დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მოულოდნელი და დაუჯერებელი ამბავი, რომელიც მეხის გასროლასავით გაისმა და მთლიანად მოიცვა თბილისის ყველა ქუჩა, უბანი თუ სახლი...
19 აპრილს ქართველ მსახიობ და პოეტ გია ფერაძეს 74 წელი შეუსრულდებოდა.
40-მდე ფილმი და 29-მდე სპექტაკლი - დიდი თუ პატარა როლი მისი ნიჭის და მსახიობური ოსტატობის ნათელი დასტურია. განსაკუთრებით გამორჩეულია „განგაში”, „მოიტაცეს თამარ ქალი” და „არასერიოზული კაცი”...
გიას ცხოვრება ორად შეიძლება დავყოთ – პირველი, დაუსრულებელი ზეიმი, სიხარული, მეგობრები, სიყვარული, გასტროლები, დროსტარება.
მეორე – 1985 წლიდან გარდაცვალებამდე: პატიმრობა, გადასახლება, ჯოჯოხეთად ქცეული არსებობა... ეს იყო გიას ნათამაშები ბოლო როლი.
გია ფერაძემ 1970 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავის და სოხუმის ქართულ თეატრებში, მათ შორის, კინოსტუდია „ლენფილმში”, ხოლო 1974 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი.
1985 წლის 19 მარტს გია ფერაძემ (ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ), კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მეუღლე, ცნობილი მოქანდაკის და სახალხო მხატვრის, ჯუნა მიქატაძის შვილი, ირინა მიქატაძე მოკლა.
დიდი მსახიობობიდან - დიდ პატიმრობამდე ნაბიჯი გადადგმული იყო! 37 წლის გია ფერაძე დააპატიმრეს... მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გიამ 2 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარა. 5 წელი კი ციმბირში და იაკუტსკში.
მკვლელობის ბრალდებით, სასჯელს ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა. გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან, ორიოდე წელში გარდაიცვალა.
გია ფერაძეს და მის მეუღლე ირინა მიქატაძეს, დარჩათ ქალიშვილი მარიკუნა, რომელიც მკვლელობის დროს 11 თვის იყო. მარიკუნა ამ ტრაგედიის მოხდენისთანავე, ირინას მშობლებმა ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.
მომხდარს ზოგი ეჭვიანობას უკავშირებდა, ზოგი იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობას, თუმცა ბევრი ამბობდა, რომ მსახიობს, უზომოდ უყვარდა მეუღლე და სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა.
ტრაგედიამ, რომელმაც 23 წლის ქალის სიცოცხლე შეიწირა, მთლიანად გაანადგურა გია ფერაძის ცხოვრებაც…
19 მარტი მისი დასასრულის დასაწყისად იქცა. იმ მომენტისთვის მათი შვილი მარიკუნა 11 თვის იყო.
გია ფერაძის ლექსებიდან:
„გაღიმებაც ვერ მოასწრო ტკივილისგან ვერც იყვირა
როგორც თოვლი შემომადნა ხელში ჩემი ციცქნა ირა
ჩემთვის უნდა დაიწყევლოს აღდგომა და ყველა კვირა
მე მიწაში უნდა ვეგდო შენ ცოცხლობდე ჩემო ირა
ჩემზე კარგად არვინ იცის ჩემი თავის განაჩენი
მთავარია ჩემში ცხოვრობ სხვა ჯანდაბას დანარჩენი
მთავარია შენზე დარდში ვილევი და ნელა ვქრები
და რაც უფრო ვიტანჯები უფრო მეტად მენატრები
ამ საკანში ერთადა ვართ მე და სევდიანი ლანდი
რისთვის შემიყვარე კარგო მე თუ სიკვდილს მოგიტანდი
მალე შენკენ მქროლავ ქარებს, სულს გავატან ჩემო ირა
ჩვენი სიყვარულის გემი, კლდეს შეასკდა ჩაიძირა
ტუსაღი ვარ სულში ყინავს, შენს საფლავზე ვარდი ხარობ
ჩემო ამომშრალო ცრემლო, ჩემო ამომშრალო წყარო
ვინ გამიგებს, ვის შევჩივლო? ამ კედლებს თუ რკინის კარებს?!
შენთან წერილს გავატანდი, რომ მოსჩაანდეს ცაზე მთვარე.
ნუ შეგაკრთობს მარტოობა შენთან მოვალ, მოვალ მალე!“ - (გია ფერაძის ლექსებიდან)
რამდენიმე ხნის წინ, მსახიობი ნანული სარაჯიშვილი, გადაცემაში „ფარული კონვერტი“ გია ფერაძის მეუღლის გარდაცვალების ტრაგიკულ დღეს იხსენებს.
"იმ დღეს თეატრში რომ მივედი, „მეფე ლირის“ რეპეტიცია იყო. გია მასხარას როლს თამაშობდა. ამ ამბის შემდეგ ჯანრი ლოლაშვილმა ითამაშა. რომ მივედი, ხალხი რეპეტიციაზე არ იყო.
ვიკითხე, რა ხდებოდა. მითხრეს, „საშინელება მოხდა, გიას ცოლი მოუკლავთ, ქურდები შესულანო“. მახსოვს, მურმან ჯინორიასთან ერთად წავედი.
ჩვენთვის, ყველასთვის მოულოდნელი იყო. რასაკვირველია, ეს იყო შემთხვევითი ამბავი. იარაღი გაუვარდა. ეს სათამაშო კალამი იყო, ფერად-ფერადი.
ერთხელ ჩემთან წყნეთში, მაღალ ბალახებში დაუვარდა, არ მინდოდა რომ წაეღო და გამიხარდა. გია რომ გადიოდა, მეგობარმა მიაძახა, გია, აი ვიპოვეო.
ეს ერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა აჩუქა. ვინაობის თქმა, არც მას სურდა. ამის შემდეგ, მას აღარაფერი უნდოდა. ჩაიკეტა, როგორც „ბომჟი“ ისე დადიოდა.
სხვათა შორის, არ ველოდით ამას, მისი ხასიათისა და ქცევიდან გამომდინარე. ამბობდა, თავი ვერ მოვიკალიო, ბოლოს გამოვიდა, რომ მოიკლა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, მისი დაცვა ბევრჯერ დამჭირდა“, - ამბობს ნანული სარაჯიშვილი.
მსახიობი სამაგალითოდ დაისაჯა, 12 წელი ციხე და 5 წელი გასახლება - მთელი პატიმრობის განმავლობაში, ის ლექსებს და დღიურებს წერდა.
„დასასრული”- მისი უკანასკნელი ლექსია:
„ალვისაგან გათალეთ ჩემი კუბოს ფიცარი,
ალვა ამკობს ჩემს კავშირს ფერადოვან წარსულთან.
ცხოვრება კი შევიცან რაც არის და ვინც არის,
მაგრამ რაღა დროსია… კომედია დასრულდა!
რეჟისორი თვით ვიყავ, ასე მსურდა ფინალი,
მსგავსად ჰეროსტრატესი, მეც ხომ დავწვი ტაძარი…
ხომ გახსოვართ ქეიფში, ფეხბურთში მორკინალი?
ხოდა ფაფუ, გათავდა! ფერფლი ვარ და ნაცარი!
ორი დღეც და შემამკობს, ალბათ შავი არშია,
შავით შეიმოსება ჩემი მწირი სახლობა
თქვენი გია ფერაძე, თქვენთან ბარი-ბარშია.
ეს სიკვდილი მან თვითონ ძალით მოიახლოვა.
ბევრთან შევცდი… სხვა “ბევრი” ჩემთან არის “ჩაჭრილი”
ღმერთმა ყველას შეუნდოს, მეც შემინდეთ ცოდვები.
თქვენთვის დამილოცნია ეს მარტი და აპრილი,
კიდევ ორი-სამი დღეც და უთუოდ მოვკვდები.
სულ სიცოცხლე მინდოდა, სიცილი და ხუმრობა,
ბედნიერი ვიყავი მუდამ თქვენთან მყოფელი.
ასე მწარედ დასრულდა ჩემი თქვენთან სტუმრობა,
ასე ცრემლით აივსო ჩემი წუთისოფელი.
რა კარგი ხარ თბილისო, მენანები ძალიან…
ციხეში გნატრულობდი და ამ ნატვრით ვთბებოდი.
მაგრამ ჩემთვის თბილისო, ვიცი აღარ გცალია…
ერთ დროს როგორ გკოცნიდი, როგორ გეხუტებოდი.
მორჩა ლექსი, თვითონაც სანთელივით მივქრები…
სული თითქოს დაჭრილი, მოფარფატე გედია…
ისევ შენკენ მიხმობენ ეს სნეული ფიქრები,
კომედია დასრულდა?… დასრულდა ტრაგედია!“ - (გია ფერაძის ლექსებიდან)
მოულოდნელი და დაუჯერებელი ამბავი, რომელიც მეხის გასროლასავით გაისმა და მთლიანად მოიცვა თბილისის ყველა ქუჩა, უბანი თუ სახლი...
იხ. ვიდეო - გია ფერაძე - შვილებს (გამოსათხოვარი წერილი):