"ამ წარმატებას ვუძღვნი ჩემს სამშობლოს" - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად გვანცა ჯობავა აირჩიეს

gvantsa

საერთაშორისო გამავრცელებელთა ასოციაციის წევრი, მწერალი გვანცა ჯობავა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს. ამ სიახლეს გვანცა სოციალური ქსელის მეშვეობით თვითონ გვამცნობს.

გვანცა ჯობავა: ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ! ორიოდ საათის წინ, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის წევრებმა არჩევნების გზით ამავე ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად ამირჩიეს, პირველ ქართველ ვიცე პრეზიდენტად ასოციაციის 125 წელზე მეტი ისტორიის განმავლობაში. არჩევნებში მთელი მსოფლიოდან 114 წევრი ორგანიზაცია მონაწილეობდა. ვიცე პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად 2023 წლის 1 იანვარს ორი წლით დავიკავებ.

ამ წუთებში მიჭირს ემოციების გადმოცემა, მიჭირს გაცნობიერება, თუ რა ხდება ჩემ თავს, ცოტა დაბნეული და აღელვებული ვარ, თუმცა სრულად მაქვს გააზრებული ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩემმა უცხოელმა კოლეგებმა ამ საოცარი მხარდაჭერითა და მათ მიერ გაკეთებული ამგვარი არჩევანით დამაკისრეს.

ვულოცავ ქართულ საგამომცემლო ინდუსტრიას, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე ამ საქმის პროფესიონალად, ეს ჩვენი საერთო წარმატებაა! და ვულოცავ ჩემს ქვეყანას, იმიტომ რომ, ვფიქრობ, მომხდარი მორიგი დასტურია იმის, რომ მიუხედავად ჩვენი დაუსრულებელი ძნელბედობებისა, სამყაროს მაინც ვჭირდებით, სამყარო მაინც გვიღებს კარს და დიდ საქმეებსაც გვანდობს, მთავარია ცოტა ჩვენც გავისარჯოთ და ეს ისედაც ღია კარი შევაღოთ.

 

ჰოდა, მეც ამ წარმატებას ვუძღვნი ჩემს სამშობლოს, ვუძღვნი უკრაინას და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანას, რომლებიც გასული საუკუნის განმავლობაში დიქტატურამ ლამის სრულად გაგვაქრო მსოფლიო რუკიდან და გასული საუკუნის მიწურულიდან დღემდე დაუღალავი ბრძოლა გვიწევს იმისთვის, რომ ჩვენი არსებობა დავამტკიცოთ, რომ ჩვენს დამოუკიდებელ არსებობას პატივი სცეს ჩვენმა დაუნდობელმა მეზობელმა - რუსეთმა.

ბუნებრივია, პირობას ვდებ, რომ ვიქნები ყველას ვიცე პრეზიდენტი ამ კონტინენტიდან იმ კონტინენტამდე და ჩვენი ასოციაციის თითოეული წევრისთვის თანაბარი ძალებით, თანაბარი ძალისხმევით, თანაბარი მონდომებით ვიშრომებ. წინ გამოწვევებით სავსე ორი წელია, რომელსაც ასოციაციის სრულიად ახალი პრეზიდენტის, ბრაზილიელი გამომცემლის კარინე პანზას გვერდით გავატარებ, აქვე ვულოცავ მსოფლიო საგამომცემლო ინდუსტრიას ახალ, არაჩვეულებრივ მესამე ქალ პრეზიდენტს, რომელიც ამ სტატუსს ოფიციალურად ასევე 1 იანვარს მიიღებს.

დასასრულ კი, მადლობა მამას, სადაც არ უნდა იყოს ახლა, იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა, რათა წლების შემდეგ მისი შვილები თავისუფალი მსოფლიოს თავისუფალი წევრები გამხდარიყვნენ. სწორედ დღეს მინდა ვუთხრა, რომ მას ეს გამოუვიდა!