ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090
"ძალიან დამაკლდა მამაც, დედაც. მშობლები შეუვსებელია. არა მხოლოდ ჩემთვის. დედას და მამას რომ ვერავის ეძახი, ბავშვობა მიდის შენგან, გტოვებს.
ორივე მეგობრულები იყვნენ ჩემთან. ბევრი ვისწავლე მათგან.
ახლა სულიერი კონტაქტი მაქვს, როგორ შეხედავდნენ ამა თუ იმ მოვლენას, ვიგონებ და ვარ…" - ამბობს ნიკუშა შენგელაია "პრაიმტაიმთან".
ფეისბუქ გვერდი "თბილისური ამარკორდი" ნიკუშას ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მხატვარი დედას ძალზე ემოციურად იხსენებს.
"სოფიკომ ძალიან იწვალა. რაც ამ ავადმყოფობას მოჰყვება, ყველა ტკივილი გადაიტანა. გარდაცვალებაზე არ საუბრობდა, სიცოცხლე უყვარდა, ბოლოს, როცა სიცოცხლის ხანმოკლეობის შეგრძნება გაუმძაფრდა, მითხრა - დრო ისე გაირბენს, ვერც კი გაიგებ, შენი საქმე აკეთე და ღმერთს მადლობა უთხარი, რომ მზეს ხედავო!
მე და დედა მეგობრები ვიყავით. მეუბნებოდა, რომ ჩემი საქმისთვის მეტი დრო დამეთმო, უყვარდა, როცა ერთად მივდიოდით კინოში, თეატრში. ახლა ვნანობ, რატომ უფრო ხშირად არ ვიყავი მის გვერდით. ძალიან ვნანობ, რომ არც ბებიაჩემი დამიხატავს და არც - დედა. როცა უახლოეს ადამიანებს ხედავ, ვერც კი წარმოიდგენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინი შეიძლება გაქრნენ შენი ცხოვრებიდან.
დედა რომ გარდაიცვალა, ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მას გაუხარდებოდა. აივნის წინ, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებდით, მის სახელზე ბროწეული დავრგე - იმ ბროწეულთან ვაბარებ ხოლმე პატაკს. სულ ვფიქრობ, ნეტავ თუ გრძნობს-მეთქი? დედა ხშირად მესიზმრება, იმდენად მძაფრი და რეალურია ეს კონტაქტი, რომ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს... მის მანქანას ნომრით - სოფ 777, ჩემი შვილი, გიორგი ატარებს. პატრულის თანამშრომლებსა და „სტაიანშიკებს" ეს მანქანა კარგად ახსოვთ.
ახლა დედა რომ ცოცხალი იყოს, ჩავეხუტებოდი, ხელს აღარ გავუშვებდი, ბევრ იასამანს მივუტანდი, ვეტყოდი - ყველაფერს გადავდებ, ოღონდ აქ დარჩი, ოღონდ ერთად ვიყოთ-მეთქი! სულ მახსოვს და სანამ ჩემი გული ფეთქავს, სულ მემახსოვრება. ყოველი მისი გახსენება ჩემთვის ცრემლია. მისი არავითარი ნივთი თან არ დამაქვს, დედა გულში მყავს!" - ნიკუშა შენგელაია.
ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090