დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეს გოგი დოლიძის დაბადების დღეა. ის 68 წლის გახდებოდა. ყველასაგან გამორჩეული მომღერალი 25 წლის წინ, 42 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
მომღერლის მოულოდნელი გარდაცვალება იმდენად დაუჯერებლად ეჩვენა ყველას, რომ როდესაც ხმა გავრცელდა, გოგი დოლიძე დაიღუპაო, ყველამ ჩათვალა, რომ ეს შოკისმომგვრელი ამბავი კინომცოდნე გოგი დოლიძეს ეხებოდა. ნეტა, მე ვიყო გოგის ადგილასო, წუხდა ასაკით ბევრად უფროსი სახელმოზიარე…
მომღერალს საბედისწერო დღეს სულ სხვა გეგმა ჰქონია. ქალთა დღე ქართველი ქალბატონებისთვის კონცერტით უნდა მიელოცა, თურმე. თამრიკო ჭოხონელიძე ექსკლუზიურად „პრაიმტაიმის“ მკითხველს მოუყვა, რას გეგმავდა გოგი სარვამარტოდ.
თამრიკო ჭოხონელიძე: – გოგი ჩემთვის დიდი ტკივილი და ამავდროულად ძალიან დიდი სიამაყეა. ის იყო ადამიანი, რომელიც მუდმივად სიხარულს განიჭებდა. თავს იღბლიანად ვთვლი, რადგან გოგი ჩემი ახლობელი ადამიანი იყო.
მოგიყვებით ისტორიას, რომელიც მხოლოდ გოგის შეეძლო გაეკეთებინა. ბორჯომში, კომპოზიტორთა სახლში ვისვენებდი დედასთან და დებთან ერთად. 1984 წელი იყო, მე 20 წლის გახლდით. დილის ექვს საათზე ჩამოვიდა. კარზე ბრახუნმა გამაღვიძა. გავაღე და გოგი! შემეშინდა… დილის ცხრა საათზე თბილისში სტუდიაში მჭირდები, რუსეთიდან გადამღები ჯგუფი ჩამოდისო. არც კი დამიშვია, რომ ეს სინამდვილე არ იყო, მანქანაში ჩავუჯექი და წამოვყევი თბილისში.
შევედით ტელევიზიის ცენტრალურ სტუდიაში, დავსხედით და მე ველოდები გადამღებ ჯგუფს მოსკოვიდან. გოგი, რა უნდა გავაკეთოთ-მეთქი, ვკითხე. არ ვიციო, უცებ მეუბნება. სრული შოკი მივიღე. ვერ მივხვდი, რა უნდოდა. აბა, რისთვის ჩამომიყვანე-მეთქი, ვკითხე გაოგნებულმა.
ერთი კვირაა შენი ხმა მესმის და ახლა შენთან ერთად სიმღერა რომ არ ჩავწერო და არ ვიმღერო, შეიძლება გული გამისკდესო… ამ დღემდე ერთი კვირით ადრე, სუფრასთან, დაუგეგმავად, პირველად ვიმღერეთ ერთად. და მოულოდნელად ასეთ რამეს მეუბნება.
მოკლედ, გოგის თავისი ჟინი რომ დაეკმაყოფილებინა, დავიწყეთ სიმღერა. ჩვენთვის ვმღეროდით. ამ დროს სტუდიაში შემოვიდა ტელე-რეჟისორი თემურ ფაფერაშვილი. რომ მოგვისმინა, სპონტანურად გაუჩნდა იდეა, რომ გაეკეთებინა გადაცემა სახელწოდებით „დუეტი“, სადაც შესრულედებოდა სიმღერები სიყვარულზე.
სამ-სამი სიმღერა სოლოდ უნდა შეგვესრულებინა, სამიც – დუეტი. იმ დღეს ჩავწერეთ მთელი გადაცემა, ასე არაფრიდან, სპონტანურად გაჩენილი იდეის საფუძველზე. გოგი მთლიანად დაიხარჯა. სწორედ ამ დღეს ჩაიწერა ის სიმღერა, რომელიც მერე გოგის სავიზიტო ბარათად იქცა.
ეს არის სიმღერა „გავა დრო და მოვუყვებით შვილებს“… გადაცემისთვის მესამე სოლო სიმღერა რომ ვერ მოიფიქრა, ვუთხარი, გოგი, მოდი, ეს სიმღერა შეასრულე-მეთქი. გოგი ჩემზე ათი წლით უფროსი იყო. მითხრა, ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან მახსოვს ეგ სიმღერა, შენ საიდან მოგაფიქრდაო? ამ ბოლო დროს გავიგე, მომეწონა და ვფიქრობ, მოგიხდება-მეთქი, ვუთხარი.
ტექსტი აღვიდგინეთ და არ ვიცოდით, რამდენად ზუსტად იყო დედანთან მიახლოებული, მოკლედ, ჩავწერეთ. ავტორი არ გვახსოვდა. მაშინ, რას წარმოვიდგენდი, რომ ამ სიმღერის ცნობილი ჩანაწერით წლების შემდეგ ასე ვიამაყებდი.
„გავა დრო და მოვუყვებით შვილებს“, სწორედ იმ დღეს ჩავწერეთ, გოგი მღერის, მე – ვუკრავ. ასე დაიბადა ეს სიმღერა, რომელსაც გოგი განსაკუთრებულად მღერის და ამდენი წლის შემდეგ, მე არც ერთი ვერსია არ მომისმენია, რომ გოგის ნამღერის გავლენისგან გამომძვრალი ყოფილიყოს.
ეს ვერავინ მოახერხა. გადაცემა „დუეტი“ ეთერში რომ გავიდა, დამირეკა კომპოზიტორმა, მარინა ლეკიშვილმა. ვიცოდი, რომ სიმღერებს წერდა. დიდი მადლობა, რომ ჩემი სიმღერა გამილამაზეთო, მითხრა. პაუზა გავაკეთე, ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა.
მიხვდა, რომ არ ვიცოდი და მითხრა – „გავა დრო და მოვუყვებით შვილებს“ ჩემი სიმღერააო… ამ ისტორიას სინათლით ვიხსენებ… და სიამაყით.
გოგიზე, როგორც მომღერალზე თამამად ვამბობ, რომ იყო განუმეორებელი. შესრულების გარდა სცენაზე ქცევა ჰქონდა საოცარი. მე მისი მსგავსი რაინდი სცენაზე არ მინახავს. თავის დაკვრის დროს, ქალი პარტნიორისგან ერთი ნაბიჯით უკან იდგა. დღეს პირველები მირბიან მომღერალი მამაკაცები და პარტნიორი ქალბატონები ავიწყდებათ.
გოგის ერთი ოცნება ჰქონდა. ჩვენ ორს სოლო კონცერტი გაგვეკეთებინა. თუ გინდა ერთი განყოფილება შენი იყოს და მეორე – ჩემიო, უნდოდა ცდუნებას წამოვგებულიყავი.
რა თქმა უნდა, დუეტებიც უნდა შეგვესრულებინა. კარგი-მეთქი, ვუხარი, მაგრამ აგდებულად, რადგან საერთო კონცერტი გეგმაში არ მქონია. ერთხელ სტუდია „მელოდიაში“ ბევრნი ვიყავით და საერთო სიმღერას ვწერდით.
ასეთი რამ მითხრა, თუ გამახარებ და მეტყვი, კი, გოგი, მე მზად ვარ უკვე კონცერტისთვის, იცი, როგორ დაგასაჩუქრებო? პატარა ბავშვს რომ საჩუქარს დაპირდებიან, ისე დამპირდა. (საჩუქარი და სიურპრიზი გოგის ცალკე მხარე იყო. საფრანგეთიდან ბოლოს რომ ჩამოვიდა, ულამაზესი ოქროს კულონი ჩამომიტანა.
მაგრამ სანამ მომცემდა, მანამ გარდაიცვალა, ვერ მოვასწარი მადლობის გადახდა.) მითხრა, აი, მაგალითად, 8 მარტს რომ გავმართოთო? და რვა მარტს რა ხდება-მეთქი? ქალთა დღეა და ამ კონცერტით ყველა ქალს გავუკეთებ საჩუქარს, მხოლოდ შენ კი არაო.
და ის იმ რვა მარტს გულისხმობდა, როდესაც გარდაიცვალა. ეს იყო ისეთი შოკი… მით უმეტეს მათთვის, ვინც იქ იყო და ჩვენი ეს დიალოგი ახსოვდა. სამწუხაროდ, ცუდი საჩუქარი გაგვიკეთა მთელ საქართველოს. მას შემდეგ 8 მარტი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია…
გოგის რეპერტუარში ბევრი იყო მაცაცო სებისკევრაძის სიმღერა. ახალ სიმღერას დაწერდა თუ არა, კომპოზიტორი მაშინვე თავის ფავორიტ მომღერალს დაურეკავდა, მოდი, შენთვის სიმღერა მაქვსო. ისიც გულანთებული მოვარდებოდა, თან ერთხელ კი არა, რამდენიმეჯერ და მანამ, სანამ სიმღერას სულზე არ მოირგებდა და ცრემლებამდე გულწრფელად მოყოლას არ დაიწყებდა.
მაცაცო სებისკვერაძე დღემდე გოგისთვის წერს სიმღერებს. გამოტყდა, როცა ახალი მელოდია იბადება, კომპოზიტორი ფიქრს იწყებს, აბა, გოგი ამას როგორ იმღერებდა?..