დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
26 იანვარს, ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორ, ელდარ შენგელაიას 90 წელი შეუსრულდა. იუბილე, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა.
ოჯახის წევრების და მეგობრების გარდა, საღამოს ესწრებოდნენ კინოსა და თეატრის წარმომადგენლები, რეჟისორები, მუსიკოსები, მსახიობები.
იუბილეზე ნაჩვენები იყო სიუჟეტები ფილმებიდან - „შერეკილები“, „თეთრი ქარავანი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, რომლებიც ხშირად, ცრემლის და სიცილის ფონზე მიმდინარეობდა.
ლეგენდარულ კინო რეჟისორს, ვიდეო ჩართვების მეშვეობით, იუბილე მიულოცეს ქართული კულტურის და ხელოვნების წარმომადგენლებმა, მათ შორის მერაბ კოკოჩაშვილმა, ლანა ღოღობერიძემ, ნინო ანანიაშვილმა, იმედა კახიანმა და სხვებმა.
ღონისძიების წამყვანებმა, ნიკა წულუკიძემ და კახა მიქიაშვილმა, სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მისალოცი წერილი წაიკითხეს.
საიუბილეო საღამოს, მუსიკალურად აფორმებდა კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი, ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრისა და ბენდის მუსიკოსები, საღამოს მიწურულს, კინო რეჟისორმა ანსამბლ „შვიდკაცასთან“ ერთად, თავად შეასრულა კომპოზიტორ ჯ. კახიძის სიმღერა, კინოფილმიდან „შერეკილები“.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, „პრაიმტაიმმა“ ლეგენდარულ კინორეჟისორ, ბ-ნ ელდარ შენგელაიასთან და მის მეგობრებთან და კოლეგებთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
კინორეჟისორი ელდარ შენგელაია - მე მგონი, რომ ძალიან საინტერესო საღამო იყო. ჩემი საღამოს ქება, რაღაცნაირად, ცოტა უცნაურია, მაგრამ ის რეაქცია, რომელიც დარბაზიდან იყო გადმოსული, ამბობს, რომ ეს საღამო შედგა.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს იუბილე. დიდი მადლობელი ვარ, რომ ეს საღამო შედგა და რა თქმა უნდა მადლობელი ვარ მაყურებლის, რომელმაც გაიზიარა ჩემი სიხარული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც აქ მობრძანდა და გაიზიარა ჩემი სიხარული.
დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ (ვატო) კახიძე - ძალიან ემოციური საღამო იყო, განსაკუთრებით ის მომენტი, როცა ხალხი, რომელიმე შემოქმედს ფეხზე დაუდგება და ამდენი ხნის განმავლობაში, ასე გულითადად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
სწორედ, ამ ტაშით არის გამოხატული ყველაფერი - მოკრძალება და მადლიერება ამ ადამიანის მიმართ. მეც ვუერთდები ამ ყველაფერს და მხოლოდ, ჯანმრთელობას ვუსურვებ ბ-ნ ელდარის.
არც იდეები აკლია და არც ენერგია, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს!
მსახიობი ტრისტან სალარიძე - საოცარი საღამო იყო. მე და ბ-ნი ელდარი გარდა საქმიანი ურთიერთობისა, ოჯახებით ვმეგობრობთ. ყოველთვის მიხარია ასეთ ადამიანთან შეხვედრა, მით უმეტეს, 90 წელი შეუსრულდა და ამის მისალოცად მიდიხარ.
ერთ რამეს ვაკვირდებოდი დღეს, კიდევ შეძლებს თუ არა, ფილმის გადაღებას და შეძლებს კი არა, მგონია, რომ უკვე მზად არის ამისთვის.
მიხარია, რომ მის ბოლო ფილმში, მეც ვმონაწილეობ. ქართულში არის ასეთი სიტყვები - კაცი, კაცური კაცი და მერე არის, საკაცობრიო კაცი.
ელდარი საკაცობრიო კაცია, რომელიც ჩვენს სინამდვილეში ცხოვრობს, არსებობს და რაც მთავარია, ძალიან გახარებულია!
ვუსურვებდი, დიდხანს სიცოცხლეს! მთავარია, მიმართულია იმისკენ იმუშაოს. ჰქონდეს დრო, რომ თავის ფიქრები, სისრულეში მოიყვანოს.
მსახიობი ლეო ანთაძე: - ბრწყინვალე საღამო იყო. ეს ადამიანი, ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარია, ძალიან ბედნიერი ვარ.
ცოტა უფროსი ვარ, 90 წლის გასული წლის ნოემბერში გავხდი, 3 თვით პატარაა ჩემზე, ჩემი პატარა ელდარი (იცინის).
თითქმის, მთელი ცხოვრება, ერთად გავატარეთ. საბავშვო ბაღიდან ერთად მოვდივართ. სკოლაშიც, ერთ მერხზე ვიჯექით. სამწუხაროა, რომ აღარ დამრჩა ჩემი ასაკის მეგობრები, ყველა წავიდა, ერთი-ორი კაცი დავრჩით!
ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში, მისი ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება.
ფილმების ჩვენება 1-იდან 5 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მას „არაჩვეულებრივი გამოფენა“ გახსნის.
რეტროსპექტივის დროს წარმოდგენილი იქნება - „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „სავარძელი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „შერეკილები“ და ტრილოგია „მრავალჟამიერი“.
„პრაიმტაიმი“ ულოცავს ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილეს და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.