"გულით მჯეროდა, რომ ამ ქვეყნიდან ერთად წავიდოდით..." - ვისზე წერს ლანა ღოღობერიძე

lanka

ლანა ღოღობერიძე თავის ბიოგრაფიულ წიგნში "ვისთვის გალობს შაშვი", უახლოეს მეგობრებზე წერს. რეჟისორი და პუბლიცისტი ნანა ხატისკაცს, ლეილა გორდელაძესა და ზაირა არსენიშვილს იხსენებს. 

"...საპირისპიროდ საყოველთაოდ გავრცელებული ჭეშმარიტებისა, რომ ადამიანი მარტოა, მარტო იბადება და მარტო კვდება, როდესაც ვფიქრობ განვლილ ცხოვრებაზე, ვერსად, ვერცერთ ეტაპზე, ვერ ვხედავ ჩემს თავს განცალკევებულად, სხვებისგან მოწყვეტილად.
მე და სხვები...
მე სხვათა სინათლეში. ან სხვათა ჩრდილში. ჩემი ცხოვრება დასახლებულია სხვა აჩრდილებით.
ეს "სხვა" ხან ჩემი უახლოესი ადამიანია, ნათესავი ან მეგობარი, ხან უცხო, ჩემგან სრულიად განსხვავებული.
მეგობრობა, როგორც მოვლენა.
დღეს ვფიქრობ, რომ იმან, რაც იმალება ამ ცნების მიღმა, დიდად განსაზღვრა ჩემი არსებობა...

...ჩვენი მეგობრობა დღესაც ნამდვილ, ცხოვრებით გამობრძმედილ ერთობას ნიშნავს...
დასავლეთში სხვაგვარადაა. ჩემი ფრანგი ნაცნობები მეგობრად თვლიან ადამიანს, ვისაც წელიწადში რამდენჯერმე ხვდებიან წინასწარ დაგეგმილ დღეს, საუზმეზე ან ვახშამზე.
ჩვენთან?
სტუდენტები ვიყავით, მე მოსკოვში ვსწავლობდი, ლეილა (გორდელაძე) - ლენინგრადში. მაგრამ იმდენი რამ გვქონდა სათქმელი ერთმანეთისთვის, რომ ყველაფერს ვიკლებდით და უკანასკნელ კაპიკებს ტელეფონით ყოველდღიურ, გაუთავებელ ლაპარაკში ვხარჯავდით. ისიც მახსოვს, როგორ ამბობდა ჩემი ოთახის გამქირავებელი, ძალიან სიმპათიური კლავდია ივანოვნა, - პირველად ვხედავ, რომ ადამიანები ამდენ ფულს ტელეფონით სიცილში ხარჯავდნენო!..

მერე, მოგვიანებით, თბილისში, მე და ნანა ხატისკაცი იმდენად სულ ერთად ვიყავით, რომ ნოდარ დუმბაძემ ერთ დღეს, ჩვენი დანახვისას, სიმღერა წამოიწყო: "ჰოი ნანა, ლანავოი ნანა, ნანავოი ლანა, ჰე!.."
და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში: ნოდარისთვის, მერე სხვებისთვისაც, ჩვენ ხან ლანავოი ნანა ვიყავით, ხან ნანავოი ლანა.

ცოტა მოგვიანებით ჩვენი დუეტი ტრიოდ გადაიქცა, - ჩვენ მყარად და სამუდამოდ შემოგვიერთდა ზაირა. ზაფხულობით ერთად ვცხოვრობდით თელავში, ზაირას სახლში...
ეს იყო მართლაც დაუვიწყარი დრო, როცა ყოველი დღის გათენება გიხარია იმიტომ, რომ იცი, ინტენსიურად იცხოვრებ უახლოეს ადამიანებთან ერთად.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მზიან ცას ხანდახან საავდრო ღრუბელიც შემოაწვებოდა ხოლმე. ეს ხდებოდა, მაგალითად, ასე: ნანას კარგად ჩათუშული ხორცი უყვარდა, ზაირას - ნაკლებად და როცა ბოლომდე საბრძოლველად შემართული ნანა თავისას გაიტანდა, სასოწარკვეთილი ზაირა შესძახებდა: "ეს ვინ უნდა ჭამოს, შეხედე, სულმთლად ჩამთხლეულია!" მაშინ ორივე მე შემომიტრიალდებოდა, მე უნდა გამერჩია, ვინ იყო მართალი. მე, დიპლომატიურად, ნეიტრალიტეტს ვარჩევდი... და მაშინ, ორივეს რისხვა მე მატყდებოდა თავზე! რაღაც ხანი ხმას არ ვცემდით ერთმანეთს, გაშლილ სუფრასაც არავინ ეკარებოდა, ბოლო-ბოლო ვიღაცას გაეცინებოდა და... და, საბოლოოდ, სამივე განსაკუთრებულად გემრიელად შევექცეოდით იმ "ჩამთხლეულ" ხორცს. ნანაც სულგრძელად თმობდა პოზიციებს და პირობას დებდა, რომ შემდეგში ხორცს აღარ ჩაამთხლევდა.
იგივე ხდებოდა ბუხრის ანთებისას. ყველას ანთების ჩვენ-ჩვენი მეთოდი გვქონდა, თან არცერთი არ იყო დიდად ეფექტიანი, ამიტომ ბუხარიც ვერა და ვერ აგიზგიზდებოდა ხოლმე, რასაც ნამდვილი აყალმაყალი მოჰყვებოდა თან. თუმცა, ლობიოს ხარშვასა და ბუხრის დანთებას შორის იყო არსებობის სხვა სივრცეებიც...
ნანა თარგმნიდა გარსია ლორკას, მისი "უჩვეულო პოეტური ხილვებით, ბოშურ-ესპანური გრაციით აღსავსე პოეზიით" შთაგონებული...

მაშინ იქ, თელავის ძველ, მყუდრო თეატრში დადგეს ნანამ და თენგიზმა ლორკას "სისხლიანი ქორწილი". ეს იყო ესპანური საბედისწერო ვნებებით აღბეჭდილი, მჩქეფარე რეჟისორული ფანტაზიით სავსე ეპოქალური სპექტაკლი.
მაშინ დაწერა ზაირამ თავისი პირველი მოთხრობა - "შახ-აბაზა", იმ ეზოს ბინადარი და კვიმატური აგრესიულობით გამორჩეული მამლის მომხიბლავი ისტორია, მოთხრობა, მომავალი დიდი რომანების წინამორბედი.
მე და ზაირამაც აქ დავიწყეთ მუშაობა ჩვენს პირველ საერთო სცენარზე "როცა აყვავდა ნუში".

თბილისშიც, ერთად მუშაობის გარდა, ყველა საღამოს ერთად ვატარებდით, ძირითადად ჩემთან. თან დრო ისე სწრაფად გადიოდა, რომ იმ ავადსახსენებელ ეპოქაშიც კი, ვერ ვამჩნევდით, როდის დგებოდა კომენდანტის საათი! უცებ, ყოველთვის მოულოდნელად ჩამოჰკრავდა ზარი და ნანა და ზაირა თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ თავიანთი სახლებისკენ.

თავისი ბოლო წიგნი ზაირამ ასეთი წარწერით მომიძღვნა: "მიხარია, რომ ერთად გავლიეთ ჩვენი წუთისოფელი". მეც მიხაროდა და გულით მჯეროდა, რომ ამ ქვეყნიდან ერთად წავიდოდით. მაგრამ განგებამ სხვაგვარად ინება. ჩვენი ტრიო ადრევე დაიშალა. ჯერ ნანამ დაგვტოვა, მერე - ზაირამ.ზაირას კიდევ ერთ წიგნს კი - "თელავიდან თბილისამდე" - ასეთი მინაწერი აქვს: "მერცხლის ერთი გადაფრენა"...ზაირას სიცოცხლეც - თელავიდან თბილისამდე - მერცხლის ერთი გადაფრენაა, რომელიც რამდენ, ო რამდენ ვნებათაღელვას, წუხილს, სიხარულს, მიტევებას, სინანულს და ქვეყნისთვის სასიკეთო ფიქრსა და ქმედებას იტევს!...", - წერს ლანა ღოღობერიძე.