დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეს ქართველი სახალხო პოეტის, 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრის, მიხა ხელაშვილის დაბადების დღეა.
ბოლო წლებია, ყოველ 25 იანვარს, ზამთრის თოვლის თუ სუსხის მიუხედავად, უამრავი ადამიანი დადის ჩარგალში. ამ დღეს პატივს მიაგებენ თავისუფლებისთვის მებრძოლი პოეტის – მიხა ხელაშვილის ხსოვნას. ის ჩარგლის სასაფლაოზე, ტაძრის გვერდით არის დაკრძალული.
პოეტის ცხოვრებაში რიცხვი 25, სამჯერ მეორდება. ის 1900 წლის 25 იანვარს დაიბადა და 1925 წლის 25 იანვარს, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა - უფრო სწორად, ადამიანებმა, რომლებსაც ენდობოდა, მძინარე მოკლეს.
მიხა ფშავიდან იყო, სოფელ ახადიდან. რამდენიმე წელი მცხეთის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, მერე ბარისახოში მსახურობდა მედავითნე და დიაკვნად.
მშვიდობიან საქართველოში აზრიანი, გონებაგახსნილი ახალგაზრდის ცხოვრება, სულ სხვაგვარად წარიმართებოდა, მაგრამ ქვეყანა კომუნისტებს ჰქონდათ დაპყრობილი, ამიტომ 1921 წელს, მიხამ დიაკვნის კაბა გაიხადა, იარაღი გადაიკიდა და მაღაროსკარის ბრძოლაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს შეუერთდა.
ამის შემდეგ კომუნისტური ხელისუფლებისთვის, მიხა ხელაშვილი მუდმივი დევნის ობიექტი გახდა, დევნიდნენ მის ოჯახსაც.
მიხეილ ხელაშვილი, გავრცელებული ვერსიით, საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით, დაიღუპა, დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს.
„მიხას ცხედარი მარხილით ჩამოათრიეს დუშეთის მილიციაში და იქ დააგდეს. ორი კვირა ასე ეგდო დაუმარხავი, იარაღიც ზედ ჰქონდა ასხმული. მერე ერთი ღვთისნიერი კაცი იყო, ტუჩა ქეთელაური. თავის მორიგეობის დროს მიხას დას სალომეს მოაპარინა ცხედარი. წაიღეს და ჩარგლის სასაფლაოზე დამარხეს“, - ამირან არაბული.
მისი ლექსების ნაწილი, არაერთი დარბევა-განადგურების მიუხედავად, გადარჩა. ამან, ღირსეულ სიცოცხლესთან ერთად, ლეგენდად აქცია, უკვდავყო მიხა ხელაშვილის სახელი. მიხას მამისეულ სახლში, ახადიში, მილიციას სულ გაუნადგურებია პოეტის ბავშვობის დროინდელი ნაწერები.
კახეთში შექმნილი ჩოლოყაშვილის რაზმელების პერიოდის ლექსთა ნაწილი, რომელიც მის მეგობარ ივანე ყაყიდაშვილთან ინახებოდა, მან ძმის მეგობარსა და მიხას შემოქმედების თაყვანისმცემელ ვანო ხორნაულს გადასცა.
ვანომ ლექსები კლდეში დამალა, რამაც გარკვეულწილად დააზიანა ისინი. გარკვეული ხნის შემდეგ მან მიხა ხელაშვილის ლექსები ფსევდონიმებით - „მიხა ახადელი” და „მიხეილ ზურაბაშვილი”- გამოაქვეყნა თავის მიერ გამოცემულ, ხალხური სიტყვიერების კრებულში.
საბჭოთა პერიოდში, ხელაშვილის ლექსები, იბეჭდებოდა, ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში, ავტორის მითითების გარეშე. ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო ამოგთქომ ოხერო", რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, მის მშობლიურ ფშავში.
ხელაშვილი მთავარი გმირია პოემისა „ბოლშევიკურად ჯვარცმულნი". ეს პოემა შესულია კრებულში „მე პოეზიის ანგელოზი მალაპარაკებს" (ავტ. ნოდარ ჟიჟიაშვილი). ქართველი სახალხო პოეტი.
2022 წლის 9 მაისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრს, სახალხო პოეტს, მიხა ხელაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
მიხა ხელაშვილის შთამომავალი, მანანა სამაშვილი „პრაიმტაიმთან“ ინტრვიუში აცხადებს, რომ საეკლესიო ჩანაწერის მიხედვით, პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი ცნობილია:
მანანა სამაშვილი: დღეს ჩარგალში აღინიშნება ვაჟა-ფშაველას შემდეგ, ფშავის მეორე დიდი პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის - მიხა ხელაშვილის დაბადების დღე, თუმცა, საეკლესიო ჩანაწერის მიხედვით, პოეტის დაბადების ზუსტი თარიღია - 1899 წლის 11 (23) დეკემბერი, ხოლო გარდაცვალების - 1925 წლის 13 თებერვალი.
გარდაცვალების თარიღი, შსს -ს არქივში მოძიებული დოკუმენტებით დავამტკიცე.
დედას (ლამარა რაზიკაშვილის) ბებია გახლდათ მიხას და - სალომე კაკაბლიშვილი, რომელიც მიხას და იყო დედით, მაგრამ სხვადასხვა მამები ჰყავდათ.
მიუხედავად ამისა, ერთად იზრდებოდნენ ახადში, სადაც დედამ წაიყვანა. მერე სალომე ჩარგალში გადმოვიდა საცხოვრებლად, ახალგაზრდა იყო, ბინა არ ჰქონდა და ბაჩანამ, ვაჟას ძმამ, ჩემმა პაპამ, დაუთმო საცხოვრებლად თავისი ერთოთახიანი სახლი ჩარგლიდან 3 კილომეტრით დაშორებულ სოფელ აფხუშოში.
ბაჩანას გარდა, ამ სოფელში მაშინ უკვე არავინ ცხოვრობდა. ბაჩანა მაღაროსკარში იყო მასწავლებლად და მერე ქიზიყში, ქვემო ქედში გადავიდა საცხოვრებლად.
სალომე ბებო კი, მის სახლში ცხოვრობდა. სალომე ფაქტობრივად, ბაჩანას გაზრდილი იყო.
მისი მეუღლე იყო, ჩარგლის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი თევდორე ჟამიაშვილი. ისიც აფხუშოში იყო სალომესთან, მაგრამ ახალგაზრდა გარდაიცვალა.
სალომე ბებო, მარტო დარჩა 4 შვილით - 3 ქალიშვილი ჰყავდა და ერთი ვაჟი. სანამ სალომე დაქვრივდებიდა, ჩარგალში დასთან გადმოვიდა საცხოვრებლად მიხაც, მისი ძმა. ჩარგალში მას და - სალომე და სიძე - თევდორე პატრონობდნენ.
მიხაც იმავე ეკლესიაში იყო დიაკვნად, სადაც მისი სიძე თევდორე. მას ძალიან შეუყვარდა ჩარგალი, რომელიც მისი მეორე მშობლიური სოფელი გახდა ახადის შემდეგ.
მოკლედ, მიხას მკვლელობის საზარელი ისტორია სწორედ ჩარგალში დატრიალდა, ლუკა მარცვალაშვილის სახლში. მკვლელები - მიხას მეგობრები, წინასწარ მოისყიდეს და ფული გადაუხადეს, ყველაფერი ისე მოაწყვეს, რომ მას ეჭვი არ შეეტანა არაფერში.
მესამე მკვლელი (მე მკვლელად მიმაჩნია ისიც) გახლდათ ვაჟა-ფშაველას გერი - ვახტანგ რაზიკაშვილი, რომელსაც უშუალოდ ჰქონდა დავალებული, ამ საიდუმლო ოპერაციის ხელმძღვანელობა. ეს ჩვენ ვიცით, მთელმა სანათესავომ და ამისი ირიბი, თუმცა ძალზე სარწმუნო მტკიცებულებები არსებობს.
ვახტანგ რაზიკაშვილი იყო, რაზიკაშვილების გვარის შემარცხვენელი და ეს ჩვენი ოჯახის უდიდესი ტრაგედიაა. მიხას გარდა მას კიდევ ერთი თავისი თანასოფლელი - გიორგი პირქუშაშვილი ჰყავდა თავისი ხელით სადისტურად მოკლული (რისთვისაც მცირე ხნით, მეტეხის ციხეში იჯდა და როგორც ბოლშევიკების აგენტი, მალე გამოუშვეს).
კიდევ სამი ადამიანი დააჭერინა და დაახვრეტია - ლევან რაზიკაშვილი (თავისი ოჯახის წევრი, ვაჟას შვილი), მიხა რაზიკაშვილი (ვაჟას დის, მართას ვაჟი) და ფილიპე რაზიკაშვილი - ვაჟას ბიძაშვილი.
მას სძულდა რაზიკაშვილები და ეს სიძულვილი, თავისმა დედამ, ვაჟას მეორე ცოლმა, თამარ დიდებაშვილმა ჩაუნერგა.
ვაჟა ისე გარდაიცვალა, ვახტანგს გვარი არ მისცა, 15 წლამდე, ის გახლდათ, დედის, ვაჟას მეორე ცოლის, დიდებაშვილის გვარზე და მხოლოდ ვაჟას სიკვდილის შემდეგ, ჩვენი ნათესავების დახმარებით (მოწმეებად წაიყვანა) დაეწერა რაზიკაშვილად.
ერთი მოწმე - მიხა რაზიკაშვილი მალევე გაისტუმრა საიქიოს და მეორეს - ვაჟას, უმცროს ძმას, სანდროსაც დაბეზღებით დაემუქრა. სანდრომ იცოდა ეს ამბავი და მოუყვა მიხა რაზიკაშვილის შთამომავლებს.
მეც მათგან ვიცი ეს ამბები: ვახტანგმა რომ მიხა რაზიკაშვილი, არაჩვეულებრივი ქართველი ვაჟკაცი დააჭერინა, ეს თავისი პირით აღიარა თავის ცოლთან - სურია გოგიტიძესთან. სურია და ვახტანგი მუდმივად ჩხუბობდნენ და ბოლოს გაიყარნენ. ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ სურია ჩამოსულა თბილისში, მისულა სანდრო რაზიკაშვილთან და მოუყვა მიხას დაჭერის ამბავი. უთქვამს - ვახტანგმა თქვა, კიდევ ერთი რაზიკაშვილი ჩავაძაღლეო. არ დაიჯერებთ, ისეთი ტრაგედიაა! მთელი ეპოპეაა!
ხალხმა არ იცის ეს ამბები, იმდენად დაუჯერებელია ვახტანგის ბოროტება, კიდევ არ უნდათ, რომ დაიჯერონ! აქამდე არც ვყვებოდით ყველასთან, ახლა კი მინდა, რომ ბევრმა გაიგოს...
გთავაზობთ მიხას ერთ-ერთ საუკეთესო ლექსს, რომელიც მან მიუძღვნა ერთგულ მეგობარს ალექსი მისრიაშვილს (რომელიც ჩეკისტებმა მოკლეს).
ალექსი მისრიაშვილის ფოტოს ვაქვეყნებთ პირველად:
ლექსი ალექსი მისრიაშვილზედ:
ფშავისკენ შავნი ღრუბელნი რად რარა გადმოდიანო,
შემოგვხვდებიან წვერზედა მთაწმინდავ ვარსკვლავიანო,
დაგიჩრდილებენ ნისლები, მზის მოსვლას დაგიშლიანო,
ხელშეკრულ ჩამოვავლევენ, მისრიაშვილო ხმიანო.
ხე და ქვან დაგემშვიდობნენ, მთანიც კი მოგსტირიანო,
დუშეთის კრებას დაესწარ გულდინჯო, მოკლე დღიანო,
იფიქრე გამომიშვებენ, დამკითხვენ გამომცდიანო,
დახვრეტას გადაგიწყვეტენ რა დიდხანს დაგაცდიანო;
ცოცხალს სამარეს გითხრიან, სიკვდილს არ დაგაცლიანო,
შიგ ჩასწევ, ამოიკვნესე, მანძილა ხარო რქიანო.
ალექსი ვეღარ მოგივათ ფშავში დეკანო, ღვიანო,
ვეღარც ამოხვალთ ლაღადა არაგვის პირზე იანო,
ქვეყანა არ დაგივიწყებს, სწორებში ეხტიბრიანო,
შვილებსა ლეგა მგლისასა, მისრიან გამაზრდიანო,
ლაშარ-ღელესა ფშავლები, თავით თავს მოიყრიანო,
სამი დროშით და ფერხისით საჯარეს შამუვლიანო,
შენს შვილებს დაუძახებენ, წინ სუფრას გაუშლიანო,
შესანდობარსაც დალევენ, თასებსა გამასცლიანო,
დაიძახებენ შენს ლექსსა, ცრემლებსა გადმაჰყრიანო!
შენს სიკვდილს მე მაბრალებენ, ცოდვიანს მეძახიანო,
გაზაფხულ როდის დადგება, შაშხანავ აგახმიანო,
ბევრისა დედა ვატირო, ბევრ უჭკვო დავაჭკვიანო,
მტრის ჯავრის ამამყრელი ვარ, ხელაშვილს მეძახიანო.
შეგახსენებთ, რომ მიხა ხელაშვილის ერთადერთი ქალიშვილი თამარი, 2011 წლის 13 დეკემბერს გარდაიცვალა.
დაკრძალულია სოფელ ქვემო ქედში, სადაც ცხოვრობდა.