დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ლეგენდარული ქალბატონი, პიანისტი, რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის კონცერტმაისტერი ლეილა სიყმაშვილი, რომელიც რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლთან - „კავკასიური ცარცის წრე“ ასოცირდება, თეატრის სცენაზე, 43 წელი ცოცხალ მუსიკალურ გაფორმებას ასრულებდა.
სპექტაკლმა, რომელიც 660 -ჯერ შესრულდა, მთელი მსოფლიო მოიარა. წარმატების ზენიტში მყოფ ქ-ნ ლეილას, რუსთაველის თეატრის მაყურებელი კარგად იცნობდა. ყველა სპექტაკლი, რაც კი ამ სცენაზე მუსიკალურად იდგმებოდა, სწორედ, მისი გაფორმებული იყო.
მუსიკოსის პირველი სპექტაკლი, რუსთაველის თეატრში, 1971 წელს რ. მირცხულავას ბულგაკოვის „ფარისეველთა შეთქმულება“ იყო, რასაც მოჰყვა „ყვარყვარე თუთაბერი“.
81 წლის კონცერტმაისტერს, რომელიც 20 წელია, თბილისში უსახლკაროდ ცხოვრობს, ამ ეტაპზე, გადაადგილება უჭირს. „პრაიმ ტაიმთან“ექსკლუზიურ ინტერვიუში, მიზეზად, 40 წლის წინ აღმოჩენილ ბიოდენებს ასახელებს, რომელიც არ გამოიყენა და დღეს, სავარაუდოდ, ჩაკირული აქვს:
80 წელს გადავაბიჯე, ადრე, ვინმეს რომ ეთქვა 80 წლამდე იცოცხლებო, თვალებს ამოვუღებდი. არ ველოდი, თუ ამ ასაკს მივაღწევდი.
ძირძველი პლეხანოველი ვარ, თბილისში, დ. უზნაძის (კამოს ქ.) ქუჩაზე, მე-2 სამშობიაროში დავიბადე. 60 წელი მ. წინამძღვრიშვილის (კლარა ცეტკინი) ქუჩაზე ვცხოვრობდი.
მამა - გიორგი სიყმაშვილი, პროფესიით აგრონომი იყო, ედუარდ შევარდნაძემ 1965 წელს - „დამსახურებული აგრონომის წოდება“ მიანიჭა.
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 15 წელი, სიღნაღის სატყეო მეურნეობის დირექტორად მუშაობდა. ამის შემდეგ გურჯაანის სატყეო მეურნეობის დირექტორი იყო, თბილისის ზღვაზე - დენდროლოგიური პარკის აშენება, მისი დამსახურებაა. 1975 წელს, ფილტვის შეგუბებით გარდაიცვალა.
დედა - ახმეტელის ქალი იყო, სანდრო ახმეტელის ბიძაშვილი. სანდროს გარდა, ახმეტელების მთელი დინასტია, ექიმები არიან.
დედაც ექიმი იყო, ალადაშვილის კლინიკაში მუშაობდა. ბოლოს, ქალაქის რაიონული ლაბორატორიის გამგედ. 55 წლის ასაკში, თავი დაანება მუშაობს. 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სახლი, სადაც დავიბადე, 2002 წელს მიწისძვრის შედეგად დაინგრა და შვილთან და შვილიშვილთან ერთად, ქუჩაში დავრჩი.
- 10 წელი მოსკოვში ცხოვრობდით, სტალინის შვილიშვილის ოჯახში, როგორ დაიწყო ეს ისტორია?
1984 წელს, როცა ჯერ კიდევ რუსთაველის თეატრში ვმუშაობდი, ერთ საღამოს, ჩემ სახლში ტელეფონის ზარი გაისმა.
квартира Сикмашвили? (სიყმაშვილის ბინაა?) - გაისმა ქალის ხმა. ვიფიქრე, თეატრიდან მირეკავდნენ და მაშაყირებდნენ, რაც ხშირად ხდებოდა-ხოლმე.
Лейла Георгиевна, это вы? - მკითხა ქალბატონმა, С вами говорит Светлана Алилуева, дочь Сталина - ეს რომ მითხრა, ინსტინქტურად წამოვხტი საწოლიდან, მომეჩვენა, რომ თავად სტალინი მირეკავდა.
თეატრში, ყველაზე კარგი რუსული აქცენტი სალომე ყანჩელს, მედეა ჩახავას და თამარა თარხნიშვილს ჰქონდა. რატომღაც ნანულის ხმას მივამსგავსე და მისი მისამართით,, კარგად შევიგინე.
- მანამდე არანაირი შეხება არ გქონიათ?
არანაირი, ახლა რომ ბრეჟნევის ქალიშვილმა დაგირეკოთ, იგივე იყო! მამაჩემი ისეთი სტალინისტი იყო, სახლში ჭერიდან იატაკამდე, ოქროში მოვარაყებულ ჩარჩოში, შვილების და მეუღლის ნაცვლად, სტალინის ფოტო ეკიდა და წარმომიდგინეთ, ამ დროს მირეკავს სტალინის შვილი.
ზარი განმეორდა - Лейла Григорьевна, не вешайте трубку - მესმის ისევ იგივე ხმა - С вами говарит Светлана Аллилуева. ჩემ გაკვირვებას, საზღვარი არ ჰქონდა.
როგორც გავარკვიე, ჩემი ტელეფონის ნომერი თეატრალური ინსტიტუტის რექტორ, ეთერ გუგუშვილს მიუცია. აღმოჩნდა, რომ ამერიკიდან ჩამოსულა, თბილისში იმყოფებოდა და ქალიშვილისთვის,, მუსიკის მასწავლებელს ეძებდა.
მეორე დღესვე ვეწვიე სახლში ქ-ნ სვეტლანას. თეატრში რომ განვაცხადე, სტალინის შვილმა დამირეკა-მეთქი, თუ ლენინისო - მასხრად ამიგდეს. ორი წელი დავდიოდი მათთან სახლში და ოლგას მუსიკას ვასწავლიდი.
სოლიკო ხაბეიშვილის სახლში ცხოვრობდნენ, ჭავჭავაძის 75 -ში. 3 ოთახიანი ბინა თბილისში, აგარაკი მანგლისში, მანქანა „ვოლგა“ მისცეს და თვეში 300 მანეთი დაუნიშნეს.
- საცხოვრებლად ჩამოვიდნენ?
ასე ამბობდა, მაგრამ 1986 წელს, ედუარდ შევარდნაძესთან უსიამოვნება მოუვიდა და უკან დაბრუნდა. მეუბნებოდა, სულ მგონია, რომ მითვალთვალებენ და ასეთ ქვეყანაში, ვერ ვიცხოვრებო.
მეგონა, რომ მშობლიურ მიწაზე ჩამოვედი, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია, ვეღარ გავჩერდებიო. ამ ორი წლის განმავლობაში, მოსკოვიდან ბევრი ნათესავი სტუმრობდა, მეც ყველა გავიცანი, სულ დამყავდა თეატრში სპექტაკლებზე.
სწორედ მაშინ გავიცანი სვეტლანას დედის, ნადიას ძმისშვილი კირა. კირა, პროფესიით მსახიობი იყო. ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით.
- სვეტლანა, ამერიკელ ქმარს უკვე გაყრილი იყო?
საქართველოში წამოსვლის წინ გაეყარა. მაგრამ აქ ყოფნის პერიოდში, უილიამი გარდაიცვალა. ძალიან კარგი პიროვნება იყო. როგორც მახსოვს, მშენებელი ინჟინერი იყო.
სვეტლანასთვის მეხუთე ქორწინება იყო, რომელიც ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ, 1970 წელს შედგა. მისი ქმარი, უილიამ პიტერსი, არქიტექტორი იყო, მათ ქალიშვილი - ოლგა პიტერსი (ამჟამად ცნობილია ფსევდონიმით კრის ევანსი) შეეძინათ. 2 წლის შემდეგ (1972 წელს) წყვილი გაიყარა.
სპექტაკლ „კავკასიური ცარცის წრეზე“, პირველი მოქმედება რომ დასრულდა, სვეტლანა დარბაზიდან გამოვარდა, ძალიან ცუდად გახდა. მიზეზი კახი კავსაძის გამოჩენა აღმოჩნდა, რომ დაუნახავს, გაგიჟებულა - ჩემი ქმრის ასლიაო, ამბობდა.
1986 წელს, ავსტრალიაში გასტროლზე მივდიოდი. სვეტლანასთან მივედი და ოლიას ქართული სიმღერების კრებული, ერთი-ორი ნაწარმოები დავუტოვე და ვუთხარი, რომ ჩამოვალ, ნასწავლი დამახვედრე-მეთქი.
გენიალურად საუბრობდა ქართულად, აქ ისწავლა, იმ დროს 14 წლის იყო. მოსკოვში რომ ჩავედით, მე და იზა გიგოშვილი სასტუმროს რესტორანში სადილად ჩავდიოდით და ამ დროს ოლია დავინახე. ნერვიულობისგან ფეხები მომეკვეთა.
მივედი, ჩავეხუტე და მითხრა, წამოვედით საქართველოდან, დედაც აქ არის, ისევ ამერიკაში ვბრუნდებითო. დედამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოო.
- და დაბრუნდნენ ამერიკაში?
ჯერ ლონდონში ჩავიდნენ და ერთი წელი იქ დარჩნენ საცხოვრებლად. ოლია სწორედ, იქ გათხოვდა, მაგრამ სვეტლანამ, მალე დააშორა და ამერიკაში წაიყვანა. დღემდე არ გათხოვილა. ამ ეტაპზე, 49 წლის იქნება, 1972 წელს არის დაბადებული.
- ოლიასთან ურთიერთობა აღარ გაქვთ?
არა, რადგან სვეტლანამ აუკრძალა ჩემთან ურთიერთობა, უცნაური ხასიათის ქალი იყო. 14 წლის იყო ოლგა, როცა საქართველოში ერთი ქართველი ბიჭი შეუყვარდა.
ფიქრობდა, იმდენ ხანს დარჩებოდნენ, გათხოვებასაც მოასწრებდა. სულ მეუბნებოდა, დათოს უნდა გავყვე ცოლად და 5 შვილი გავაჩინოო. დღემდე, ოლია აღარ გათხოვილა და არც დათოს შეურთავს ცოლი.
- თუ საიდუმლო არ არის, ვინ არის დათო?
დათო, პროფესიით მშენებელი ინჟინერია, გვარად ნემსაძე. როგორც ვიცი, სოციალური ქსელით, დღემდე კონტაქტობენ. ძალიან ლამაზი გოგო იყო ახალგაზრდობაში. ახლანდელი ფოტოები ვნახე, მთელი ტანი ტატუთი აქვს მოხატული, პანკია. 1993 წლიდან დღემდე, ამერიკაში ცხოვრობს.
- ბოლოს როდის ეკონტაქტეთ სვეტლანას?
1993 წლის მაისში, დედა გარდაიცვალა, ეს ის პერიოდია, ლამპის შუქზე რომ ვცხოვრობდით. შუაღამეს ტელეფონმა დარეკა, სვეტლანა იყო. მომიკითხა, ვუთხარი რომ დედა გარდამეცვალა.
მომისამძიმრა, ძალიან ვწუხვარო, მერე უცებ ჩხუბი დამიწყო, ეს რა ჩაიდინეთ აფხაზეთში, მთელი ახალგაზრდობა რომ გაანადგურეთ და მოკალით, მიეცით რუსებს აფხაზეთიო.
მე ვუთხარი, ქართლზე რას იტყვი, მამას სამშობლოზე, ისიც დავუთმოთ-მეთი? არა, ცხინვალს ხელი არ ახლოთო - განმიცხადა. მთელი ცხოვრება, არაადეკვატური იყო.
ამით დამთავრდა სვეტლანას ეპოპეა. სამაგიეროდ, მისი მამიდაშვილი კირა, ხშირად მეკონტაქტებოდა.
- როგორ მოხვდით მოსკოვში, კირას სახლში...
2002 წელს, როცა მიწისძვრამ საცხოვრებელი სახლი გამინადგურა, მოსკოვში წასვლა გადავწყვიტე. კირას დავურეკე, ჩამოსვლას ვაპირებ -მეთქი. გაგიჟდა სიხარულისგან. ოღონდ ჩამოდით და ჩემთან სახლში გაცხოვრებთო.
ძალიან საყვარელი ქალბატონი იყო კირა, მეც ძალიან ვუყვარდი. მცირე თეატრის მსახიობი იყო. სტალინმა, სცენიდან წაიყვანა ციხეში, დააპატიმრა სვეტლანას დედის მთელი საგვარეულო. მე რომ ჩავედი, უკვე 80 წელს მიღწეული იყო. ჩემზე 20 წლით უფროსი იყო.
2002 წლის 30 ივლისს, ჩავალაგე ყველაფერი და შვილთან და შვილიშვილთან ერთად, მოსკოვში წავედით. 10 წლის განმავლობაში, კირასთან ვცხოვრობდით, თან მყვებოდა.
მეც ვუვლიდი, რაც შემეძლო ყველაფერს ვუკეთებდი.
- მოსკოვში მუშაობის უფლება გქონდათ?
რა თქმა უნდა არა, ჩემი მეგობრის პასპორტით ვიყავი. პუტინმა ქართველი დევნილების საქართველოში გამოყრა რომ დაიწყო, ძლივს გადავრჩით.
მილიციამ, სახლში მოგვაკითხა, ჩაალაგეთ და აეროპორტში წამოდითო. კირამ ხმა გაიგო და გამოვარდა, რა ხდებაო. ვერ იტანდა რუსებს, სხვათა შორის, ვერც სვეტლანა, ისინი ხომ ბოშები იყვნენ, ალილუევები ბოშები რომ ყოფილან, არ ვიცოდი.
კირამ მილიციელს სამკლავურზე წაავლო ხელი, ოთახში შეათრია და ეუბნება, ხედავ სად მოხვედი, ვის ოჯახში ხარო? მილიციელმა სტალინის ფოტო რომ დაინახა, ბოდიში მოგვიხადა და უკანმოუხედავად გაბრუნდა.
ძალიან ვუყვარდი, ღმერთის შემდეგ, შენ მიყვარხარო სულ მეუბნებოდა. ღმერთის სწამდა და მერე ლეილასი (იცინის).
სვეტლანას კირასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა - რომ გიყურებ, ნაგვის სუნი აგდისო. ძალიან ბევრს სვამდა სვეტლანა და თავს ვეღარ აკონტროლებდა, თბილისშიც ასე იქცეოდა, სულ ნასვამი დადიოდა.
თან საშინელი სიმთვრალე ჰქონდა, უფროსი ძმაც ვასიკო, ლოთი იყო, უმცროსი იაკობი კი, ძალიან წესიერი ადამიანი.
ჩემს იქ ყოფნაში, გერმანელი ჟურნალისტი, მარტა შადი იყო ჩამოსული, რომელმაც ჯერ ამერიკაში სვეტლანასთან და შემდეგ, კირასთან და ჩემთანაც კი აიღო ინტერვიუ და გერმანულად, რუსულად და ინგლისურად წიგნი გამოსცა, რომლის ერთი ეგზემპლარი მე მაჩუქა. ძალიან საინტერესო ამბებია მოთხრობილი.
საქართველოში ყოფნის დროს, სვეტლანა, ყოველ დღე დადიოდა მანგლისში, თურმე იქ საქართველოს ამბებს წერდა.
ორ თვეში, ერთი წიგნი დაწერა, რომელიც ამერიკაში გამოსცა და დიდი ჰონორარიც აიღო. ფილოლოგი იყო, უაღრესად განათლებული, ძალიან კარგად წერდა, მაგრამ რომ დალევდა, სრულიად განსხვავებული ადამიანი ხდებოდა, თან არაყს სვამდა, ღვინოს არ ცნობდა.
- მოსკოვიდან რატომ წამოხვედით?
კირას მკერდის კიბო ჰქონდა და 2010 წელს სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. ბინა, მემკვიდრეობით მის ძმებს დარჩა. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. იცოდნენ, რომ სანამ ჩემი შვილიშვილი სკოლას არ დაამთავრებდა, ვერ წამოვიდოდით საქართველოში, ამიტომ ბოლომდე იქ ვცხოვრობდით.
2011 წელს საქართველოში დავბრუნდით. სრულიად უსახლკარო ვიყავი, რა უნდა გვექნა? ვიქირავეთ ბინა, სადაც ახლა ვცხოვრობ.
11 წელია აქ ვცხოვრობ, ჩემი ქალიშვილი იტალიაში წავიდა სამუშაოდ. სანამ არ გამაგდებს ბინის პატრონი, აქ ვიქნები, თუ გამაგდო, ქუჩაში წავალ, აბა რა ვქნა!
- ბავშვობაზე მოგვიყევით...
დავამთავრე მუსიკალური სკოლა, სადაც ახალა გერმანიის საელჩოა. სახლში ამერიკული ბრენდის პიანინო გვქონდა, მაგრამ არავინ არ უკრავდა. ქიზიყელი ძიძა მყავდა, პირველად, სწორედ მან მაზიარა პიანინოს.
მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, 4 წელი მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი და ბოლოს, კონსერვატორიაში ჩავაბარე.
ექიმობაზე ვოცნებობდი, დედის პროფესიას მინდოდა გავყოლოდი, მაგრამ მიცვალებულის მეშინოდა და ამიტომ არ მოვინდომე. მამა მეუბნებოდა - მკვდრის კი არა, ცოცხალის უნდა გეშინოდესო!
გივი სვანიძესთან (კონსერვატორიის ლექტორი) ვემზადებოდი. იმ პერიოდში, კონსერვატორიის რექტორი, კომპოზიტორი იონა ტუსკია იყო. მომისმინეს, მაგრამ პასუხი - ორიანი იყო. თან საგამოცდო ფურცელს დაწერეს - შემთხვევითი მოვლენა ხელოვნებაში.
მეორე წელს, გიზი ამირეჯიბთან ვემზადებოდი, გამოცდაზე სპეციალობაში სამიანი მივიღე, დანარჩენ საგნებში ყველაფერში ხუთი და ჩავირიცხე კიდეც კონსერვატორიაში.
მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა მე და ჩემმა კურსელმა რეზო ოჩიგავამ, აუდიტორია ჩავკეტეთ და ორ როიალზე ჯაზი „შევუბერეთ“. ვიღაცას მოუსმენია და დაგვასმინა რექტორთან.
ამის გამო გაგვრიცხეს, მაგრამ აღდგენაში ბ-ნი ბიძინა კვერნაძე დამეხმარა, რომელიც დედაჩემის ბიძაშვილი იყო.
- მოგვიყევით, როგორ მოხვდით ლეგენდარულ ვახტანგ ჭაბუკიანთან?
პირველ წელს რომ ვერ მოვხვდი ინსტიტუტში, მუშაობის სტაჟი მჭირდებოდა - მეორე წელს, უმაღლესში ჩაბარების უფლება არ მექნებოდა.
მეზობელი მყავდა, რომელიც ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ვ. ჭაბუკიანის მდივანი იყო. ბავშვობაში, ხშირად დავყავდი დედას ოპერის თეატრში და თითქმის ყველა სპექტაკლი მქონდა ნანახი, აქედან გამომდინარე, ვახტანგ ჭაბუკიანის ცეკვაც.
მეორე დღესვე წამიყვანა, რომ მივედი, პირდაპირ ვახტანგთან მიმიყვანა. ფეხები მომეკვეთა, ისე გავნერვიულდი. ჭაბუკიანი ტუალეტში თუ დადიოდა და ჭამდა, არ მეგონა. ვახტანგი რომ დავინახე, სკამის ზურგს მივეყრდნე.
უკრავთ? - მკითხა. კაბინეტიდან „მაკნატუნას“ ნოტები გამოიტანა წინ დამიდო და დაუკარიო მითხრა. ვერ ვიტანდი ნოტებს, ვერაფერს ვერ ვხედავდი, მეგონა უკუღმა მედო და ამოვატიალე.
შვილო, დაკვრა იცი? - მეკითხება ისევ. ჩემი მეზობელი აყვირდა, იცით რა კარგად უკრავსო! რაღაც ვერ ვხედავ, რა ნაწარმოების დაკვრა შეგიძლია, „პოლკა“ იციო, მკითხა.
რა თქმა უნდა, ვიცი-მეთქი და დავიწყე დაკვრა. გაოცებული თვალებით მიყურებდა, ამის შემდეგ, ვალსის დაკვრა მთხოვა.
ისე მოვეწონე ამიყვანა, მაგრამ გამოსაცდელი ვადით. ეს გამოსაცდელი ვადა, 11 წელი გაგრძელდა. 1966 წელს დავამთავრე კონსერვატორია, მაგრამ მუშაობა, ისევ გავაგრძელე.
ერთ დღეს (1971 წ) ბალეტმაისტერმა იური ზარეცკიმ მომაკითხა და მითხრა, ხვალ რუსთაველის თეატრში უნდა წაგიყვანო, სპექტაკლის პრემიერა აქვთ, პიანისტი დეკრეტში გადის და მუსიკოსი სჭირდებათო.
მეორე დღეს მივედი რუსთაველის თეატრში, სადაც სცენაზე, კორიფეების მთელი დასი დამხვდა - ეროსი, რამაზი, ბადრი კობახიძე, მედეა ჩახავა, იზა გიგოშვილი, გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე და სხვები.
პირდაპირ სცენაზე ამიყვანეს და დამსვეს პიანინოსთან. როგორც „დუსტ მოყრილი ტარაკანა“ ისე გავეკარი კედელს. გავბრაზდი ზარეცკიზე, ეს სად მომიყვანა-მეთქი.
გაიცანით, ეს თქვენი ახალი პიანისტიაო - გააცნო ყველას ჩემი თავი. მეცვა, წითელი კაბა და ბოტფორდები, ეროსიმ რომ შემომხედა, ეს მათხოჯი სად იპოვეთო?
რამაზ ჩხიკვაძეს რომ გაექარწყლებინა და მდგომარეობიდან გამოვეყვანე, მეუბნება - ქალბატონო, ცხენი გარეთ დააბითო? (იცინის). რა უნდა მეპასუხა, ვერც გავიგე რა მითხრა.
ჩამსვეს საორკესტრო ორმოში და იონიკა დამიდგეს. გია ყანჩელმა მუსიკის ნოტები მომიტანა, რეზო მირცხულავა ბულგაკოვის „ფარისეველთა შეთქმულებას“ დგამდა და იქ სჭირდებოდათ მუსიკა.
სწორედ, იქ მომისმინა რობერტ სტურუამ, გულში ჩაიდო და არსად აღარ გავუშვებო, უთქვამს. ის ქალბატონი, აღარ დაბრუნდა და მეც აღარ მიშვებნენ. აღარ ვიცოდი რა მექნა. ხარაბაძემ მითხრა, შენ აღარ გაგიშვებენ, ბედს შეეგუეო.
- ბ-ნ ვახტანგთან როგორ განვითარდა მოვლენები?
ჩემმა მეზობელმა უთხრა, მეტი აღარ მოვაო. მისი სახელის ხსენება აღარ მინდაო, გამებუტა. ისე ვინერვიულე ვიტირე. სულ ვდარდობდი, როგორ შემომერიგებინა არ ვიცოდი.
1975 წელს გავაჩინე ქალიშვილი, 9 წლის იყო, გავბედე და ჭაბუკიანთან საბალეტო სკოლაში მივიყვანე. როცა ვახტანგი გარდაიცვალა, უკვე შერიგებული ვიყავი.
- პირად ცხოვრებაზე მოგვიყევით...
ორი ოფიციალური ქმარი მყავდა. პირველი, გურამ კვარაცხელია, ეკონომისტი იყო. ჩემმა დაქალმა გამაცნო. ორშაბათს გავიცანი და ხუთშაბათს ცოლად გავყევი.
მაშინ 23 წლის ვიყავი, ლექციიდან გავიპარე. ჩემთან ცხოვრობდა, წალენჯიხის რაიონ სოფელ ჯგანიდან იყო და აქ საკუთარი ბინა არ ჰქონდა.
ბავშვობაში პოლიომიელიტი ჰქონდა გადატანილი და სიარული უჭირდა, მგონი გარდაიცვალა, ზუსტად არ ვიცი. ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად, სულ მეჩხუბებოდა მუსიკას თავი დაანებე და ეკონომიურზე ჩააბარეო. გაყრის მიზეზი, ჩემი პროფესია იყო.
პირველ ქმარს რომ გავეყარე, ფილარმონიაში დავიწყე მუშაობა. ნიაზ დიასამიძე, გოგი ცაბაძე და მე ერთ კაბინეტში ვიჯექით, დირექტორი გუგული ყიფიანი იყო. გოგის ვეხმარებოდი, დამიდებდა ნოტებს და მე ვუკრავდი.
იქ გადამეყარა ერთი უცოლო ბიჭი, ოთარ მჭედლიშვილი, რომელიც კონფერანსიე იყო, ქართლოს კასრაძესთან ერთად.
პროფესიით, ესტრადის მსახიობი იყო. იცოდა, რომ გურამთან გაყრილი ვიყავი. ყოველ დღე სახლში მაცილებდა, ჩემ ფანჯრებთან იდგა და მიმღეროდა. მელოდებოდა, როდის გამოვიდოდი, გეგონება, მერილინ მონრო ვიყავი (იცინის).
კარგი ბიჭი იყო, მაღალი, ქერა, ცისფერთვალება, არანორმალურად მიყვარდა, მაგრამ დედამთილმა არ გამაჩერა. 6 წელი გავქაჩე, მეტი ვერა.
- წინააღმდეგი იყო დედამთილი?
წინააღმდეგი, ეს ის სიტყვა არ არის! სახლშიც არ გვიშვებდა. თავიდან ჩემთან ვცხოვრობდით, მაგრამ მერე, დედამისთან გადამიყვანა. სანამ ქალიშვილი გაგვიჩნდებოდა, კარგარეთელის ქუჩაზე (ჩუღურეთის რ-ნი) 10 კვადრატულ ოთახში, დედამთილთან ერთად გვეძინა.
- როგორ დასრულდა თქვენი ქორწინება?
ჩემი მეუღლე გასტროლზე იყო წასული, როცა დედამთილმა სახლიდან გამომაგდო. რომ ჩამოვიდა და მომიკითხა, კაცებში წავიდაო, დედამთილს უთქვამს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით გავეყარეთ. ალიმენტიც არ დავუნიშნე. ცოტა ხანში, დედამისმა, თავისი კანდიდატი მოაყვანინა ცოლად.
ბოლოს, ლოგინად ჩავარდა, როგორც მითხრეს, რძალი არ უვლიდა. სიკვდილის წინ, ერთ-ერთ ჩემ ნაცნობს სთხოვა, ჩემი ყოფილი რძალი მომიყვანეო, მაგრამ მე გასტროლზე ვიყავი ავსტრალიაში. დაუბარებია, რომ ჩამოვა, ჩემს მაგივრად ბოდიში მოუხადეო.
- აქ რომ ყოფილიყავით, მიხვიდოდით?
არა, რა თქმა უნდა!
- თქვენ გვარზე გყავთ ქალიშვილი...
დედამ არ მომცა უფლება, რომ მეუღლის გვარზე დამეწერა. მაგათი გვარი, არ იქნება ჩვენ სახსენებელშიო. რომ გავეყარეთ, არც ბავშვის ნახვის უფლებას ვაძლევდით.
- ქალიშვილზე მომიყევით...
ჩემი ქალიშვილი, თამარი 45 წლის არის, ჰყავს 29 წლის ვაჟი, რომელიც მუსიკოსია. დედა-შვილი და-ძმასავით არიან, ადრე გათხოვდა, მათ შორის სხვაობა 16 წელია. ძალიან უნდოდა მსახიობობა ჩემ შვილიშვილს, სამი წელი აბარებდა თეატრალურ ინსტიტუტში, მაგრამ ვერ მოხვდა.
2000 -იან წლებში 6 წლის განმავლობაში, „კავკასიურ ცარცის წრეში“ სცენაზე იდგა, მიხეილის როლს ასრულებდა.
- როგორც ვიცი, თქვენი ქალიშვილიც იყო მიხეილის როლში...
ჩემი ქალიშვილი, 80 -იან წლებში ასრულებდა და შემდეგ, ჩემი შვილიშვილი. თამარსაც უნდოდა მსახიობობა, მაგრამ არც ის მიიღეს, სამწუხაროდ.
თამუნა ძალიან ადრე გათხოვდა, 16 წლის ასაკში გააჩინა ვაჟი, გიორგი, მამა თემურ ალადაშვილია. თამუნა 2008 წელს გათხოვდა, მაგრამ მეუღლე, სერგეი პლატოვი რამდენიმე თვის წინ, უკრაინის ომში მოკლეს.
თამუნა იტალიაში წავიდა სამუშაოდ, უნდოდა მეუღლის წააყვანაც, მაგრამ დედამ არ გაუშვა. მისი სახლი მთლიანად დაინგრა, არაფერი არ დარჩა. მის დასაფლავებასაც ვერ დაესწრო.
- მეორე ქმრის მერე, აღარ გათხოვილხართ?
რას ამბობ, რაღა დროს ჩემი გათხოვება იყო. 40 წლამდე ვიყავი, დროც არ მქონდა. თან ოთარი ისე მიყვარდა, სხვას ვერ გავყვებოდი. 4 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ ვერ შევძელი წასვლა, მერაბ სეფაშვილის დედას, ჯულიეტას ვთხოვე მისულიყო. პანაშვიდზე, ოთარის კუბოზე დამხობილა, ისე უტირია, მეზობლებს ეგონათ, რომ მე ვიყავი.
თან ჩემთვის არ შეიძლება ნერვიულობა. რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალების შემდეგ, ინსულტი მქონდა. ორი თვე გათიშული ვიყავი. ძალიან მიყვარდა, ოჯახის წევრივით ვიყავი, ყველაზე ახლოს, თეტრიდან, რამაზთან ვმეგობრობდი.
ჩემ გარეშე, მის ოჯახში სუფრა არ გაშლილა, იმპრესარიო არ მიუღია, ჩემი მანქანით დამყავდა. არ ჯდებოდა საჭესთან, კატეგორიულად ვერ იტანდა, რად მინდა, ყველას მანქანა არ ჰყავსო! დილით გავუვლიდი და ერთად მივდიოდით თეატრში.
- რატომ დატოვეთ თეატრი?
43 წელი ვიმუშავე, სახლი დამენგრა და სად მეცხოვრა. მიწისძვრა რომ მოხდა, ჩემი შვილიშვილი მაგიდასთან იჯდა, მეცადინეობდა, ჭერი ჩამოინგრა და ბავშვს თავზე დაეცა.
შიშისგან ენა დაება და დიდხანს ლოგოპედთან ვატარებდით. მივმართე მშენებლობის სამინისტროს, მერე პარლამენტს, მაგრამ არ დამაკმაყოფილეს. არ გვაქვს სახსრებიო.
ძველი სახლი იყო და მთლიანად ჩამოინგრა. მპირდებოდნენ, რომ შევაკეთებთ და ისევ დაბრუნდებით თქვენ სახლშიო, მაგრამ 2 წელი ველოდი და არავინ შემეხმიანა. ბოლოს კაპიკებში გავყიდე და ამ ფულით წავედი მოსკოვში. მას მერე არავინ შემხმიანებია.
- მიმართეთ მერიას, ან პარლამენტს, იქნებ დაგეხმაროთ...
რამდენიმე ხნის წინ, დავწერე განცხადება, კახა კალაძის პროექტს მოვკარი ყური უსახლკაროების შესახებ - „არც ერთი უსახლკაროო“ და ვნახოთ, თუ ვინმე შემეხმიანება.
ჩუღურეთის გამგეობაში შევიტანე განცხადება. რომ მივედი, ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიცნო და ჩემი რეგალიები მომთხოვა, წავიღე ყველაფერი და ჩემ საქმეს დავურთე. ელოდეთ ბინასო, მითხრეს და მეც ველოდები.
ფეხები მაწუხებს, სიარული მიჭირის. სიმძიმე მაქვს ფეხებში, ამიტომ ვერ ვახერხებ მისვლას. ამ ავადმყოფობის განკურნება, არ არსებობს.
- რატომ ფიქრობთ, რომ ვერ განიკურნებით?
ინგლისში გასტროლებზე მივფრინავდით და მოსკოვის აეროპორტში, ბარგს ველოდებოდით. სამი სასწორი იდგა - სამი ადამიანი იჯდა, ერთი - წონიდა, მეორე - აპარატით ბიოდენებს სინჯავდა, მესამე - წნევას ზომავდა.
თეატრის მსახიობებმა, ყველამ გაისინჯა, მეც მითხრეს, არ გაინტერესებს გაესინჯეო. არც ვიცოდი, რა იყო ბიოდენები. მეც გავესინჯე. ვინც ამოწმებდა მეკითხება, არაფერი გაწუხებთო? არა-მეთქი, მართლა არაფერი მაწუხებდა.
ყურადღება მიაქციეთ, ძალიან რთული სიბერე გექნებათო. თურმე, ბიოდენების ნორმა იყო 20 და მე მქონდა - 200. როგორც გავარკვიე, მუსიკისთვის თავი უნდა დამენებებინა, კურსებზე მევლო და ჯუნა დავითაშვილივით მემკურნალა.
არ გამიცია ბიოდენი და ამიტომ ასეთ დღეში ჩავარდი. მას შემდეგ 40 წელი გავიდა, ამ ეტაპზე, ჩაკირულია ვეღარ გავცემ.
რომ დავიბადე, ომი იყო და მამამ კახეთში, სიღნაღში გადაგვიყვანა საცხოვრებლად. იმ პერიოდში, რაც ავადმყოფობა არსებობს, თითქმის ყველაფერი დამემართა. მამას შავი ჭირი შეეყარა და დედამ სასწაულად გადაარჩინა. ეჭვი მაქვს, რომ მაშინაც ბიოდენები მქონდა და ამიტომ გადავრჩი.