რატომ აღარ იღებს დეპარდიეს თავის ფილმში მერაბ კოკოჩაშვილი

merabi

ორ წელიწადზე მეტია, რაც მერაბ კოკოჩაშვილი აკა მორჩილაძის მოთხრობის - "ტერცო მონდოს" ეკრანიზაციას იღებს. ფილმის გადაღება ჯერ პანდემიამ, პარალელურად კი მცირე ბიუჯეტმა გაწელა. დრო თანხების მოძიებამ წაიღო.  მთავარ როლებში დუტა სხირტლაძე, ლევან წულაძე და ახალგაზრდა მსახიობი, ქეთა შათირიშვილი არიან.

შარშან აპრილში ცნობილი გახდა, რომ 87 წლის ქართველი კინორეჟისორის ფილმში მონაწილეობა ჟერარ დეპარდიესა და როსი დე პალმას უნდა მიეღოთ.

ფილმის პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძე ამბობდა, რომ სცენარით ორივეს ძალიან საინტერესო როლი ჰქონდათ, რადგან ისინი Skype–ით საქართველოზე, ქართულ ღვინოზე და კულტურაზე საუბრობენ.

რაც შეეხება რეჟისორს, ის შარშან აპრილში "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მსახიობებთან შეთანხმებას წელიწადზე მეტია მიღწეული იყო. და დეპარდიეს  საუბარი ქართულ ღვინოზე მნიშვნელოვანი იქნებოდა...

აი, რას ამბობდა რეჟისორი...

მერაბ კოკოჩაშვილი: - ფილმში უცხოელი მწერლის როლზე მინდა დეპარდიე. წელიწადზე მეტია, რაც მას ჩემს ფილმში თამაში შევთავაზე. თანხმობა მისგანაც და ბრაიან დე პალმასგან მიღებული გვაქვს. ისინი უცხოელი მწერლების როლში იქნებიან, რომელთაც საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ ერთმანეთში აქვთ მიმოწერა. დეპარდიეს კეთილი საუბარი საქართველოზე, ჩემთვის მნიშვნელოვანია.

დეპარდიემ ფილმში საქართველოზე და ქართულ ღვინოზე უნდა ისაუბროს. ვინაიდან ის პოპულარულია და ღვინოც კარგად იცის, ხასიათითაც ახლოს არის იმასთან, რაც ჩვენ გვჭირდება, შესაძლებელი იყო ფილმში მომეწვია.

მათი ჰონორარის გამო, საბოლოოდ არ ვიცით, რა როგორ იქნება. ეს თანხა არა საქართველომ, არამედ უცხოეთმა უნდა გაიღოს. არსებობს კანონები, რომლის მიხედვითაც ვალდებული ვართ, რომ ისე მოვიქცეთ. ჩემი ფილმი კო-პროდუქცია არ არის, მაგრამ ქართული კინოკანონის მიხედვით, სახელმწიფო 75 პროცესნტს იხდის, 25 პროცენტს – პროდიუსერი. ის თანხა, რაც ჩვენ დეპარდიეს და დე პალმას უნდა გადავუხადოთ, პროდიუსერზეა დამოკიდებული. საჭიროა მისი მოძიება უცხოეთში, რომელიც ჩვენ უცხოელ მსახიობებს დააფინანსებს. თუ თანხებს მოვიძიებთ, მისი გადაღება შედგება გერმანიაში. თუ ეს არ გამოვა ჩემთვის სასურველია იყოს, ცნობილი მსახიობი. ვნახოთ, რა როგორ იქნება.

მოგეხსენებათ, დეპარდიე საფრანგეთიდან გაიქცა რუსეთში, მერე რუსეთიდან ისევ უკან, საფრანგეთში დაბრუნდა. მისი პოლიტიკური ინტერესები სრულიად შეუსაბამოა მის პროფესიასთან. მას შეუძლია ითამაშოს როგორც ანტირუსი, ისე, ანტი ფრანგი და ვინც გნებავთ. ის არც პოლიტიკოსია და არც სხვა რამ ინტერესები აქვს. მსახიობებს შეუძლიათ თქვან ერთი, მერე გადათქვან. ნუ გაგიკვირდებათ.

ბუნებრივია, დავინტერესდით, რა ხდება ახლა? რა ეტაპზეა ფილმი და იღებს თუ არა ფრანგ ვარსკვლავს კოკოჩაშვილი?

რეჟისორი ჩვენს კითხვას პასუხობს.

მერაბ კოკოჩაშვილი: - სულ სხვებს ვიღებ. დეპარდიე და დე პალმა ძალიან ძვირი ღირს, საქართველოს ამ ჰონორარის გადახდის საშუალება არ აქვს და აქედან გამომდინარე, აღარ ვიღებთ. არჩევანი არაპროფესიონალ მსახიობებზე შევაჩერე. მათ ვინაობას ახლა ვერ ვასახელებ, ეს თვითონ არ სურთ. ვფიქრობ, ფილმი წლის ბოლოსთვის მზად იქნება.