„დღემდე აქვს პატარა ელიზბარის ღიმილი, თვალები კი, ისევ ისე უცისკროვნდება, როგორც ბავშვობაში" - მეუფე შიო იუბილარია

shio

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე - მეუფე შიო მუჯირი პირველ თებერვალს იუბილარია. მისი მაღალყოვლადუსამღდელოესობა 55 წლის გახდა.

რეჟისორი გიო მგელაძე მეუფე შიოს კლასელი ყოფილა. მეგობრობა მალე ნათელმირონობას შეუცვლია. როგორც ის ამბობს, მეუფეს ბავშვობიდან წამოყოლილი თვალები და ღიმილი აქვს, რომელიც ცხოვრებას ვერ გადაუსხვაფერებია. 

"პრაიმტაიმთან" მეგობარსა და ნათლიას გიო მგელაძე იხსენებს. 

გიო მგელაძე: მამა შიო (ელიზბარი) ჩემი კლასელი და ნათლიაა. მერვე კლასში ვიყავი, ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა და მან და ირაკლი კაკაბაძემ მომნათლეს. 

საოცარი ურთიერთობა გვქონდა და იყო ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ადამიანი ჩემი ბავშვობიდან. ყველას უყვარდა. მანათობელი იყო. მშობლებიც ასეთი მანათობელი ჰყავდა და ბებია-ბაბუებიც. მამა, ძია მურაზი, გარეგნობით ჯეკ ნიკოლსონს ჰგავდა. ამ დროს, შინაგანად, ვლადიმერ ვისოცკი იყო. ფანტასტიკურ სიმღერებს წერდა. პროფესიით არქეოლოგი იყო.

ელიზბარი კი ყოველთვის კეთილი და სამართლიანი იყო. სწორი დამოკიდებულება ჰქონდა ყველაფრისადმი. მართალი ადამიანია ბავშვობიდან.

განათლებული იყო თავიდან.

მერვე კლასიდან მუსიკალურ ათწლედში გადავიდა და შემდეგ კონსერვატორიაში ჩააბარა. ჩელოზე უკრავდა. მასზე, როგორც ჩელოისტზე, ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ. კონცერტებზე უკრავდა.

მერე ბერი გახდა. როდესაც შიო მღვიმის მონასტერში იყო, ვაკითხავდი და იქ ვრჩებოდი. ის გახდა ჩემი პირველი სულიერი დამრიგებელი, მრჩეველი. მეც გულახდილად ვუზიარებდი და ვუზიარებ ყველაფერს დღემდე. ერთმანეთს ჩვენ-ჩვენ დამოკიდებულებებზე ვესაუბრებით. მაქვს ეს ფუფუნება, ის არის მეგობარი და ნათლია ერთად.

ბოლოს მისი წიგნის პრეზენტაციაზე ვნახე, თვე ნახევრის წინ. ქართველ თეოლოგზე და ჩვენს თეოლოგიაზე წიგნი გამოსცა.

თავმდაბალი ადამიანია. ისევ ძველებურად ვურთიერთობთ. თუმცა რიდი მაინც არის. 

დღემდე აქვს პატარა ელიზბარის ღიმილი და გაცისკროვნებული თვალები. ისევ ისე უცისკროვნდება თვალები, როგორც ბავშვობაში. რაც მთავარია, ის არ შეცვლილა...

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

მარიტა მეფარიშვილის უფროსი და, ნუცა, პატარა დასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

"ნატვრის ხის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, თენგიზ აბულაძე ავარიას, სასწაულებრივად გადაურჩა. თურმე, მაესტროს, წინ "მონანიება" ელოდა..." - გენიალური რეჟისორის 100 წლის იუბილე

"მერაბთან ვმეგობრობთ, რასაც მეტყვით, გავაკეთებო, სიხარულით მოვიდა..."- რა "აბდაუბდა" მოაწყო 91 წლის ელდარ შენგელაიამ ცირკში