1750437508
ადამიანი პოლიტიკურად დევნილი არისო და თუ შეგიძლია, რომ საქართველოს საზღვარს გადაიყვანოო - გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე შოთა ქარუმიძემ მოწმის სტატუსით ისაუბრა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. დღეს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე იმსჯელეს. ჩვენება მისცა მოწმემ, რომელიც თავად არის ბრალდებული ამ საქმის ფარგლებში - საუბარია იმ ავტომობილის მძღოლზე, რომელშიც სამალავი იყო მოწყობილი.
შოთა ქარუმიძემ სხდომაზე განმარტა, თუ როგორ გაიცნო გიორგი ბაჩიაშვილი და როგორ დაეხმარა ავტომობილით საქართველოს დატოვებაში.
"ადამიანი პოლიტიკურად დევნილი არისო და თუ შეგიძლია, რომ საქართველოს საზღვარს გადაიყვანოო. რა კრიმინალი აქვს მეთქი ჩადენილი - არა, არც კრიმინალი არ აქვს ჩადენილი, არც ძიებაში არ არისო. ვიფიქრე, ვიფიქრე და ვუთხარი, რომ 30 000 დოლარად გადავიყვან-მეთქი. 28-მდე, სანამ მე მანქანას დავტოვებდი, სამალავი მანქანაში მოწყობილი არ იყო, მე რომ 28-ში მანქანას ვტოვებდი, არც ის იყო ჩემთვის ცნობილი, რომ სამალავი უნდა გაკეთებულიყო ან არ უნდა გაკეთებულიყო. სამალავი იყო მოწყობილი "ბაგაჟნიკსა" და "სიდენიას" შორის, განთავსდა იქ და გავიარე სომხეთის საზღვარი," - განაცხადა ქარუმიძემ.
გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალდება დაუსწრებლად, მას შემდეგ წარუდგინა, რაც მან ქვეყანა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე განაჩენის გამოტანამდე დატოვა. დღევანდელ პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად გიორგი ბაჩიაშვილმა. მან განაცხადა, რომ საქართველოში იძულებით ჩამოყვანის საქმეზე არ გამოუკითხავთ.
"ამ შემთხვევაში, ძალიან დეტალური ინფორმაცია არის მიწოდებული საგამოძიებო სტრუქტურებისთვის და, ამასთან ერთად, გიორგი გამოთქვამს სურვილს, რომ ითანამშრომლოს და ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდოს გამომძიებლებს," - აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი.