ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
ავადმყოფობის შემდეგ, 75 წლის ასაკში, რუსთაველის თეატრის დამდგმელი მხატვარი, მირიან შველიძე გარდაიცვალა. ათობით წამყვანი და საეტაპო სპექტაკლის ვიზუალური მხარე, მისი ნიჭის წყალობით გვაქვს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი. იყო უტყვი, მშრომელი და პოზიტიური. უყვარდა ყველას - კარისკაციდან დაწყებული, სცენის მუშამდე დამთავრებული. იმ ამბიციებით, რომელიც მის სადარ ნიჭიერ შემოქმედებს ახასიათებთ, არ გადაგღლიდა. პრინციპში, სიტყვაძუნწი იყო და როგორ უნდა დაეღალე... სამაგიეროდ, საქმით ხმაურობდა.
"მირუშას რომ ვეძახით, ეს მისადმი ყველა მსახიობის თბილი დამოკიდებულებაა და ეს მან იცის," - ამბობდა კახი კავსაძე.
"დიდი იღბალია მირიან შველიძის დროში შემოქმედებითი ცხოვრება. ეს არის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად არ ლაპარაკობს და ქმნის საოცრებებს. მისნაირი ადამიანები აღარ არსებობენ," - ნანუკა ხუსკივაძე.
ჟანრი ლოლაშვილი: მოსმენა უფრო უყვარს, ვიდრე ლაპარაკი. გარინდული მირიანი ძალიან კარგი სანახავია. ქართული თეატრალური ხელოვნების ისტორიაში, მისი სცენოგრაფიები არის საეტაპო ნამუშევრები. უბრალოში დიდის დანახვა, დიდი ადამიანების ხვედრია.
ეს არის ამონარიდები ტელე-ფილმიდან "მემორია მათი თეატრი - მირიან შველიძე." ახლა კი გთავაზობთ მსახიობ ნანა ფაჩუაშვილის კომენტარს, რომელიც მან "პრაიმტაიმთან" დიდი მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, დღეს, გააკეთა.
ნანა ფაჩუაშვილი: - ვმუშაობთ სპექტაკლზე, რომლის მხატვარიც მირიანი იყო...
რეპეტიციაზე ვიყავით მისი გარდაცვალების ამბავი რომ გავიგეთ და გოგა თავაძეს ისეთი რეაქცია ჰქონდა, ცუდად გახდება-მეთქი, ვიფიქრე. ვეღარც გავაგრძელეთ რეპეტიცია და დავრჩით გულნატკენი...
კლინიკაში იწვა, მძიმედ იყო. გულის ოპერაცია ჰქონდა გადატანილი. შემდეგ ორგანიზმი მისუსტდა...
მირიან შველიძე თეატრის მთავარი მხატვარი იყო. ის სახე იყო რუსთაველის თეატრის. მას ჰქონდა არაჩვეულებრივი ხედვა და ხელწერა, რომელიც არავის არ გავდა. რომ შეხედავდი სცენას, მიხვდებოდი, რომ ეს იყო მირიანი. ეს ხელოვანისთვის და მით უფრო, მხატვრისთვის, მნიშვნელოვანი რამაა.
მისი ნიჭით აღფრთოვანებულები ვიყავით, ეს იყო სცენოგრაფია, კოსტიუმები თუ კონკრეტული ეპოქის მიმართ მისი დამოკიდებულება. განწყობას ზუსტად მიაგნებდა, რომ რეჟისორს და მსახიობებს, მის სამყაროში, კარგად ეგრძნოთ თავი.
რობიკოს ძალიან ადვილად უგებდა. მაშინვე. თუ ძალიან დაგვაინტერესებდა, მის ოთახში მაკეტს ვნახულობდით. მისი გენიოსობა ჩანდა იმაში, რომ მსახიობებთან ურთიერთობაში ცდილობდა მისი გაეტანა, ამ დროს მსახიობიც კმაყოფილი რჩებოდა. ამით იყო უნიკალური. საერთოდ მხატვრებთან მსახიობებს პატარა გაუგებრობები გვაქვს ხოლმე, ქალ მსახიობებს - ჩვენი კაპრიზები. მირიანთან არასდროს გვქონია კოსტიუმეთან დაკავშირებით რაიმე უკმაყოფილება. ის ამას ახერხებდა.
იყო მშვიდი, უსიტყვო ადამიანი. თავს დაგიქნევდა, ხასიათს არ გაგიფუჭებდა, მაგრამ მერე ისეთ რამეს შემოგთავაზებდა, რაც სასურველი იყო სპექტაკლისთვისაც და მსახიობისთვისაც.
ათწლეულებია ერთად ვიმუშავეთ და გეტყვით, რომ მირიანი უყვარდა ყველას. მოკრძალებული, თავმდაბალი, ნიჭიერი და დიდი პიროვნება იყო.