დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„საქართველო, სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მას. თქვენი ტალანტი რწმენაა, ამრავლეთ და უთხარით სხვებსაც“... - მამა გაბრიელი (არქიმანდრიტი, აღმსარებელი-სალოსი)
მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში, გია ბაქარაშვილის ქ. №11 -ში (თეთრი წყაროს ქ. წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად).
მამა გაბრიელმა დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს მარხვის დაცვას და ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა.
1951-1955 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი და მიტოვებული ხატები დააბრძანა.
ხელისუფლება ცდილობდა ეკლესიის დანგრევას. 1954 წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით.
1955 წელს ქუთაისში, პეტრე-პავლეს ეკლესიაში, მამა გაბრიელი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა, ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით, წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა.
ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა.
მამა გაბრიელი იყო საქართველოში პირველი, ვინც კომუნისტების დროს, ბერად აღიკვეცა და ეკლესია ააშენა.
1965 წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს, ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი დაწვა. დაკითხვაზე, მამა გაბრიელმა განაცხადა:
„იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. კაცს, რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს!“.
კრემლიდან გაიცა ბრძანება, ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს დადგენილებით - 1965 წ. 3 აგვისტოს მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად მძიმე პირობებში ამყოფებდნენ.
ბოლო წლებში, მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ მეფე მირიან III კოშკში ცხოვრობდა. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ, გაბრიელ ბერი, არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.
1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაკრძალული იყო ბერ -მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე.
არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ანალიზის ჩასატარებლად იყო აღებული - დღემდე უხრწნელია.
მამა გაბრიელის საფლავზე, ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სინჯარა, რომელშიც გადმოცემით, მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლია შენახული, სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. თავის ქადაგებებში, მამა გაბრიელი ზრუნვით თავს დასტრიალებდა საქართველოს.
მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში, ბერი გაბრიელის საფლავს, დედა პარასკევა (როსტიაშვილი) წლების განმავლობაში უვლიდა.
2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, წმინდანად შერაცხა მამა გაბრიელი (ურგებაძე) და მისი ხსენების დღედ, 2 ნოემბერი დააწესა.
პატრიარქის კურთხევით, 2014 წლის თებერვალში მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში, მამა გაბრიელის საფლავთან მდგარი დედა პარასკევას სამორიგეო კელია, აიღეს.
დედა პარასკევა, ბოლო ექვსი წელია ბორჯომში, ვარდგინეთის დედათა მონასტერში მოღვაწეობს. როდესაც თბილისში ჩამოდის, მამა გაბრიელის მიერ აგებულ ტაძარს და კელიას სტუმრობს, სადაც მამა გაბრიელი ცხოვრობდა (გ. ბაქარაშვილის ქ. №11, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად).
წლების განმავლობაში, ამ სასწაულ ადგილს, ბერის უფროსი და, ემა უვლიდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, მისი შვილი, ანუ მამა გაბრიელის დისშვილი, ელდარ ურგებაძე.
„პრაიმტაიმი“ მამა გაბრიელის საცხოვრებელ სახლს ესტუმრა, სადაც დედა პარასკევა (ერში მანანა როსტიაშვილი) იმყოფებოდა. ექსკლუზიურ ინტერვიუში, მონაზონი, არქიმანდრიტ გაბრიელის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ წმინდა გაბრიელის მეოხებით, დღემდე უამრავი სასწაული ხდება:
დედა პარასკევა (როსტიაშვილი): 67 წლის ვარ, დედათა მონასტრის კელიაში ვმორიგეობდი, მამა გაბრიელის მორჩილი ვიყავი.
მამა გაბრიელი ღმერთის და მთელი საქართველოს მოყვარული იყო. ამბობდა, ჩემი საქართველოს სიყვარული, საჭმელში როგორ გავცვალოო. უნდოდა, მისი ლოცვა, შესმენილი ყოფილიყო ღმერთისთვის, რომ საქართველო გადარჩენილიყო.
ადამიანები უყვარდა, მამა გაბრიელი, სიცოცხლეშიც ეხმარებოდა ადამიანებს და მისი გარდაცვალების შემდეგაც, უამრავი სასწაული ხდება.
ის არა მარტო კურნავს, არამედ ეხმარება მატერიალურად, ფიზიკურად და სულიერად, რომ გაძლიერდნენ და გადარჩნენ.
ბოროტი ძალებისგან შეპყრობილი ადამიანები გადაურჩენია, მატერიალურადაც დახმარებია, ვალებისგან და პირადი პრობლემებისგან გაუთავისუფლებია, სამსახურის პრობლემებიც კი მოუგვარებია,
- და ეს სასწაულები გრძელდება...
რომელი ერთი გავიხსენო, წმინდა გაბრიელის მეოხებით, დღემდე უამრავი სასწაული ხდება. ბევრ ადამიანს ცხოვრებისეულ პრობლემებს უგვარებს, ბოროტი ძალებისგან იცავს და ეხმარება ღმერთთან დაახლოებაში.
ამბობდა, გიყვარდეთ საქართველო, საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს, ეს ყველაზე მთავარია, რადგან. ღმერთი სიყვარულია!
„ანტიქრისტე უკვე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე“...
„ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით. ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში“...- წმინდა გაბრიელ ბერი სალოსი.