„დადგება დრო და ეკლესია აუცილებლად იმსჯელებს მამა ვიტალის წმინდანად შერაცხვის თაობაზე...“- მეუფე ანდრია სქიმარქიმანდრიტზე

მეუფე ანდრია გვაზავა

„ძმებო შეიყვარეთ სიყვარული“ -  დღეს, სქიმარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) გარდაცვალების 30 წლისთავია. მის საფლავზე, დღემდე უამრავი სასწაული აღესრულება - უამრავი ადამიანი იღებს მისგან ნუგეშსა და სიყვარულს.

მამა ვიტალიმ სიკვდილის წინ ანდერძად დაგვიტოვა - „მოდით ჩემს საფლავზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო”.

უკრაინელი წარმოშობის ბერი, ქ. თბილისში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. მის საფლავთან, ყოველდღე, მრავალი მომლოცველი მიდის. სანთლებს ანთებს და თავიანთ გასაჭირს უყვება - თითოეულს სწამს, რომ წმინდა მამა, მათ თხოვნას შეასრულებს, გულმხურვალედ ლოცულობენ და მეოხებას სთხოვენ. 

მამა ვიტალის გარდაცვალების დღესთან  დაკავშირებით, ა. ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში, მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა.

პანაშვიდს უამრავი ადამიანი ესწრებოდა, როგორც მონასტრის მსახურები, ასევე რუსეთიდან ჩამოსული სასულიერო პირები. მათ შორის იყვნენ - სამთავისის და გორის მთავარეპისკოპოსი მეუფე ანდრია (გვაზავა), წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის დეკანოზი დავით კუჭავა.

მამა ვიტალის მეგობარი, ბერმონაზონი კონსტანტინე, რომელიც  აფხაზეთის უდაბნოში მსახურობდა, ამჟამად რაჭაში, ერთ-ერთ მონასტერშია. ქ. ნოვოჩერკასკიდან - დეკანოზი გიორგი, რომელიც ბავშვობაში, მის მშობლებთან ერთად ჩამოდიოდა და მამა ვიტალის წირვა-ლოცვას ესწრებოდა. ის მამა ვიტალის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე, დედასთან ერთად იმყოფებოდა.

სასულიერო პირი მოლდავეთიდან, რომელიც მრევლთან ერთად ჩამობრძანდა.

ასევე ესწრებოდნენ ატენის დედათა მონასტრის წინამძღვარი - იღუმენია ნინო, დედებთან ერთად და წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მსახური მამები.

მამა ვიტალის ხსენების დღესთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ სამთავისის და გორის მთავარეპისკოპოს მეუფე ანდრიას (გვაზავა), ექსკლუზიურად ესაუბრა:

მნიშვნელოვანი თარიღია, ეს, მამა ვიტალის არა მარტო ხსენება, არამედ მწუხარებაც არის და ეს ურთიერთობა, დღემდე გაგრძელდა - როგორც ღმერთმა ინება, ისე აღესრულა ყოველივე - რაც მთავარია, თავად მამა ვიტალი ხშირად ამბობდა, ღმერთს ვევედრები, წამიყვანოსო.

- რატომ, ავადმყოფობის გამო?

ავადმყოფობის გამო არა, ამის მრავალი მიზეზი არსებობს - ადამიანები, რომელთაც შინაგანი სულიერი დიდი და წმინდა ცხოვრება გააჩნიათ, ამ წუთისოფელში ყოფნისას, ღმერთთან მისასვლელად ემზადებიან.

მათთვის, გარდაცვალება ტრაგედია არ არის, ეს ღმერთთან შეხვედრაა, რისთვისაც მამა ვიტალი, მთელი ცხოვრება მიისწრაფოდა.

ეს სიტყვები არ იყო გულგატეხილობის და იმედგაცრუების, ან ვინმეს მიმართ განაწყენების, ეს იყო სიტყვები ღმერთთან შეერთების სურვილისა.

ღმერთთან ახლო ყოფნის სურვილი, მან ყველა იმ ადამიანს გადასცა, ვისთანაც კონტაქტობდა და იცნობდა. ამ სურვილით, დღემდე მოვდივართ ღმერთის ძიებით.

შეიძლება არა იმ დონეზე აღვსილი, როგორც მამა ვიტალი იყო, მაგრამ ამ სურვილის მატარებლები, დღეს მის საფლავზე, მისი სულის მოსახსენებლად შეიკრიბნენ.

სინანული და სიმდაბლე - ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანია, რაც ადამიანმა უნდა სთხოვოს მას. 

- მამა ვიტალი დიდად აფასებდა მის თანამებრძოლ მამა გაბრიელს სულიერ ბრძოლაში და ამბობდა - „გაბრიელ ბერი - უდიდესი ბერია“...

ამის შესახებ, მწირი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დიდ პატივს სცემდა წმინდა გაბრიელს. პირადად მასთან არ მქონია ამ თემაზე საუბარი და ვერ გეტყვით.

- დღეს მამა ვიტალის გარდაცვალების 30 წლისთავია, როდის იგეგმება მამა ვიტალის წმინდანად შერაცხვა? 

გარდაცვალების წლებს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მამა ვიტალის მთელი ცხოვრება და სწავლება, მაჩვენებელია იმის, რაც მას გააჩნია და ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოების მხრიდან, მისი აღიარება და მის მიმართ დამოკიდებულება.

ყველამ ვიცით, რომ მამა ვიტალი, წმინდა ადამიანი იყო. დადგება დრო და ეკლესია აუცილებლად იმსჯელებს მამა ვიტალის წმინდანად შერაცხვის თაობაზე.

ჯერ მხოლოდ საუბრის დონეზეა,  მას აქვს თავისი ფორმები, კანონიკური განვითარების გზა - ამის დროც დადგება, როცა ღმერთი ინებებს!

 

+