დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„მთავარია შენი თავის ფასი იცოდე, სადაც არ უნდა იყო, სცენაზე თუ მის მიღმა. ყოველთვის ვეუბნები ჩემ თავს, თავში არ უნდა აგივარდეს, სჯობს, სხვამ შეგაფასოს. ვცდილობ, ყველაფერში ზომიერება შევინარჩუნო. მთავარია, საქმეს გული დაუდო. მეფანდურეს ვერ ვუწოდებ იმ ადამიანს, თუ გულით არ უკრავს. ფანდური უნდა შეიგრძნო, თითოეული ნოტი და სიმი უნდა შეიგრძნო...“-
36 წლის ახალგაზრდა მუსიკოსი ფანდურა გიორგი ბექაური, პროფესიონალი მეფანდურეა. მისი საუბრიდან ირკვევა, რომ საქართველოში ორი ფანდურაა, ორივე მუსიკოსი და ხშირად ერთმანეთში ერევათ.
ექსკლუზიურ ინტერვიუში, ნიჭიერი მუსიკოსი ბავშვობის მძიმე წლებზე და მის შემოქმედებაზე საუბრობს და „პრაიმტაიმთან“პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამხელს:
ჩემი ნამდვილი სახელია - გიორგი, მეტსახელად, ფანდურას მეძახიან, გვარად ბექაური ვარ. დავიბადე დუშეთში და ბავშვობის გარკვეული წლებიც, იქ გავატარე.
ჩემი გამზრდელი, ძირითადად, სახალხო არტისტი ბ-ნი ილია ზაქაიძე იყო. სწორედ, მისი ხელშეწყობით გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად და ანსამბლ „მართვეში“ ჩავირიცხე..
მე და ცხონებული ალუდა ქეთელაური, ერთად დავდიოდით ილია ზაქაიძესთან. პირველად, „არტოს ბაღში“ ერთად ჩავატარეთ კონცერტი და დიდი მოწონება დავიმსახურეთ.
ეს ბავშვები, ძალიან ნიჭიერები არიან, ხელიდან არ გაუშვაო, ილიას უთხრეს. სანამ ანსამბლ „მართვეში“ გადავიდოდი, „არტოს ბაღში“ დავდიოდი, სადაც ჩემი ხელმძღვანელები, ანსამბლ “თბილისის“ სოლისტი გოგიტა გოგიტიძე და ხვიჩა ღვთისიაშვილი იყო..
დავამთავრე ათწლედი, რომლის ხელმძღვანელები იყვნენ ანზორ ერქომაიშვილი და დავით ქავთარაძე. ბ-ნი ანზორი, ვოკალის პედაგოგი იყო, დავითი კი, ინსტრუმენტალის - ფანდური, ჩანგი, ჭუნირი.
„მართვეში“ გიორგი უშიკიშვილის დედა, ვოკალის (ფორტეპიანო) მასწავლებელი იყო, ვუკრავდი სალამურზე, დუდუკზე, ფანდურზე, მაგრამ ფანდურმა, რატომღაც უფრო დამაინტერესა და მეტად ავუღე ალღო.
ამ პერიოდში დავიწყე ფანდურზე დაკვრის პროფესიონალურად შესწავლა და მეტსახელი ფანდურაც, სწორედ, აქედან შემარქვეს.
ანსამბლ „მართვეში“ სწავლის დამთავრების შემდეგ, ჩემი მონდომებით, შევქმენი „ტრიო“ და ძველ ფილარმონიაში, ბ-ნ ზალიკო გამყრელიძესთან ერთად ვმოღვაწეობდი. ტრიოსთან ერთად, უამრავი გასტროლი გვქონდა,12 ქვეყანა მოვიარეთ.
რამდენიმე წლის შემდეგ, ჩემი ტრიო დაიშალა და სხვადასხვა ბენდები შევქმენი, მაგრამ საბოლოოდ, სოლო კარიერა ვარჩიე. დუეტი რომ არ ჩავთვალო, ზუსტად, 20 სოლო და ფანდურზე კომპოზიციით - 23 სიმღერა მაქვს ჩაწერილი. არ ვნებდები, ყოველთვის ახალ მუსიკაზე ვმუშაობ!
- მუსიკასაც წერთ?
ჩემი რეპერტუარიდან 6 მუსიკის და რამდენიმე ტექსტის ავტორი ვარ. თავად ვუხდენ ჩემ მუსიკას ჩემ ლექსს. მთის კაცი ვარ, წარმოშობით გუდამაყრიდან და ძირითადად მთა, ბუნება და სიყვარულზე ვწერ.
- როგორი ხასიათი გაქვთ?
მკაცრი, მაგრამ სცენაზე ლაღი ვარ, დავფრინავ. არავის ვაგრძნობინებ, განსაკუთრებით მსმენელს და მაყურებელს, ჩემ სიფიცხეს, სულ ვიღიმი და ვცდილობ მხიარული ვიყო.
შეიძლება დიდი ხელოვანი არ ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, როგორი უნდა იყო შემოქმედი - ლაღი, მხიარული, შენი ტკივილი და მწუხარება, საზოგადოებას, არ უნდა აგრძნობინო.
- ფიქრობ, რომ პროფესიონალი მუსიკოსი ხართ?
რაც მთავარია, ჩემ თავში დარწმუნებული ვარ - ვარ პროფესიონალი მუსიკოსი და შემსრულებელი. დავაკონკრეტებ და გეტყვით, რომ მომღერალი არ ვარ, ინსტრუმენტალისტი ვარ.
სიმღერით, მხოლოდ ჩემ გულის ჭიას ვახარებ და ამით ვცდილობ, ჩემ მსმენელს და მაყურებელს, ჩემი მუსიკა შევაყვარო. კმაყოფილი ვარ ჩემი შემოქმედებით, მაგრამ ვცდილობ, უფრო ბევრი ვიმუშაო და მეტი მუსიკა შევქმნა.
- რა არის ის, რის გაკეთებაც გინდოდათ და გარკვეული მიზეზის გამო, ვერ შეძელით...
ახალი კლიპის გადაღება მინდა. პირველი კლიპი, 2014 წელს გადავიღე, გუდამაყარში. ერთი ღვთისნიერი კაცი გამოჩნდა, რომელმაც დამიფინანსა ტრანსპორტიდან დაწყებული, მონაწილეებით დამთავრებული.
რამდენიმე ხნის წინ, გია ჯაჯანიძის გადაცემაში, კაჭრეთის ამბასადორში მქონდა კლიპის - „მთის მონატრება“პრემიერა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მას შემდეგ, არაფერი გადამიღია და დიდი სურვილი მაქვს, სადმე მთაში, კარგ სიმღერაზე ჩავწერო. ახალ სიმღერაზე დავიწყე მუშაობა და თუ შევძელი, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, კლიპი გადავიღო.
- ყველაზე მეტად, რომელი პოეტის ლექსებზე წერთ მუსიკას?
უამრავი პოეტის ლექსი მაქვს ამღერებული - ნანა ცინცაძე, ტარიელ ხარხელაური, რომელიც ჩემი ბიძაა, ძალიან ბევრნი არიან განსაკუთრებით კი ის პოეტები, ვინც იცის ჩემი ჟანრი, ხმის ტემბრი, წერენ ისეთ ლექსებს, რომლებიც მთისაა, ისეთი შეგრძნება უნდა გქონდეს, თითქოს ექოს გამოსცემს ხმა - ჩემ ხმას და ფანდურს რომ შეეფერებოდეს.
- ოჯახზე მოგვიყევით...
მყავს მეუღლე - სალომე ბუნტური, ჩემსავით, ისიც მთის ქალია. სალომე ჩემთვის ყველაფერია - მეუღლე, მეგობარი. პერტე - პავლობის დღესასწაულზე გავიცანი და მას მერე ერთად ვართ.
- ერთი ნახვით შეგიყვარდათ?
მეგობართან სტუმრად ჩავედი მთაში, მისი ბიძაშვილის დაქალია. ფანდურა ჩამოვიდაო რომ გაუგია, უთქვამს, ეგ ვიღა არისო. თავიდან მხოლოდ მოწონება იყო, მერე უკეთ გავიცანი, ერთმანეთი შეგვიყვარდა და დავქორწინდით.
- უკვე პოპულარული იყავით?
ზუსტად იმ დროს გამოვიდა ჩემი ახალი კლიპი „არაგვისპირას აგავლევ“, სწორედ ამ სიმღერით გამიცნო ხალხმა. მინდა იცოდეთ, ამ ლექსის ავტორია - გელა ბექაური, ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამა.
- მიხარია, რომ ახალგაზრდა თაობა, ძალიან დიდ ინტერესს იჩენს ქართული ფოლკლორის მიმართ, როგორც ამბობთ, ასწავლით კიდეც ბავშვებს...
რამდენიმე მოსწავლე მყავს, რომლებსაც სიმღერას და ფანდურზე დაკვრას ვასწავლი. ძალიან დიდი გეგმები მაქვს, ბავშვებთან დაკავშირებით. ახლობელი ადამიანების ხელშეწყობით, მინდა ბავშვთა ანსამბლი შევქმნა და ბავშვებთან ერთად, ჩემი სიმღერები მინდა მსოფლიოს გავაცნო.
- როგორც გავარკვიე, საქართველოში ორი ფანდურა ხართ, ორივე მუსიკოსი...
გეთანხმებით, ორი ფანდურა ვართ - მე და ზურა ბარბაქაძე. მართალია, ძალიან ბევრი უკრავს ფანდურზე და ცდილობენ მოგვბაძონ, მაგრამ ერთს ვიტყვი, ისე, როგორც მე და ზურა ბარბაქაძე ვუკრავთ ფანდურზე, საქართველოში ვერსად ვერ უკრავენ. ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია, ნინო ჩხეიძესთან ერთადაც აქვს ჩაწერილი რამდენიმე სიმღერა.
- ერთად არ მღერით?
სამწუხაროდ, ერთად არ ვმღერით, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ, ექსპრომტად ჩავწერეთ ფანდურებით დუეტი, კომპოზიცია შევქმენით
- მშობლებზე მოგვიყევით...
სამწუხაროდ, მშობლები არ მყავს. დედა ადრე გარდამეცვალა, 14 წლის ვიყავი, სიმსივნის დიაგნოზი რომ დაუდგინეს. იმ პერიოდში „მართვეს“ წევრი ვიყავი, ძალიან გვიჭირდა, დედასთვის წამალი რომ მეყიდა, რესტორან „წისქვილში“ ჭურჭლის მწმენდავად დავიწყე მუშაობა.
რეპეტიციიდან სახლში გავრბოდი და მერე რესტორანში. მამაც მუშაობდა, მაგრამ არ გვყოფნიდა შემოსავალი, ჩემი ძმა პატარა იყო და მე დამაწვა მთელი ტვირთი.
- დიდხანს იმუშავეთ რესტორანში?
ყველამ იცოდა რომ ანსამბლ „მართვეს“ წევრი ვიყავი და რამდენიმე ხანში, რესტორნის სცენაზე გადამიყვანეს. რესტორან „წისქვილში“, იმ დროს, გიორგი უშიკიშვილის ანსამბლი მღეროდა და რამდენიმე ხანში, მეც მათთან ერთად აღმოვჩნდი სცენაზე.
ჩემი მასწავლებლები, გოგიტა გოგიტიძე და ხვიჩა ღვთისიაშვილიც ამ რესტორანში მღეროდნენ. ყველა წუხდა ჩემი ოჯაური მდგომარეობით, ბოლო წლებში, გადასახადსაც არ მახდევინებდნენ.
სანამ „მართვეში“ გადავიდოდი, მოსამზადებელ ჯგუფში დავდიოდი, სადაც თვეში გარკვეული თანხა იყო გადასახდელი. დირექტორმა და გიორგი უშიკიშვილის დედამ, რომელიც იქ პედაგოგად მუშაობდა, ჩემი მდგომარეობა რომ გაიგეს, გადასახადისგან გამათავისუფლეს.
მამა, 2018 -ში დამეღუპა. მშობლების გარეშე დავრჩი, მაგრამ დღემდე ვცდილობ, არ დავყარო ფარ-ხმალი.
- სამწუხარო ისტორიაა, თქვენი წარსულიდან გამომდინარე, სულ სხვა რაკურსით დაგინახეთ...
რაც უნდა მაგარი მუსიკოსი და პოპულარული ადამიანი იყო, თუ პიროვნება შემდგარი არ არის, მისი შემოქმედება, დიდად აღარ აინტერესებს საზოგადოებას.
მთავარია, შენი თავის ფასი იცოდე, სადაც არ უნდა იყო, სცენაზე თუ მის მიღმა. ყოველთვის ვეუბნები ჩემ თავს, თავში არ უნდა აგივარდეს, სჯობს, სხვამ შეგაფასოს. ვცდილობ, ყველაფერში ზომიერება შევინარჩუნო.
მთავარია, საქმეს გული დაუდო. მეფანდურეს ვერ ვუწოდებ იმ ადამიანს, თუ გულით არ უკრავს. ფანდური უნდა შეიგრძნო, თითოეული ნოტი და სიმი უნდა შეიგრძნო, რომ ისიამოვნო. „კუნძივით“ არ უნდა იდგე სცენაზე.
- ყველაზე მეტად, რომელ მეფანდურეს გამოარჩევდით...
რა თქმა უნდა, ჩემი პირველი მასწავლებელი ხვიჩა ღვთისიაშვილი, ადრე ანსამბლში - „შინ“ უკრავდა, ამ ეტაპზე, დათო კენჭიაშვილის ბენდის წევრია.
რეპეტიციიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, საჭმელსაც არ ვჭამდი, ავიღებდი ფანდურს, წარმოვიდგენდი, როგორ უკრავდა ხვიჩა მასწავლებელი და ვცდილობდი, ზუსტად მიმებაძა. დღემდე ვმეცადინეობ და ვმუშაობ საკუთარ თავთან, სულ ვვარჯიშობ, ხელის მტევნებს და თითებს ვამუშავებ.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უთქვამს ხვიჩა მასწავლებელს, ძალიან მაგარი ხარ, კარგად იცი შენი საქმეო, უფრო მეტად მინდა დავიხვეწო. მართალია, ჩემი თავით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, მეტი შემიძლია და კიდეც გავაკეთებ.
- სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით...
სამწუხაროდ, დიდი ხანია კონცერტი არ მქონია, მაგრამ 7 და 18 მარტს მე და ზურა ბარბაქაძეს (ორი ფანდურა) რუსთავის ქალთა კოლონიაში გვაქვს დაგეგმილი.
ადრეც, რამდენჯერმე ვიყავი ქალთა და 16 -ე მამაკაცთა კოლონიაში. ძალიან ისიამოვნეს ჩემი კონცერტით, მამაკაცთა კოლონიაში ისიც კი შემომთავაზეს, დარჩი ორი დღე და ერთი კარგი სიმღერა ჩავწეროთო. თითქმის ყველა პატიმარი დასაქმებულია, მოსავალიც კი მოჰყავთ. საპატიმროდან. ხელნაკეთი საჩუქრებით გამომიშვეს.
რამდენიმე ხნის წინ, იტალიიდან დამიკავშირდა ერთ-ერთი ქალბატონი და მე და პოეტი ბ-ნი ტარიელ ხარხელაური მიგვიწვია. პირველ სექტემბერს, იტალიაში, უკვე დაგეგმილი გვაქვს კონცერტი.
- ხშირად ახსენებთ ბ-ნ ტარიელს, როგორც ამბობთ, ახლო ნათესაური კავშირი გაქვთ...
ჩემი ალალი ბიძაა, ტარიელის პაპა და პაპაჩემი, ალალი ძმათაშვილები იყვნენ. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, დრო მოვიდა, რომ ვთქვა - ჩემი ნამდვილი გვარი, ბექაური არ არის, ხარხელაურია.
დედა მყავდა ბექაური და მის გვარზე ვარ. კონცერტზე, ბექაურს რომ აცხადებენ, რაღაცნაირად გული მტკივა, მაგრამ თან მიხარია, რომ დედაჩემის გვარს ვატარებ. ეს ამბავი არსად მითქვამს, პირველად თქვენ გაგიმხილეთ!
- რა მიზეზით გადახვედით დედის გვარზე?
დედ-მამა დიდი ხნის განმავლობაში, ისრაელში, ემიგრაციაში იყვნენ. მე და ჩემი ძმა, პატარები დაგვტოვეს. წლების მერე, მამა ისრაელში დაიჭირეს, დაადეპორტეს და წამოვიდა, დედაც, რამდენიმე ხანში დაბრუნდა საქართველოში.
ერთ წლის მერე, მამამ, გადაწყვიტა საბერძნეთში წასულიყო, მაგრამ ამ პრობლემის გამო, ხარხელაურის გვარით, საზღვარს ვერ გადაკვეთდა, ამიტომ დედამ, თავის გვარზე გადმოიყვანა და ჩვენც ბუნებრივია, მის გვარზე გადავედით.
საბერძნეთში რომ წავიდა, დედას დაწყებით სტადიაში ჰქონდა სიმსივნე. რამდენიმე ხანში დამძიმდა და მისი ავადმყოფობის გამო, მამა საქართველოში დაბრუნდა. 41 წლის ასაკში, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. დედას სიკვდილის შემდეგ, ბებია (დედის დედა) და მამა გვზრდიდნენ.
- არ ჰქონდა სურვილი მამას, თავის გვარი დაებრუნებინა?
დედას გარდაცვალების შემდეგ, ნერვიულობაზე, მამამ დალევა დაიწყო, აღარც აინტერესებდა და ახსოვდა არაფერი. ძალიან ბევრს სვამდა, ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო, თირკმელები და ფილტვები დაუზიანდა და 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. საფლავის ქვაზე, მამას ნამდვილი გვარი - ხარხელაური აწერია.
ბავშვობაში ბევრი ტრაგედია გადავიტანე, დღემდე მიკვირს, როგორ ვმღერი, ან როგორ ვუკრავ. მინდოდა, ეს ამბავი როდისმე გამემხილა. ალბათ, დადგა ეს დრო და გადავწყვიტე, თქვენთვის გამენდო, ჩემი ოჯახის საიდუმლო.
ერთი პრობლემა მაქვს, ბექაურის გვარით მიცნობს ყველა და უცებ, ხარხელაური, ვფიქრობ, ბევრი ადამიანისთვის დამაბნეველი იქნება, მაგრამ გადავწყვიტე, მივხედო ამ საკითხს და ჩემი გვარი დავიბრუნო.
სულ მეკითხება ტარიელ ბიძია, როდის გადმოხვალ ჩემ გვარზეო. ვიცი, რომ ძალიან გაუხარდება, ამ ამბავს რომ გაიგებს.