exclusive: „არ წავყევი შორენას როლის სინჯებზე... სხვა არჩევანი გავაკეთე, დღემდე ვნანობ...“- პირველი ინტერვიუ ქართველ „პრინცესა ბუდურისთან“ საქართველოში

მსახიობი დოდო ჩოგოვაძე - „ალადინი და ჯადოსნური ლამპარი“  (პრინცესა ბუდური)

მაყურებელს, ალბათ, ახსოვს საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე ლაღი და ლამაზი ზღაპარი - „ალადინის ჯადოსნური ლამპარი", რომელიც გადაღებულია 1966 წელს „მ. გორკის ცენტრალურ კინოსტუდიაში“ - არაბული ზღაპრის „ალადინი და ჯადოსნური ლამპარი“, კრებულიდან „ათას ერთი ღამე“.

ზღაპარში, პრინცესას ჟასმინი ჰქვია, თუმცა, თუ იგივე ზღაპრის მიხედვით გადაღებულ საბჭოთა ფილმს -„ ალადინი და ჯადოსნური ლამპარი“ (რეჟ. ბორის რიცარევი) გავიხსენებთ, პრინცესას ბუდური ჰქვია, რომელსაც ულამაზესი ქართველი მსახიობი, დოდო ჩოგოვაძე ასრულებს.

ფილმში მონაწილეობენ ასევე, ლეგენდარული ქართველი მსახიობები - ოთარ კობერიძე (სულთანი), ეკატერინე ვერულაშვილი (ალადინის დედა) და ოთარ ბილანიშვილი (ე. ბილანიშვილი) (ღამის დარაჯი, ალადინის ოჯახის მეგობარი). ალადინის (ალი ალ-მარუფის ვაჟი) როლს - ბორის ბისტროვი.

დოდო ჩოგოვაძე დაიბადა, 1951 წლის 2 სექტემბერს. 14 წლის ასაკში, ითამაშა, მეფის ასულ ბუდურის როლი ფილმში - „ალადინის ჯადოსნური ლამპარი". 1967 წელს, მისი პორტრეტი, ჟურნალის - „Советский экран" ყდაზე მოხვდა, ხოლო გდრ -ში ღია ბარათი გამოსცეს, მისი გამოსახულებით.

პირველად, 7 წლის ასაკში, ქართულ მხატვრულ ფილმში „მანანა" (1958 წ) გადაიღეს, სადაც შესრულებული აქვს, ერთ-ერთი ეპიზოდური როლი.

დოდო ჩოგოვაძემ თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის ვახტანგ ჭაბუკიანის კლასი, წითელ დიპლომზე დაამთავრა, შემდეგ თბილისის თეატრალური ინსტიტუტი და ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის ინსტიტუტი.

„პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც ქართულ მედიაში პირველად ჩაიწერა, ქ-ნი დოდო „ჯადოსნურ“ ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ „ალადინის“ გადაღებამდე, ფილმში „ჩვენი დროის გმირი“, ბელას როლის სინჯებზე იღებდა მონაწილეობას, სადაც რეჟისორმა, ასაკის გამო ვერ გადაიღო:

დოდო ჩოგოვაძე 

ჩემი პირველი როლი, ფილმში „მანანა“ იყო, რომლითაც ძალიან ვამაყობ. მშობლები, ხელოვნებასთან არანაირ კავშირში არ იყვნენ. ბავშვობაში სოლოლაკში ვცხოვრობდით.

მამა - ალექსანდრე ჩოგოვაძე, თბილისელი კაცი იყო, დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის გიმნაზია. დედა, ირიადა ჩოგოვაძე, ძალიან არტისტული ქალბატონი იყო და მეც ჩამინერგა ეს ნიჭი. არ მუშაობდა და ძირითადად, ჩემი აღზრდით იყო დაკავებული.

მიუხედავად იმისა, რომ  ფილმში „მანანა“ ეპიზოდურ როლში ვთამაშობდი, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია. ისეთი ეპიზოდი იყო, მთელი საქართველო იცინოდა. ფილმის გადაღება, თბილისის ერთ-ერთ ეზოში მიმდინარეობდა, სადაც სრულიად შემთხვევით მოვხვდი.

5 წლიდან ვცეკვავდი, საკმაოდ თამამი ბავშვი ვიყავი. რეჟისორმა რომ დამინახა, რევერანსი გავუკეთე, მოვეწონე და დედას სთხოვა,  ფილმში, სადაც სკოლის ეპიზოდია, სპექტაკლის სცენაში მიმეღო მონაწილეობა.

გადაღებები, თბილისის 43 -ე საშუალო სკოლაში მიმდინარეობდა. დედამ წამიყვანა გადაღებაზე, ყველა ჩემზე უფროსი იყო, მე 5 წლისაც არ ვიყავი. ჩამაცვეს პარტიზანის ფორმა, მაგრამ ქუდი ვერ მომარგეს, რა თქმა უნდა, დიდი მქონდა.

ეს ის პერიოდია, როცა ბავშვებს ბაფთებს უკეთებდნენ და მეც ასევე გამიკეთეს. ამ ბაფთიან თავზე  დამახურეს დიდი ზომის ქუდი, კარგად რომ მომერგო და რაც მთავარია, როგორც ნამდვილ პარტიზანს,  მიმაწებეს ულვაშები და მხარზე იარაღი გადამკიდეს.

ძალიან პატარა მხრები მქონდა და თოფი სულ მივარდებოდა, თან ამ როლში, სიმღერას ვმღერი, რომლის სიტყვებიც კი არ ვიცოდი. რეჟისორმა ამიხსნა, რომ უბრალოს პირი გააღეთ, ვითომ მღერითო.

ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელიც ძალიან ახლო კადრია, თოფიც ჩამომივარდა და ქუდიც, მაგრამ მოვახერხე, რომ ავიღე და ისევ დავიხურე, მაგრამ ბაფთა გარეთ დამრჩა და წარმოიდგინეთ, 5 წლის ბავშვი, პარტიზანის ქუდით, ულვაშებით და ბაფთით და თან საოცრად აღებს პირს, ვითომ მღერის.

ეს ყველაფერი, ახლო კადრში ჩანს და ძალიან სასაცილო სანახაობაა. ეს ფილმი, ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მთელი საქართველო ხარხარებდა ამ კადრზე.

ბოლო კადრში, თოფი ჩამომივარდა, ალბათ უკვე ძალა აღარ მყოფნის და მივათრევ იატაკზე. პირველი ჩემი როლი, „ფეიერვერკივით“ იყო.

ადრე ასე ვერ აღვიქვამდი, ახლა უკვე, სხვა თვალით ვუყურეხ, ამ როლში ჩემ თავს. რეჟისორმა დატოვა კადრი, არ ამოჭრა, იმდენად სასაცილო და საინტერესო იყო.

ამის შესახებ, ჩემმა ახლობლებმა, დიდი ხნის შემდეგ გაიგეს და დღემდე ატრიალებენ ამ კადრს. ეს იყო ჩემი პირველი როლი.

- როლი, რომელიც ბუმბერაზ მსახიობებთან ერთად შეასრულეთ...

ეს, მართლაც სასწაული იყო, ბედი, როდესაც შენ ხარ სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, ოთარ კობერიძე და სხვები. მთელი ცხოვრების მანძილზე, ლეგენდარულ ადამიანებთან მქონდა შეხება, დაწყებული ვახტანგ ჭაბუკიანიდან.

5 წლიდან, პიონერთა სასახლეში ვცეკვავდი, ძალიან ბევრ სპექტაკლში ვიღებდი მონაწილეობას. გრიბოედოვის თეატრში - „თოვლის დედოფალი“ ვმონაწილეობდი.

სასახლეში, ჩემი პირველი ქორეოგრაფი გვარად სოლოგოვი იყო. 9 წლის ასაკიდან კი, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გავაგრძელე ცეკვა.

- როგორ გაიხსენებდით ბ-ნ ვახტანგ ჭაბუკიანს?

ბ-ნ ვახტანგთან უამრავი კარგი და ბედნიერი მოგონება მაკავშირებს. ვინც მოესწრო მის მოღვაწეობას, კარგად ემახსოვრება, რომ როცა სპექტაკლს დგამდა, მაშინ მიხვდებოდი, მის გენიალურობას.

ის იყო, საქართველოსთვის თავდადებული, ჩვენთვის ნამდვილი გმირი, უნიჭიერესი ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ნიჭიერი ქორეოგრაფი გვყავდა და გვყავს, ის სულ სხვა იყო. ის დგამდა მუსიკას, ბ-ნმა ვახტანგმა სადიპლომო სპექტაკლში „მაკნატუნა“, მაშას როლი დამიდგა.

- გაიხსენეთ, „ალადინის“ გადაღებები...

ფილმში  „ალადინი“ რომ გადამიღეს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემ როლს. უამრავი წერილი მომდიოდა, განსაკუთრებით რუსეთიდან.

ქორეოგრაფი იური ზარეცკი სულ მაშაყირებდა - „Тоже мне, звезда Голливуда!“ ვგრძნობდი, რომ ვახტანგი, სულ „ეჭვიანობდა“. ძალიან მოვწონდი, დიპლომს რომ მაძლევდა, იხუმრა - „Госкинпром“ - კინოსტუდიაში გიშვებო, მაგრამ მერე შტატში ამიყვანა და ოპერის თეატრის მოცეკვავე გავხდი.

- ბავშვობიდან ბედნიერი ცხოვრება გქონდათ, როგორც ჰყვებით ყველაფერში ბედი გწყალობდათ და წარმატების მწვერვალებს იპყრობდით...

ამ გადმოსახედიდან, რომ გადავხედავ ჩემ ცხოვრებას, მართლაც მწყალობდა ბედი. მქონდა, აბსოლუტური „მწვანე გზა“ და რაც მთავარია, მყავდა ძალიან კარგი პედაგოგები.

- თქვენ ნიჭს, თან ერთოდა, თქვენი ბრწყინვალე გარეგნობა...

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს გარეგნობას. პირველი სინჯები, ფოტოებით იწყება, თან ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, ძალიან ცივი გარეგნობა მქონდა. 1951 წელს ვარ დაბადებული და ჩვენი თაობის ბავშვებს, თავისუფლება აკლდა. 

„ალადინის“ გადაღების დროს, 15 წლის ვიყავი. იმ პერიოდში, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვსწავლობდი.

- სავარაუდოდ, თქვენ გარდა, ალბათ, საბჭოთა კავშირიდან, უამრავი ადამიანი იქნებოდა სინჯებზე, თან არც ცნობილი სახე იყავით, როგორ დაგამტკიცეს „პრინცესა ბუდურის“ როლზე, ...

ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში, ფილმში „ცეროდენა რაინდები“ ვმონაწილეობდი. მაგრამ ალადინში მოვხვდი, არა ცეროდენადან, არამედ ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან.

მანამდე, რუს რეჟისორებთან მომიწია შეხვედრა, როცა ლერმონტოვის ნაწარმოებში, როლი შემომთავაზეს და სინჯებზე დამიბარეს.

ჩვენი თაობა, საკმაოდ ბევრს კითხულობდა, ძალიან განათლებული ბავშვები ვიყავით. იმ პერიოდში, არ არსებობდა ინტერნეტი, მიტომ სულ წიგნი გვეჭირა.

მოხდა ისე, რომ ალადინამდე, 13 წლის ასაკში, ფილმში „ჩვენი დროის გმირი“, ბელას როლის სინჯებზე მივიღე მონაწილეობა, რომელსაც რეჟისორი სტანისლავ როსტოცკი იღებდა.

ძალიან მიყვარს, ამ ფილმის სინჯების ფოტოები. რეჟისორს, ძალიან მოეწონა ჩემი გარეგნობა. როცა ამ ასაკის ბავშვი ნაკითხია, მის გარეგნობაზეც აისახება.

ამ როლზე, მოსკოვიდან გამომიძახეს, დედასთან ერთად ჩავფრინდი. ძალიან მოვეწონე რეჟისორს, მაგრამ პატარა ასაკის ვიყავი და ამიტომ უარი მითხრეს, ბევრი სასიყვარულო სცენები იყო და რეჟისორმა დედაჩემს უთხრა - ძალიან მომწონს, მაგრამ პატარაა და როგორც არასრულწლოვანი, ამ როლში რომ ვათამაშო, დამიჭერენო.

მართალია, გარეგნულად არ მეტყობოდა, მაგრამ საკმაოდ პატარა ვიყავი. მთავარი როლის შემსრულებელი ვლადიმერ ივაშოვიც კი გამაცნო, მაგრამ საბოლოოდ, ბელას როლზე, სხვა მსახიობი (სილვია ბეროვა) დაამტკიცეს.

რამდენიმე ხნის შემდეგ, მოსკოვიდან ჩამოვიდნენ ასისტენტები, ფილმისთვის „ალადინი“, არჩევდნენ გოგონებს. იმ პერიოდში, ვინც ბალეტს ცეკვავდა, გარეგნობით, ყველა ლამაზი იყო და მსახიობობისთვის, თითქმის მზად იყვნენ.

 

ბუდურის როლზე სინჯებში, ძალიან ცნობილ მსახიობი ირინა პეჩერნიკოვა იღებდა მონაწილეობას და ისევ ჩემი ასაკიდან გამომდინარე, რეჟისორს, მისი დამტკიცება უნდოდა.

- გამოდის, რომ ამ ფილმშიც ასაკის გამო არ დაგამტკიცეს, სავარაუდოდ, პეჩერნიკოვა თქვენზე უფროსი იქნებოდა...

როდესაც რეჟისორს უნდა, რომ პარტნიორს ეამბოროს, არასრულწლოვანთან ერიდება, თავს იკავებს. მართალია, ირინა 10 წლით უფროსი იყო ჩემზე, მაგრამ გარეგნულად არ ეტყობოდა. „ალადინში“ ვერ მოხვდა, მაგრამ იმავე წელს, გადაიღეს ფილმში -  „ქვის სტუმარი“.(каменный гость 1966 წ.)

სინჯებზე, ჩემს გარდა, კიდევ ერთი ქართველი მსახიობი, ულამაზესი ლეილა ყიფიანი მონაწილეობდა. საქართველოდან, ორი ქართველი ვიყავით, მოხდა ისე, რომ მე ამირჩიეს და საბოლოოდ, როლზე დამამტკიცეს.

 

რეჟისორმა, თავის თავზე აიღო უამრავი სირთულე და პასუხისმგებლობა, რადგან მსახიობი არ ვიყავი, მაგრამ როგორც ჩანს, კარგად იგრძნო, რომ მე უკვე არტისტი ვიყავი. ფაქტია, რომ ვისაც ქორეოგრაფიული სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, უკვე  სრულყოფილი მსახიობი იყო.

- როდის დაიწყო, თქვენი სამსახიობო კარიერა...

თეატრში რომ მივედი, შტატში, ბალეტის მსახიობად ამიყვანეს, ამის შემდეგ, თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე, დოდო ალექსიძის ხელმძღვანელობით -  სპეციალობით, თეატრის და კინოს მსახიობი.

აქედან დაიწყო, ჩემი სამსახიობო კარიერა, მართლაც სასწაული იყო - დოდო ალექსიძე და მიხეილ თუმანიშვილთან ერთად. ამ გადმოსახედიდან, რომ ვიხსენებ, მართლაც სასწაული დრო იყო.

- საინტერესოა, ასეთი შესანიშნავი გარეგნობის ქალბატონმა, რომელმაც ისეთ ცნობილ ფილმებში მიიღეთ მონაწილეობა, რომელიც დღემდე ისევ რეიტინგულია, რატომ აღარ გააგრძელეთ სამსახიობო კარიერა...

ეს არ იყო ჩემი ბრალი, ალბათ ასეთი იყო ჩემი ბედისწერა. როგორც მსახიობს, ძალიან დიდი პოპულარობა მქონდა რუსეთში, რადგან ჩემთვის ორი სცენარი დაიწერა.„Русалочка“ (ქალთევზა)  და „Аэли́та“(აელიტა - ა ტოლსტოი), რომლის მთელი მოქმედება, მარსზე მიმდინარეობს.

ფილმების სცენარები რომ წავიკითხე, ზუსტად ჩემი პორტრეტი იყო აღწერილი. ორ მხატვრულ ფილმში უნდა მეთამაშა. საინტერესო ფაქტი მოხდა, იმ პერიოდში „დიდოსტატის მარჯვენას“ იღებდნენ და შორენას როლის სინჯებზე დამიბარეს, გული მწყდება, რომ არ წავყევი სინჯებზე, დაჟინებით მთხოვდნენ და მელოდებოდნენ.

ძალიან მერიდებოდა, რადგან ჩემზე ორი ფილმის სცენარი იყო დაწერილი. სავარაუდოდ, დიდი შეცდომა დავუშვი, რას იზამ, ყველას ემართება შეცდომები, გამოუცდელი ვიყავი და ვერ გავთვალე!

რაც გაქვს, ის უნდა მიიღო! - ეს არის მსახიობის ცხოვრება. არტისტი, უნდა იყოს ეკრანზე, როცა რამდენიმე წელი არ ჩნდება, უკვე პრობლემაა.

- სამი ქართველი მონაწილეობდით „ალადინში“, მათ შორის, ოთარ კობერიძე...

ოთარი, ჩემი მეორე მამა იყო. ბუნებით, იმდენად ახალგაზრდა იყო, თან დარწმუნებული თავის თავში, რომ ასაკს ვერ იგრძნობდი. როგორც ჟან გაბენზე, ისე გიჟდებოდნენ ოთარზე, განსაკუთრებით რუსი ეროვნების ქალები.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აბოდებდნენ ოთარზე. ალადინის გადაღებებიდან თბილისში რომ დავბრუნდით, სახლში დამპატიჟა, სწორედ მაშინ გავიცანი მისი ულამაზესი მეუღლე - ლია ელიავა.

ძალიან მომწონდა ეს ქალბატონი, სამზარეულოში მისახმარებლად გავყევი, რაღაცას ამზადებდა და მითხრა - ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ მსახიობი არის „белоручка“, მაგრამ ასე არ არისო, რატომღაც, ძალიან დამამახსოვრდა ეს სიტყვები.

ერთ დღეს ბ-ნი თემურ ჩხეიძე შემხვდა, რომელთანაც მქონდა ბედნიერება და მრავალი წელი ვიმუშავე, სად დაიკარგეო მკითხა. მომერიდა ამეხსნა, რომ გავთხოვდი, ბავშვი გავაჩინე და დრო აღარ მაქვს-მეთქი.

თემურთან ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა. პირველ კურსზე შევხვდი, როდესაც დგამდა სპექტაკლს „მარიკიტა“, სადაც ქ-ნი მარინა ჯანაშია თამაშობდა, მაშინ მე-4 კურსის სტუდენტები იყვნენ, გამოსაშვებ სპექტაკლზე მუშაობდა. იცოდა, რომ ვცეკვავდი და მთხოვა, სპექტაკლისთვის ცეკვა დამედგა.

ეს იყო, ჩვენი პირველი შეხვედრა. ამის შემდეგ, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, თეატრალურში ვასწავლიდი, ჯგუფები მყავდა. ძალიან დიდ პატივს ვცემ ისეთ რეჟისორებს, რომლებიც პატივს სცემენ სხვის შრომას, თვითონ პიროვნებები არიან.

თემური, ასეთი ადამიანი იყო - საოცარი შეფასების უნარი ჰქონდა, უნიჭიერესი რეჟისორი და ამავე დროს, ძალიან ყურადღებიანი და მადლიერი ადამიანი.

რუსეთში ვიმუშავე ასევე, რეჟისორ კუზნეცოვთან, რომელმაც დადგა სპექტაკლი „ციური მერცხლები“ (Небесные ласточки), რომელიც პეტერბურგში, ასპირანტურაში ჩემი ხელმძღვანელი იყო.

მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ, ფილმში აღარ გადავუღივარ, არც შემოთავაზება მქონია. მთავარ როლში არა, მხოლოდ ეპიზოდებში მიღებდნენ - „აბესალომ და ეთერი“(მურმანის და), „В небе „ночные ведьмы“(რეჟ. ევგენი ჟიგულენკო 1981 წ.) სოფიკოს როლში გადამიღეს.

- მოგვიყევით, თქვენ მეუღლეზე...

 23 წლის გავთხოვდი, არც ისე პატარა ვიყავი. ჩემი ყოფილი მეუღლეა, ცნობილი მუსიკოსი, კინოოპერატორი და მხატვარი - დავით შუშანია. ერთმანეთი, თეატრში გავიცანით. ძალიან კარგად უკრავდა და ხატავდა. საერთო სპექტაკლები გვქონდა. ჩვენი ქალიშვილი ნინიკო რომ დაიბადა, მას მერე, 1986 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის  თეატრის კინოფაკულტეტი ოპერატორის სპეციალობით (ლ. პაატაშვილის სახელოსნო)

დამდგმელი ოპერატორია ფილმების - „ვამეხი მოდის" (ო. ლითანიშვილი, ო. შამათავა, 1987), „ცისად, ცისად გვემული" (ბ. გიორგობიანი, 1988), „ნაზარის უკანასკნელი ლოცვა" (ლ. თუთბერიძე, 1988), „უცხო" (გ. ჩოხელი, 1988), „ნოე" (ნ. მანაგაძე, 1990), „ბედიანი" (გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1993), „პროლოგი გრძელი პიესისთვის" (ქ. გუჯაბიძე, 2003).

ვერ გეტყვით, შემთხვევით შევხვდით თუ არა ერთმანეთს, მაგრამ ასეთი იყო ჩვენი ბედისწერა. არაჩვეულებრივი ტენორი იყო, გარეგნობაც ხელს უწყობდა, ხშირად მიმღეროდა, დღემდე წარმატებული მუსიკოსია.

ახალგაზრდა, მაღალი, ნიჭიერი, სიმპათიური, სექსუალური მამაკაცი - მეტი რა უნდა ნდომებოდა, ახალგაზრდა გოგოს.

მართალია, გავეყარეთ ერთმანეთს, მაგრამ გვყავს ქალიშვილი ნინო შუშანია. ძალიან ბედნიერი დედა და ბებია ვარ. პროფესიით მუსიკოსია, კონსერვატორია აქვს დამთავრებული. ძალიან უნდოდა მაგისტრატურაში ჩაბარება, მაგრამ ვერ შეძლო, გარკვეული მიზეზების გამო. დიდი ხანია უკვე, საკმაოდ წარმატებული ფსიქოლოგია.

- შეუძლებელია, ასეთ სილამაზეს, არ გყოლოდათ უამრავი თაყვანისმცემელი...

ნამდვილად ასეა, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან პატარა ვიყავი და ჩემზე ასეთი წარმატება, კი არ მიხაროდა, ან მაშინებდა, მაბრკოლებდა.

სულ ვერიდებოდი ასეთ სიტუაციებს. საბჭოთა კავშირიდან მომდიოდა უამრავი წერილი, მაგრამ არც ერთისთვის არ გამიცია პასუხი, ამისათვის, საკმაოდ პატარა ვიყავი. არც ინტერნეტი იყო, ათასობით წერილს ვიღებდი, რომელი ერთისთვის მეპასუხა.

- როლი, რომელზედაც დღემდე გული გწყდებათ...

რა თქმა უნდა, შორენა („დიდოსტატის მარჯვენა“ - კ. გამსახურდია), როდესაც მე უარი ვთქვი კოლონკელიძის როლზე და სხვა არჩევანი გავაკეთე. გული მწყდება ძალიან, დღემდე ვნანობ. 

- თეატრში მოღვაწეობდით?

რუსთავის თეატრის მსახიობი ვიყავი, ვთამაშობდი სპექტაკლში „კუკარაჩა“(დედა), ს. მრევლიშვილის სპექტაკლში „ოფელია“, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, აღარ გავაგრძელე თეატრალური ცხოვრება, რადგან ქორეოგრაფია ავირჩიე და დაახლოებით 25 წლის ასაკში, პედაგოგი გავხდი.

დღემდე თეატრალურ უნივერსიტეტში ვმუშაობ, ცეკვას და რითმიკას ვასწავლიდი, ამ ეტაპზე, კონსულტანტის თანამდებობაზე ვარ დანიშნული.

- რას ეტყოდით თქვენ თაყვანისმცემლებს... 

ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ პირადად არ ვცემდი პასუხს მათ წერილებს, არც ინტერნეტი არსებობდა. წერილებს ვიღებდი ციხეებიდანაც კი, მომდიოდა უამრავი ამანათი.

ეს იმდენად დიდი სიყვარულია, რომ ჩემამდე მოდის, ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვისაც ჩემი როლები მოსწონთ. მსახიობები, ყველაფერს მაყურებლისთვის ვაკეთებთ.

- ფილმში გადაღება რომ შემოგთავაზონ, დათანხმდებით?

რა თქმა უნდა, არც დავფიქრდები! მაგრამ ერთს ვიტყვი, ალბათ, ყველა როლზე ვერ ვიტყვი თანხმობას. დღემდე მონაწილეობას ვიღებ სერიალში („მზარეულები“ - მამიდა) და რეკლამებში, მიუხედავად იმის რომ რეკლამა მსახიობისთვის არ არის სანატრელი, უბრალოდ პიარია.

ძირითადად, გარეგნობის გამო მიღებენ. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ისეთი შეგრძნება მაქვს, ჩემი როლი არ მითამაშია, ჯერ!