალო! აქ მოვიდნენ და ჩვენს პატარა ქუჩაზე გადაიღეს მსხვილი ხედებით... ასე რომ "მონანიებაში" ჩემი პატარა წვლილი მეც შევიტანე. ზეიკო ბოცვაძე თურმე ფუფალას როლზე ოცნებობდა, მე კიდევ პირიქით, "მონანიების" ქეთი ბარათელზე...

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ეს ძალიან საჭირო ფილმია! შეძრული ვარ!“ - როგორ გადაარჩინა განადგურებას ედუარდ შევარდნაძემ „მონანიება“

ვინ იყვნენ "ნატვრის ხის" პერსონაჟების პროტოტიპები - გაიცანით მარიტა, ფუფალა, ციციკორე...

„ძალიან მიყვარდა… საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო… ისე ვიცხოვრე, როგორც მინდოდა“ - ზეიკო ბოცვაძე 79 წლის გახდებოდა