"ჯვარი გააზრებულად უნდა დაიწერო. უნდა გესმოდეს მისი მნიშვნელობა..." - იუბილარი იმედა კახიანი თავის ქორწინებაზე

imeda

იმედა კახიანი 85 წლის გახდა. მსახიობი მეუღლესთან ერთად მცხეთაში, აგარაკზე ცხოვრობს, სადაც დროდადრო სტუმრობენ ქალიშვილი და შვილიშვილები თავიანთ პატარებთან ერთად. 

მსახიობი "პრაიმტაიმთან" თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს იხსენებს. 

იმედა კახიანი: - 19 წლის ვიყავი, “საბუდარელი ჭაბუკის” სასინჯ გადაღებაზე რომ მივედი. 1956 წელი იყო. როლზე დამამტკიცეს, გოგიტა გავხდი, მაგრამ არ მყავდა თებროლე. თუ ვინმე კარგი გოგო იყო, მოჰყავდათ სინჯებზე. ერთ მშვენიერ დღეს ეს ჩემი უბნელი კარგი გოგოც მოიყვანეს.

თუმცა ჩემს მომავალ მეუღლეს, ფლორას კინოში არ გაუმართლა და თებროლე ვერ გახდა, სამაგიეროდ ძალიან გაუმართლა ცხოვრებაში და გახდა ჩემი ცოლი. მე დამიჭირა და კინო რაღად უნდოდა (იცინის)?!

დაიწყო სიყვარულობა, რომელსაც ჩვენს დროს ეძახდნენ – “დადიანო”. ორშაბათობით კინოში დავდიოდით, ახალი ფილმები გამოდიოდა. პლეხანოვზე იყო ფილარმონია და თუკი რაიმე კონცერტი ტარდებოდა, ჩვენც იქ ვიყავით. იმ დროს ყველა მოსწავლეს, სტუდენტს ჰქონდა აბონემენტები, მთავრობა ურიგებდა და რუსთაველის, მარჯანიშვილის, მოზარდ მაყურებელთა თეატრებში დადიოდა ყველა მოზარდი.

იყო კოცნაც, რავა არ იყო? მაგრამ მოკრძალებული, სახალხო და საჩვენებელი კი არა. შევაპარე, მასაც გრძნობა ჰქონდა. კოცნის იქით სხვა რამე როგორ შეიძლებოდა?

შეყვარებულები რომ ვიყავით ყველამ იცოდა. ყოველ საღამოს ფეხით დავდიოდით. ასე გავიდა ხუთი წელი.

ელდარ შენგელაია და თამაზ მელიავა ყაზბეგში იღებდნენ “თეთრ ქარავანს”. რა გახდა შენი დაქორწინება, ამდენი ხანი სიარული რა არის, ბარემ წამოვიდნენ, მითხრეს გადამღებ ჯგუფში.

უკვე 25 წლის ვიყავი. თბილისში წამომყვნენ თამაზ მელიავა და მისი ასისტენტი გიზი გაბესკირია. ჩამოვედით და თბილისში დაგვხვდა ნოდარ დუმბაძე, რომელიც მაშინ კინოსტუდიის სასცენარო განყოფილებაში მუშაობდა.

სიონში დავიწერეთ ჯვარი. მაშინ ყველა არ იწერდა ჯვარს, ამ რიტუალს ფასი ჰქონდა. მე თუ მკითხავთ, ეს სანახაობა კი არ არის, ჯვარი გააზრებულად უნდა დაიწერო. უნდა გესმოდეს მისი მნიშვნელობა, რა პასუხისმგებლობა გეკისრება.

25 კაციანი სუფრა გვქონდა, თან ფლორას დაბადების დღე იყო. მეორე დღეს წავედით ყაზბეგში, გადასაღებ მოედანზე. გზად თამაზ მელიავამ მოითხოვა, ფასანაურში საჭმელად შევიაროთო.

იქ მეგობრებით დაგვხვდა ჩვენი გენიალური კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე, რომელიც კარგი მოქეიფე და მოსიყვარულე ქართველი იყო. ხომ იცით, “საბუდარელ ჭაბუკში” მისი სიმღერაა – “გულს რად მიკლავ, მე სიცოცხლე”. უყვარდა ეს სიმღერა და ამბობდა, სხვა რომ არაფერი დამრჩეს, მარტო ეს სიმღერა ხომ მაინც დარჩება ჩემს სახელზეო. გვიანობამდე გაგრძელდა ქეიფი.

ამ დროს ყაზბეგის შესასვლელში საგანგებოდ დასახვედრად მზად იყო გადამღები ჯგუფი; ბატონი სპარტაკ ბაღაშვილი ჩოხით და ამბით შეგვეგება… ჩვენთვის გაიხსნა ახალი სასტუმრო…

ასე დავქორწინდით, ჩემო ძვირფასო. ვცხოვრობთ ამდენი ხანი და ვუძლებ ამ გურულ ქალს. დიდი გამძლეობა უნდა. ჯერ გურულის გაგება როგორია, რას და როგორ ლაპარაკობს და მერე კიდე, ჩემი მეუღლე არაბისტია, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორია, არაბულ ენას ასწავლის. ახლა გურული რომ არაბულად ილაპარაკებს, რა დღეში ვარ, ხომ წარმოგიდგენიათ?

ბევრი რამ გამოვიარეთ. დიდი ტრაგედიაც გადავიტანეთ, 14 წლის ანგელოზივით ვაჟი გარდაგვეცვალა. ეს იყო დიდი ტკივილი. მტერსაც ნუ გამოაცდევინოს ღმერთმა. რომ არა ეს ტრაგედია, უბედნიერესი კაცი ვარ. ეკამ სამი შვილი გვაჩუქა. გვყავს შვილთაშვილები…

დიდი დანაშაული არაფერი ჩამიდენია. პატარა შეცდომები ყველას აქვს. ვერც ვიტყვი, უცოდველი ვარ-მეთქი.

– ყოველთვის ცოლის ერთგული იყავით?

– რას ბრძანებთ ბატონო, ახლა განსაკუთრებულად ერთგული ქმარი ვარ (იცინის).

კარგი დიასახლისია, ვერ წავართმევ. ყველა მოხიბლულია მისი ხაჭაპურით. იცოცხლე, ძალიან გემრიელს აცხობს.

სახელს ამართლებს, ყვავილები უყვარს, ელაპარაკება… ახლაც მუშაობს, არ ანებებს თავს სამსახურს. არც მე ვარ უქმად. ელდარი ფილმში მიღებს.