გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
28 წლიანი გერმანული თეატრალური მოღვაწეობა, რეზო ჩხიკვიშვილისთვის, საპენსიო ასაკის გათვალისწინებით, ოფიციალურად სრულდება. არ ეგონოთ, რომ მსახიობი ესენის თეატრს ტოვებს. ის დასის ოფიციალური წევრი აღარ იქნება და მხოლოდ მოწვეული არტისტის სტატუსით ითამაშებს სცენაზე.
როგორც ქართველი მსახიობი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ეს საპენსიო სტატუსი, მისთვის კარგი პერიოდის დასაწყისი იქნება, რადგანაც ის თავისუფლად დათანხმდება ახალ შემოთავაზებებს როგორც სამშობლოში, ასევე გერმანიაში.
რეზო ჩხიკვიშვილი: - აქ, გერმანიაში, 65 წლიდან ყველა, ვინც სახელმწიფო სამსახურშია, ოფიციალურად გადის პენსიაზე. მეც მიწევს გასვლა... რა თქმა უნდა, ცოტა სევდა სდევს ამ მომენტს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე თავს ვანებებ სასცენო ცხოვრებას და ჩემს შემოქმედებით კარიერას. პირიქით, ახლა ვიწყებ ცხოვრებას. ყველაზე კარგი პერიოდი მეწყება იმ მხრივ, რომ აღარ ვიქნები მიჯაჭვული თეატრს და თავისუფლად დავთანხმდები სხვადასხვა პროექტებს, საქართველოსა თუ გერმანიაში.
უკვე ვიცი, რომ ბევრი ახალი პროექტის შემოთავაზება მექნება. უბრალოდ, აქ ოფიციალურად ვერ იქნები დასის წევრი. თორემ მოწვევით, შემოთავაზებით ყველგან შემეძლება თამაში, თუკი მე ამ მიწვევას დავთანხმდები... უკვე მექნება არჩევანის გაკეთების საშუალება.
სულ მცირე ერთი წელი, ჯერ ისევ აქტიური თანამშრომლობა მექნება თეატრთან, ბევრი მოვალეობები და სპექტაკლებია, რომლებიც რეპერტუარში იქნება...
ახლა მიღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმში. ეს არის ექვსი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შემდგარი მხატვრული ფილმი, რომლის პრემიერა ესენის უდიდეს კინოთეატრ "ლისტბურგში" შედგება. შემდეგ უკვე სხვა კინოთეატრებში გავა...
ვარ თაღლითის როლში. ჩემს გმირს ჰყავს ოჯახი, ოჯახის წევრებსაც ისე ცუდად ექცევა, როგორც თავის თანამშრომლებს. ბიზნესმენს ვთამაშობ, რომელსაც ბენზინგასამართი სადგურები აქვს. დამსდევს პოლიცია. თუმცა მათთან გარიგებას ვდებ და თაღლითური ბიზნესით ნაშოვნი ფულის სანაცვლოდ მათავისუფლებენ. კარგად სათამაშო სახეა...
- ჩვენთან, საქართველოში თქვენი ბოლო ნამუშევარია სერიალი "სეანსი", სადაც ფსიქოთერაპევტის, მთავარი როლი შეასრულეთ. მეორე სეზონის გადაღებაზე ხომ არ მიდის მოლაპარაკება?
- ჯერ საუბარი არ არის, სამწუხაროდ. მეც ძალიან მინდა "სეანსი" გაგრძელდეს და ნინო კასრაძესაც.
იქნებ მერე უფრო ვიაქტიურო ამ თემით, როცა მართლა განვთავისუფლდები და შემეძლება ჩემი დროის შეუზღუდავად გამოყენება. აი, ეს პრიორიტეტი აქვს იმ "საპენსიო სტატუს".