"ამერიკა ადამიანებს შანსს აძლევს, სიბერეშიც იყვნენ ბედნიერნი" - მზია მაღლაკელიძე ნიუ-იორკში 87 წლის გახდა

mzia

მზია მაღლაკელიძე 87 წლის გახდა. უკვე რამდენიმე წელია მსახიობი ამერიკაში, ნიუ-იორკში, ქალიშვილთან, ნუცა შანშიაშვილთან ცხოვრობს. ნუცას შვილის გაზრდაში ეხმარება და თავს მშვენივრად გრძნობს.

რას ამბობდა სამი წლის წინ ნუცა "პრაიმტაიმთან" და რას ამბობს ის ახლა იუბილარ დედაზე, მოდით, თვალი გადავავლოთ სტატიას.

ნუცა შანშიაშვილი: აბსოლუტურად პატარა გოგოა შინაგანად. ამაში იუმორი, სიცოცხლის სიყვარული, თეატრი და გართობის სიყვარული ეხმარება. რაც მთავარია, მზია ნიჭის წყალობით არის ასეთი.

ყველაზე კარგად მაშინ ხდება, როდესაც ხელოვნებასთან აქვს შეხება. გაბრწყინდება ხოლმე, როდესაც ან გადასაღებ მოედანზე მიდის. მსახიობები ჯადოსნური ხალხია, რამდენ როლს ირგებენ, რამდენ ადამიანში შედიან, რამდენი ემოციით.

პლუს ამას, თუ დადებითი პიროვნება ხარ, ამდენი სახეების თამაში, წლებს გმატებს, თუ უარყოფითი – გართმევს. მზია ძალიან დადებითია.

მიხარია, რომ მეც ამ გენების ვარ. მეც ასე ვიქნები, ალბათ, დიდი ხანი. იმედი მაქვს.

მზია მკაცრი დედა იყო. ახლა ვთხოვ, როგორც ჩემთან იყავი, ჩემ შვილთანაც ასეთი მკაცრი იყავი-მეთქი. მაგრამ ვერ არის ისეთი, მორბილებულია.

მისი მადლობელი ვარ, რომ დამაბერტყა თავისი ნიჭი, პლასტიკა, ხელოვნების სიყვარული, შრომისმოყვარეობა.

მზია მაღლაკელიძე: – ასაკის შემოპარვა მაშინ მახსენდება, რაღაც რომ წამომტკივდება. მახსოვს, კოტე მახარაძემ თქვა, საშინელება მემართებაო – წამოვხტები, გაქცევა მინდა, მაგრამ ფეხები არ მიშვებსო. ანუ გული და სული არ ბერდება. რაც ხარ, ის ხარ ბოლომდე. მხოლოდ გარეგნულად იცვლები…

მე ოცნება მიყვარს. მთელი ცხოვრება ოცნებებში გავატარე. ზოგი ამიხდა, ზოგი – არა.

არაფერია ისეთი, რასაც ახლა ვნატრობდე. რა უნდა მინდოდეს? როლები, როლები… კარგი, ჰო, როდემდე შეიძლება იხტუნაო? ყველაფერი მაქვს და ბედნიერი ვარ.

ცხოვრება ისე უნდა შეიქმნა, რომ უსუსური არ იყო. ან სად მაქვს უსუსურობის დრო? შვილიშვილს დავდევ.

ჩემი ლამაზი, მშვენიერი, კოპწია თბილისი მენატრება, ჩემი საქართველო მენატრება. ამერიკიდან კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება ეს ნოსტალგია. მეგონა, აჭარბებდნენ, როცა ნოსტალგიას ახსენებდნენ. თურმე, მძაფრი განცდაა.

ნუცა შანშიაშვილი: - აი, ჩემო კარგო, ამერიკა აძლევს ადამიანებს შანსს სიბერეშიც იყვნენ ბედნიერნი, იგრძნონ თავი ახალგაზრდული შემართებით და თუ შინაგანად მზად ხარ იყო წარმატებული, იქნები. მზია, ვთვლი, რომ არის კიდეც თავის შესაფერის სიტუაციაში. კი რა თქმა უნდა, ყოველ წუთს და წამს უყურებს საქართველოს ტელევიზიას და ამბებს და გულით თავის თბილისშია, მაგრამ მიუხედავად მონატრებისა, კარგად არის, ღმერთის წყალობით.

ასევე დაგაინტერესებთ:

"შპაგატშიც ჩაჯდა და ისე ითამაშა, მაყურებელმა არც იცოდა, რომ მძიმე სენს ებრძოდა..." - მარინა ჯანაშიას გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა

„ლაურა ბრილიანტია. ოღონდ კარგად იყოს და სიამოვნებით მოვემსახურები" - გაიცანით პროფესორი, რომელმაც ლაურა რეხვიაშვილს უფასოდ უმკურნალა

"მე და ზვიადი სახეებით მივედით ერთმანეთთან, ქაღალდები გამომართვა, ხელზე მაკოცა და წავიდა..." - რა ისტორიას იხსენებს ლაურა რეხვიაშვილი ზვიად გამსახურდიაზე

„გურამის „ქალები“ საქმის ჩასაწყობად ჩემთან მოდიოდნენ და ტიროდნენ, მიმატოვა და მიშველეო“ - ბერტა ხაფავა გურამ ფირცხალავასა და პირადზე