"ის მარტოხელა, მარტოსული ქალი, რომელიც მთელ საქართველოს შეუყვარდა, მე გახლავართ..." -  ცნობილი ჰიტების ტექსტის ავტორთან სიახლეა

tina

"დაიბადა ჩემი ახალი, ულამაზესი წიგნი "მე ავირჩიე გზა ეკლიანი", რომლის პრეზენტაცია შედგება 7 აპრილს,
17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში. გუდიაშვილის ქუჩა 7 (პირველ სართულზე, საკონფერენციო დარბაზი). დასწრება თავისუფალია.

ვაღიარებ, მსგავსი წიგნი არასდროს მქონია...
ხარებას დაბადებულს მახარა უფალმა, დედა ღვთისმშობელმა და მთავარანგელოზმა გაბრიელმა..." - წერს პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი სოციალურ ქსელში. 

წიგნი მცხეთის სამთავროს მონასტრის, იღუმენია ქეთევანის ლოცვა-კურთხევით გამოიცა.
"ვმადლობ მონასტრის დედებს: ნატალიას და ნინოს. შეწევნისათვის ვმადლობ მამა გაბრიელს" - იქვე ამატებს პოეტი.  

* * *
როს მრისხანების დამატყდა ქარი,
ნაგრიგალევი, არ წავიქეცი...
ოდესღაც, ალბათ, ვიყავი ქალი
და, შემდეგ, წიგნად გადავიქეცი.   

თინათინ მღვდლიაშვილი ბევრ სხვასთან ერთად, ამ სიმღერების ლექსების ავტორია - "ხმალი ავლესოთ, ქართველებო!", "მუმლი მუხასაო, დავით!" "მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო"...

"პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავისი ცხოვრებიდან ბევრი საინტერესო ფაქტი მოჰყვა.

თინათინ მღვდლიაშვილი: თუ გნებავთ, საიდუმლოს გაგიმხელთ. ის მარტოხელა ქალბატონი, მაცაცოს სიმღერაში, მე გახლავართ. იმ პერიოდში ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა მეუღლესთან, რომელიც მღალატობდა, როგორც ქალს და აგრეთვე ღალატობდა ჩემს პოლიტიკურ პრინციპებს. იმ პერიოდში, პოლიტიკური მოტივით ბევრი ოჯახი დაინგრა. ერთ-ერთი ჩვენი "ბუდეც"  იყო. მიუხედავად იმისა, რომ "იტალიური წყვილი" გახლდით, ჩვენს დაშორებას ვერავინ წარმოიდგენდა. მოკლედ, ეს მარტოხელა, მარტოსული ქალი, რომელიც მთელ საქართველოს შეუყვარდა, მე გახლავართ... 

პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ვარ მარტოხელა, მარტო ვცხოვრობ, ჩემს ყოფით პრობლემებში გახვეული, მაგრამ მძიმე დრო-ჟამს არ ვნებდები, კერკეტი კაკალი გახლავართ! კი, სოციალური პრობლემები მაქვს, ჩემი ოროთახიანი ბინა წიგნებით და ნახატებით სავსეა. მოლბერტის დასადგამი ადგილიც კი არ მაქვს. ჩემი გულშემატკივრები წუხან, სად არის მთავრობაო?!... არა უშავს, ავიტან! თუმცა ოდესღაც, ალბათ, ვიღაცას შერცხვება თუ რა პირობებში აცხოვრეს პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი.

ბოლო დროს უცნაური აზრები მაწუხებს, ასაკთან ერთად საფიქრალი მემატება, ვის დავუტოვო ჩემი ნახატები, ჩემი შემოქმედება: ხელოვნების მუზეუმს, საჯარო ბიბლიოთეკას თუ ვის? ამ ფიქრებში ვარ.

მოკლედ, ასეთი გახლავთ ჩემი ცხოვრება. ეპოქამ მოულოდნელად ზეცაში ამიტაცა და მოულოდნელად ხელი გამიშვა. თუმცა მე არ დავეცი, ავაზასავით თათებზე დავდექი. ასეთი გახლავართ მე, "ხმალი ავლესოთ, ქართველებოს" ავტორი, პოეტი თინათინ მღდვლიაშვილი. სხვაგვარად ცხოვრება არც მეკადრება...