„გურამის „ქალები“ საქმის ჩასაწყობად ჩემთან მოდიოდნენ და ტიროდნენ, მიმატოვა და მიშველეო“ - ბერტა ხაფავა გურამ ფირცხალავასა და პირადზე

berta

თავს ვარსკვლავად არ ვთვლი, რა ვარსკვლავიო - "პრაიმტაიმთან" საუბრისას გაიოცა ბერტა ხაფავამ. მსახიობი 82 წლისაა. სიბერეზე წუწუნებს, ცუდი რამ ყოფილაო. თამაშის განწყობა არ აქვს, არც კინოში, არც - თეატრში. ცოტა სევდიანია, ცოტა მარტოსული...

ბერტა ხაფავა: არაფერს ვნანობ, თუმცა უფრო მეტი შემეძლო, უფრო კარგად შემეძლო... მაგრამ ახლა აღარც კინო მინდა, აღარც - თეატრი. არაფერი აღარ მინდა. დავბერდი, აღარ შემიძლია. პატარა კი არ ვარ? 82 წლის ვარ. ვერ ვარ კარგად, სიბერე მომერია. ვეჭიდავები, მაგრამ არ გამომდის. 

დიდხანს ფეხზე ვერ ვდგავარ, მაგრამ საქმეს მაინც ვაკეთებ. დიდი „უბორკა“ დავიწყე, მაგრამ წინ ვერ მივდივარ. ხვალ, ხვალ-მეთქი და... დიდია ბინაც (დასთან და დისშვილთან ერთად ვცხოვრობ).

ძალიან ცუდი ყოფილა სიბერე. აღარაფერი მაინტერესებს. არც არაფერი მიხარია, არც არაფერი მწყინს. შეგრძნებებიც დაკარგული მაქვს. წასული ვარ, უკვე იქით ვარ... (იცინის)

ძირითადად ტელევიზორთან ვარ. ვსვამ ყავას და ვუყურებ. სიბერეში ტკბილეული შემიყვარდა. მეგრელი ვარ და სულ მწარეს ვჭამდი, ახლა უკვე ტკბილი მირჩევნია. 

მეგრული ხარჩო და ღომი მქონდა საფირმო, გემრიელს ვამზადებდი. გურამ ფირცხალავას უყვარდა ჩემი ხარჩო. ჩვენ კურსელები ვიყავით. სულ ჩემთან ეგდო. თუ ღომი და ხარჩო მქონდა, ბედნიერი კაცი იყო. მერე მისი „დამაჩკების“ მოსვლამ და ტირილებმა შემაწუხა. გურამის „ქალები“ საქმის ჩასაწყობად ჩემთან მოდიოდნენ და ტიროდნენ, გურამმა მიმატოვა და მიშველეო. რა გააჭირე საქმე-მეთქი, მერე გურამს ვსაყვედურობდი, მაგრამ გოგონები იქით არ ასვენებდნენ. იყო მექალთანე, მაგრამ თუ შეუყვარდებოდა, იმ პერიოდში გვერდით აღარ გაიხედავდა. აცხონოს ღმერთმა.

მიყვარს „სიყვარული ყველას უნდა“. ყოველთვის ვუყურებ, როცა ტელევიზორში გადის. ძალიან მიყვარდა და კარგ ურთიერთობაში ვიყავი გიორგი შენგელაიასთან. საოცარი იყო კახი კავსაძესთან ერთად თამაში, გივი ბერიკაშვილთან...

ჩვენი სცენის (კახის პერსონაჟი მთვრალი რომ შევარდება სახლში) გადაღებისას, კახიმ დეკორაცია დაშალა. შემოვარდა, ამ სიგრძე ფეხები მიარტყა და გადაიშალა ეს ზერელედ შეწებებული დეკორაცია.

ჭერზე რომ ვეკიდე, ის სცენა გადასაღებად ძალიან რთული იყო. სულ გადატყავებული მქონდა მაჯები. კარგა ხანს ვეკიდე. ხან ვძლებდი, ხან კიბეს მომიდგამდნენ და ჩამომიყვანდნენ. რამდენიმე დუბლი გადავიღეთ. 

საოცრად მახსენდება მთელი ფილმის გადაღება.