"მაგარი ტიპია, რა... მისებრ მოაზროვნე არტისტი, ბევრი არ არის საქართველოში. დიდხანს იყოს" - ჟანრი ლოლაშვილი 80 წლის გახდა

lolashvili

იშვიათად მოძებნით მსახიობს, რომელიც ისეთივე წარმატებული იყოს ხელოვნების სხვა სფეროში, ამ შემთხვევაში - მხატვრობაში, როგორც ჟანრი ლოლაშვილია. როგორც მურმან ჯინორია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ის ისეთივე საინტერესოა სცენაზე და კინოში, როგორც მხატვრობაში, მოაზროვნე არტისტიაო.

მოაზროვნე არტისტი 22 აპრილს 80 წლის გახდა. 

რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ ფილმი "სამი სახლის" ფაბულა სწორედ ჟანრის ნახატზე ააგო. რეჟისორი ისე მოხიბლა ლოლაშვილის სახელოსნოში ნანახმა "ბუებმა", რომ მასზე სცენარი დაწერა და ფილმში ეს ნახატი, სამ სხვადასხვა დროში ამოგზაურა. 

 

მურმან ჯინორია ნიჭიერი კოლეგის შესახებ საუბარს მისი იუმორის გამოყოფით იწყებს და ამატებს, რომ კახელებზე ხუმრობა, ჟანრის საუკეთესოდ გამოსდის.

მურმან ჯინორია: - როცა კაცს და მით უფრო, ხელოვანს იუმორის გრძნობა აქვს, მასთან ურთიერთობა კომფორტულად, რბილად და საინტერესოდ მიდის. 

უნიჭიერესი ადამიანია. მაშინ ხარ წარმატებული, როდესაც გამორჩეული და განსხვავებული ხარ. ვინმე ვინმეზე უკეთესი კი არ არის, მაგრამ თუ განსხვავებული ხარ, უკვე წარმატებულიც ხარ.

ჟანრი თავისი ხელოვნებით არის განსხვავებული და ამიტომ აქვს თავისი განსაკუთრებული ფერი, როგორც სამსახიობო ხელოვნებაში, ისე - ფერწერაში. მისი ნახატები სხვის ნახატებს არ ჰგავს. არც თამაშის მანერა მოგაგონებთ სხვისას. სცენაზეც და კამერასთანაც, თამაშის მანერას მისეულ ფორმას უძებნის, სხვანაირად გამოხატავს, არასტანდარტულად.

ბევრი არ არის საქართველოში მისებრ მოაზროვნე არტისტი. თან კარგად თამაშობს, თან მოაზროვნეა. მის ნახატებში აზრი დევს, გინდა ხე დახატოს, გინდა ბუ და გინდა - ყვავილი. ამიტომაც მოქმედებს ემოციურად ჩვენზე.

ჩვენ რუსთაველის თეატრის სცენაზე ერთად ბევრ სპექტაკლში გვითამაშია. კინოში - "ცხელ ძაღლში" სამ სერიაში მომიწია მასთან ერთად თამაში. ბოლოს კი ზაზა ურუშაძის "სამ სახლში" ვითანამშრომლეთ. 

კომფორტულია მუშაობის დროს. კადრს მიღმა ხომ საოცარია მისი იუმორის მოსმენა. მაგრად ბაძავს კახელებს, აჯავრებს. ბოროტად კი არ ხუმრობს, პირიქით. იუმორი მაშინ არის კარგი, როდესაც ის სახალისოა. ჟანრის, კახელებზე, სახალისო სიუჟეტების მოყოლა შეუძლია. "სამი სახლის" გადაღებების დროს ქეიფები იყო. თუ მეორე დღეს გადაღება არ გვქონდა, იშლებოდა კარგი სუფრა და ჟანრი ხუმრობდა. მაგარი გურმანია, ეხერხება ახალი კერძის გამოგონება. ღვინის ფასიც იცის...

მაგარი ტიპია რა, კარგად და ჯანმრთელად უნდა იყოს.

სამეგობრო კაცია, სუფრასთან კარგია, სმაში და მოყოლაში კარგია. კარგი ცოლი და შვილები ჰყავს. გახარებული იყოს და დიდ ხანს გვყავდეს. საქართველოსთვის ასეთი განსხვავებული და გამორჩეული ფერი საჭიროა.

სხვა სიახლეები